ზაანური თიკნიდან მესამე თაობის თხებამდე - კვირის პალიტრა

ზაანური თიკნიდან მესამე თაობის თხებამდე

"საკმაოდ რთული გარემო გვაქვს, ბევრს უჭირს, მაგრამ მგონია, რომ ამ გაჭირვებიდან გამოსვლას ყველაზე მეტად ხალხის ხელებჩამოშვებულობა ართულებს - ვინც ხელის განძრევას შეძლებს, მას ცხოვრების სახსარიც აუცილებლად ექნება", - კასპელი ფერმერი ირმა გოგობერიძე თავის ამ სიტყვებს, ალბათ, ყველაზე მეტად თავისივე ცხოვრებით ადასტურებს: უქმად ყოფნა არასოდეს შეეძლო და ეძებდა საქმეს, რომელიც შემოსავალს მისცემდა და თან არც სხვაზე იქნებოდა დამოკიდებული. საბოლოოდ, ისეთ პერსპექტიულ საქმეს მიჰყო ხელი, როგორიც თხების მოშენებაა. ამბობს, ეს საქმე იმდენად მომწონს, არც კი ვიცი, ეს თუ არა, სხვა რა უნდა მეკეთებინაო. იზრდება მისი პროდუქციის პოპულარობაც.

ირმა გოგობერიძე: - რასაც დღეს ვაკეთებ, ის საქმეა, ბავშვობაშივე რომ ვაკეთებდი. თუ შრომა პატარებს არ შევაყვარეთ, ვერც მომავალში ვიქნებით კარგად. მე ცხოველების მოვლაში ბაბუას ბავშვობიდანვე ვეხმარებოდი. მერე ზოოვეტერინარიული განათლება მივიღე და ბოლო წლებში აგრარული უნივერსიტეტი დავამთავრე. პირუტყვის სელექცია მაინტერესებდა და თავადაც მყავს მსხვილფეხა პირუტყვი. მერე გადავხედე და მივხვდი, რომ თხების მოშენება პერსპექტიული საქმე იქნებოდა. თავდაპირველად, სამეგრელოში წავედი და ცნობილი მეგრული თხები ჩამოვიყვანე, რომ ადგილობრივ თხებთან შემეჯვარებინა. რომ მინდოდა, ისეთი შედეგი ვერ მივიღე, მაღალ წველადობას ვერ მივაღწიე, რაც, ცხადია, ჩვენი, ადგილობრივი თხის დაკნინების ბრალია. საქმე ის არის, რომ ნათესაურმა შეჯვარებამ ჯიშები დააკნინა. მოკლედ, შესაჯვარებლად ზაანური თხის ჩამოყვანა იყო საჭირო უცხოეთიდან, რაც ადვილი არ გახლდათ. თუმცა, როცა რამე გულით გწადია, ყოველთვის აისრულებ - ვერასოდეს დავივიწყებ ერთ-ერთი ფერმერის სიკეთეს, რომელმაც ზაანური თიკანი მაჩუქა. მითხრა, ვიცი, როგორ წვალობ და ისიც ვიცი, რომ ამ თიკანს მოუვლიო. მართლაც ბავშვივით მოვუარე, რამდენიმე თვეს დილა-საღამოს თითო ლიტრ რძეს ვასმევდი. ბოლოს, შარაზე რომ გავუშვი, მეზობელმა მითხრა, შვილო, როგორ განსხვავდება ჩვენებური თხებისგან, რა ამაყად დადისო. საკუთარი თვალითაც რომ არ მენახა, ვერც დავიჯერებდი, რომ თხის ჯიშები ასე განსხვავდება, ზაანურმა თხამ მიჩვევაც კი სხვანაირი იცის. ასე მივიღე ზაანურ ჯიშთან შეჯვარებით უკვე მესამე თაობაში საუკეთესო თვისებების თხები, რომელთაც მაღალი წველადობა და რაც მთავარია, ჩვენს გარემოსთან შემგუებლობის უნარი აქვთ. დღეს 24 თიკანი მყავს.

- ზაანური თხები წელიწადში წველადობით საშუალოდ 700 ლიტრამდე ადიან. - დიახ, კარგი კვებით. ჩემს ოჯახს სოფელ ახალქალაქში რამდენიმე ჰექტარი მიწა აქვს, სადაც თხებისთვის იონჯას ვთესავთ. მათ სხვა საკვებსაც ვუმატებთ და რაც მთავარია, მთებშიც აგვყავს. იმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, რძის წარმოებისას ჰიგიენა რომ უნდა დაიცვა. ამის გამო თხების მოწველას ვერავის ვანდობ. თავად ვწველი და ყველიც თავადვე ამომყავს. ღვინოშიც თავად ვაძველებ.

- ღვინოშიც აძველებთ? - რასაკვირველია. აგრონომიული განათლება ამაში ძალიან დამეხმარა. ყველი გაუყიდავი არასოდეს მრჩება, არადა, კილოგრამი 40-50 ლარი ღირს.

- რას ამბობთ, ცნობილი გუდის ყველის ფასიც კი 25 ლარს არ აღემატება! - თხის ყველის ესოდენი პოპულარობის მიზეზი ძველთაგანვე ცნობილია. ის იმდენად უცხიმოა და ისეთი შემადგენლობის არის, რომ არცთუ დიდი ხნის წინ თხის რძით ზრდიდნენ იმ ბავშვებს, ვის დედებსაც რამე მიზეზით რძე არ ჰქონდათ. სხვათა შორის, ჩემი თხების რძით კასპშიც გაიზარდა რამდენიმე ბავშვი.

ტურისტები თხის ყველის დიდი მუშტრები არიან, ღვინოში დაძველებული ყველიც ძალიან მოსწონთ. მე ყველა ფესტივალში ვმონაწილეობ. ზოგჯერ 400 კილოგრამამდე ყველიც გამიყიდია.

ხშირად ვფიქრობ, ასეთი საინტერესო საქმისთვის რომ არ მომეკიდა ხელი, ნეტავ რა უნდა მექნა-მეთქი. ისიც მახარებს, რომ ამ საქმით შვილები დავაინტერესე. უმცროსი ვაჟი მომავალი ექიმია, მაგრამ ვერ ისვენებს, სულ უნდა, რომ დამეხმაროს.