გურულების ფანტაზიის ნაყოფი - ფეიხოას ჯანჯუხა - კვირის პალიტრა

გურულების ფანტაზიის ნაყოფი - ფეიხოას ჯანჯუხა

"გარდა ფეიხოასი, თათარის დამზადება ყველა სეზონური ხილისგან შეიძლება. დარწმუნებული ვარ, უგემრიელესი გამოვა ატმისგან, ბალისა და სხვა ხილისგან. მომავალ წელს ბევრ ექსპერიმენტს ვგეგმავ"

საქართველოში გავრცელებული ტკბილეულიდან ჩურჩხელა ყველაზე საყვარელი ნუგბარია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე უცხოელებისათვის. ქართველმა დიასახლისებმაც ფანტაზიას მოუხმეს და ბამბის ძაფზე ასხმული თხილი და კაკალი გააფერადეს, დააწვრილეს და დახლებზე შემოდგომის ფერებად ჩამოამწკრივეს.

დღეს ქართველები ხუმრობით ჩურჩხელას ზოგჯერ ქართულ სნიკერსსაც ეძახიან.

ერთხელ ჩემმა მეუღლემ თავის უცხოელ კოლეგას ჩურჩხელა გაუგზავნა. შორეულ ავსტრიაში ადრესატი ძაფმა დააბნია, ხელნაკეთი სანთელი ეგონა და რომანტიკულ ვახშამზე დაანთო. ბუნებრივია, ვახშამი ჩაიშალა. "სანთლის" გაშვებულმა შავი კვამლის ამბავმა საქართველომდეც ჩამოაღწია... ბაზრებსა და მარკეტებში დახლებზე ჩამოკიდებული ფერადი ჩურჩხელები სხვადასხვა ხილის წვენით მიიღება: კივი, ვაშლი, მსხალი, ატამი, გარგარი და, რა თქმა უნდა, ყურძენი. გურიაში კი ერთმა ქალბატონმა ექსპერიმენტი ჩაატარა, ჩურჩხელის დასამზადებლად გურული ფეიხოა გამოიყენა. ნიგვზისა და ამ ხილის განუმეორებელი არომატების შერწყმაზე იდეის ავტორი გვიამბობს, რომელმაც ჩურჩხელის ნაირსახეობა შვილიშვილებს მოუმზადა. ამ კულინარიულ საიდუმლოს ნარგიზ კილაძე თავად გვიმხელს:

- ფეიხოა მოვხარშე და რბილობით ტყლაპი მოვამზადე. დამრჩა წვენი, რომელიც რქაწითლის ბადაგს წააგავდა. ვიფიქრე, ხომ არ ვცადო თათარის მომზადება-მეთქი. მართლაც მოვადუღე. იქიდან გამომდინარე, რომ ფეიხოას სპეციფიკური მომჟავო-მოტკბო გემო აქვს, მეტი სიტკბოსთვის შაქარი დავუმატე. დუღილის დროს თათარასავით შესქელდა. ნიგვზის ასხმები ამოვავლე ფეიხოას თათარაში და საოცარი ჩურჩხელაც ამოვიდა, პიკანტური გემოთი. ვიზუალურად თითქოს არ განსხვავდება ყურძნის წვენისგან დამზადებული ჩურჩხელისგან, თუმცა ისეთი გემო აქვს, გასინჯული არ გექნებათ. ექსპერიმენტმა გაამართლა, საუკეთესო, უგემრიელესი ჩურჩხელა გამოვიდა ფეიხოას წვენისგან. 69 წლის ქალი ვარ და არასდროს მსმენია, ვინმეს დაემზადებინოს. არც ფეიხოასგან დამზადებულ ტყლაპზეც მსმენია რამე.

ხშირად გვინახავს სხვადასხვა ფერის ჩურჩხელა, რომელზეც ამბობენ, კივის არის, ფორთოხლის და მანდარინისო, მაგრამ ასეთი კვასკვასა ფერები, მართლაც რომ ხილისგან იყოს დამზადებული, მაინც არ გამოვა. ამბობენ, ნამცხვრის კრემის საღებავებს ურევენ, ესენციებით აჯერებენ და ასე გამოჰყავთ ეგ ფერებიო.

ჩემი გავლებული ჩურჩხელები ახლა შრება. გარდა ფეიხოასი, თათარის დამზადება ყველა სეზონური ხილისგან შეიძლება. დარწმუნებული ვარ, უგემრიელესი გამოვა ატმისგან, ბალისა და სხვა ხილისგან. მომავალ წელს ბევრ ექსპერიმენტს ვგეგმავ.

- ხომ არ აპირებთ საქმისთვის ბიზნესის სახის მიცემას? - არ არის გამორიცხული. ახლა ნიგვზის ჩურჩხელები დავამზადე, წლეულს ფაროსანას რაოდენობამ იკლო, გაისად იქნებ თხილსაც ვეღირსოთ და თხილის ჯანჯუხაც გავაკეთოთ - ორი წელია აღარ გამიკეთებია. მოგეხსენებათ, ჯანჯუხა ყურძნის წვენით, სიმინდის ფქვილითა და თხილით მზადდება, მე კი კახური პურის ფქვილი და ნიგოზი ვიხმარე. ფეიხოას წვენისგან დამზადებული ტკბილეული სადღაც ჯანჯუხასა და ჩურჩხელას შორის არის. სახელი ჯერ არ მომიფიქრებია. ჩემს ბავშვობაში მახსოვს, დედა და ბებია სოფელ მამათში წიფლის ნაყოფს, რომელსაც წიწიბოს ვეძახდით, ხალავდნენ, მერე ასხამდნენ ძაფზე და თათარაში ავლებდნენ, უგემრიელესი იყო. მინდა მივიწყებული რეცეპტები აღვადგინო და მრავალფეროვანი გავხადო ქართული ნუგბარი.