მდინარეს კალმახი აცოცხლებს
მდინარეს კალმახი აცოცხლებს
"სამი ტბორი და რვა აუზი გვაქვს, სადაც კალმახების მოსაშენებლად მწარმოებელ სადედე კალმახებს ვზრდით"

მესამე წელიწადია, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კვერეთში წითელ ნუსხაში შეტანილ ქართული ნაკადულის, იგივე მთის მდინარეების კალმახს ამრავლებენ. პროექტი ეროვნული საშენი მეურნეობის ფარგლებში ხორციელდება და გადაშენების პირას მისული ნაკადულის კალმახის გადარჩენას ისახავს მიზნად. აქ, სოფელ კვერეთში, მთის ორი პატარა მდინარის - სკინტავისა და ჩიხურის სათავეებთან მოწყობილ წყალსაცავებში ჯერ კალმახს აშენებენ, ზრდიან, მერე კი მდინარეებში უშვებენ. ასეთი სანაშენე ამიერკავკასიაში პირველია,
თუმცა, როგორც სანაშენის მენეჯერი შოთა ჯოხაძე ამბობს, უცხოეთში ნაკადულის კალმახის ბალანსის აღდგენა უკვე აპრობირებული მეთოდია.

შოთა ჯოხაძე: - დიდი ხანია, ჩვენი კალმახი წითელ ნუსხაშია შეტანილი, მაგრამ როცა მისი ხელოვნურად გამრავლების საკითხს წამოვჭრიდი, მუდამ მეღობებოდა არგუმენტი: როცა ჩვენი ფაუნის სხვა სახეობები გადაშენების პირას მივიდნენ, მდინარეებში კალმახი
ჯერ ისევ იყო. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მაინც გადაშენების პირას იდგა. ამას ისიც ადასტურებდა, რომ ჩვენი კალმახის საშუალო ზომა 12-16 სმ-ს არ აღემატება, ათეული წლების წინ კი ჩვენთანაც იმ ზომისა იყო, როგორიც სხვა ქვეყნებშია - 40-60 სმ. ასეთი დაკნინება რამდენიმე გარემოების გამო მოხდა, თუმცა, მთავარი ის არის, რომ მან დიდ ბუნებრივ წყალსატევებსა და ზღვებში გასვლის შესაძლებლობა დაკარგა, რაც მდინარეების კალაპოტის შეცვლამ და ჰესების მშენებლობამ გამოიწვია. კალმახის გამრავლებისა და ზრდის პირობა სწორედ ეს გზაა - შემოდგომის დასასრულს ზღვებიდან ნაკადულებში ამოდის და ნოემბერ-დეკემბერში ქვირითობს, შემდეგ კი ზღვებში ბრუნდება. ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს. გამოსავალი მრავალმა ქვეყანამ სწორედ ნაკადულის კალმახის ხელოვნური მოშენებით იპოვა. მათ ხელოვნურ ტბორებში აშენებენ და მერე ლიფსიტებს ისევ ნაკადულებში უშვებენ.

თავდაპირველად საქმის დაწყება მეგობრებთან ერთად ვცადე, შესაფერისი ადგილი კი სოფელ კვერეთში ვნახე. აქ ორი პატარა მთის მდინარის - სკინტავისა და ჩიხურის შესართავია. აქედან ხელოვნურ ტბორში ნაკადულის წყლის შეშვება შეიძლებოდა - უამისოდ ნაკადულის კალმახი ვერ გამრავლდებოდა. ეს ტერიტორია საიმედოდაც იყო დაცული და კალმახიც ბინადრობდა. მოკლედ, ნაკადულებიდან ამოყვანილი ექვსი კალმახით დავიწყეთ... ამ საქმეში ერთი გულმხურვალე საჩხერელის, გოჩა ბახტურიძის დამსახურებაც დიდია. თან გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, გიგლა აგულაშვილს წერილი მივწერეთ - ნაკადულის კალმახის განაშენიანების პროექტის საჭიროებას ვუსაბუთებდით. ძალიან გამიკვირდა, როცა მიპასუხა - დავინტერესდებიო. ეროვნული საშენი მეურნეობა, რომელიც წითელი ნუსხის სახეობის ნერგების გამოყვანა-გამრავლებით იყო დაკავებული, ასევე, კოლხურ ხოხობს, კაკაბს, ხონთქრის ქათამსა და სხვა სახეობებს ამრავლებდა, 2016 წელს კვერეთში ნაკადულის კალმახის მოშენებით დაინტერესდა. ამ საქმეს რეზო ბეჟაშვილი და გიორგი მეტრეველი ხელმძღვანელობდნენ.

- ეს მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია, ქართული კალმახი უნიკალური ენდემია...
- საქართველოში კალმახის სამი სახეობაა: აღმოსავლეთის, დასავლეთის და თერგის აუზის პოპულაციები. ვიზუალურად ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ დნმ-ით განსხვავდება. პროექტის დაწყებამდე მისი თვისებები შევისწავლე. ნაკადულის კალმახის მოშენებისას ისიც კი დაუშვებელია, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კალმახი შეერიოს ერთმანეთს. მოკლედ, 2016 წელს ჩვენს სანაშენეში დაახლოებით 15 000 ქვირითი მივიღეთ, 2017 წელს კი - 30 000. ეს ქვირითი ინკუბატორში გადავიტანეთ, საიდანაც ნაკადულის კალმახის ლიფსიტებმა ორ თვეში დაიწყეს გამოჩეკა. კალმახი 60-დან 100 დღეში იჩეკება. ეს წყლის ტემპერატურაზეა დამოკიდებული.

- ლიფსიტებს ხელოვნურ ტბორებში არ უჭირთ?
- ტბორებში, როგორც გითხარით, ნაკადულის წყლებიც გვაქვს შეშვებული დაDA ლიფსიტები გაშვებისთანავე ამ წყლებით იკვებებიან, მერე კი ხელოვნურ საკვებსაც ვუმატებთ. ასე ვახერხებთ, რომ კარგად იკვებონ და ჯანსაღებიც იყვნენ.

- ქვირითს როგორ მოიპოვებთ?
- ქვირითობის დრო ნოემბერ-დეკემბერია. ამ დროს ჩვენ მდედრ კალმახს ვიჭერთ, მუცელზე ოდნავ ვეხებით და ქვირითიც გამოიყოფა. შემდეგ ამ ქვირითს მამრი კალმახის რძემჟავას ვურევთ, რის შემდეგაც ის ნაყოფიერდება. ლიფსიტებს ჯერ პატარა ტბორში ვუშვებთ, მერე მოზრდილ აუზში გადაგვყავს. ამჟამად სამი ტბორი და რვა აუზი გვაქვს, სადაც კალმახების მოსაშენებლად მწარმოებელ სადედე კალმახებს ვზრდით. რაც მთავარია, იმისთვის, რომ ჩვენმა მოშენებულმა კალმახმა იცოცხლოს და გამრავლდეს, კანონში ჩამატებულია დებულებაც - თუკი მეთევზემ ნაკადულის კალმახი დაიჭირა, ის აუცილებლად ნაკადულშივე უნდა ჩაუშვას. სხვაგვარი საქციელი კანონით ისჯება. ერთი მნიშვნელოვანი ამბავიც: ჩვენს პროექტს ერთვის საქართველოში სპორტული მეთევზეობის განვითარების თემაც. სპორტის ამ სახეობაში ადამიანები დაჭერილი თევზის რაოდენობითა და ზომით ეჯიბრებიან ერთმანეთს, მერე კი უკანვე უშვებენ. აზარტული საქმეა და აუცილებლად წაადგება ტურიზმის განვითარებას - ჩვენ ხომ საამისოდ უამრავი უნიკალური ადგილი გვაქვს, თანაც რამდენიმე წელია, უცხოელმა მეთევზეებმა დაიწყეს საქართველოში ჩამოსვლა.

- ალბათ, ლიფსიტების მდინარეში გაშვება ძალიან სასიამოვნო პროცესია.
- ძალიან. როგორც კი ლიფსიტებს ნაკადულში ჩავუშვებთ, მაშინვე მიცურავენ და "იკარგებიან". შედეგებს, ალბათ, ორი წლის შემდეგ ვნახავთ. კალმახები ხშირად წყლიდან მწერების დასაჭერადაც ხტებიან, თუმცა გამოცდილი მეთევზე ამის გარეშეც ადვილად შენიშნავს მდინარის სხვადასხვა ადგილას ბინადარ კალმახებს. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენს მდინარეებში ბევრი ასეთი ადგილი გვექნება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა