როგორ იქცა "პალიტრანიუსის" პროდიუსერი მეურნედ - კვირის პალიტრა

როგორ იქცა "პალიტრანიუსის" პროდიუსერი მეურნედ

"ჩემში მიწის "არქაულმა" სიყვარულმა გაიღვიძა და მივხვდი, რომ რაც უნდა პარკეტზე გაიზარდო, მიწასთან მაინც მიხვალ"

პროფესიით კინო-ტელეპროდიუსერია, ყოფილა არაერთი ტელევიზიის გენერალური პროდიუსერი, ასევე - კინოპროდიუსერი, დოკუმენტური ფილმის ავტორიც, მის ფილმებს ფესტივალებზეც გაუმარჯვია, საპროდიუსერო სტუდიაც აქვს, რომელსაც ხელმძღვანელობს, ამჟამად კი მაკა ლომიძე "პალიტრანიუსის" გენერალური პროდიუსერია.

"ეს საქმე, მგონი, ქრომოსომებში მაქვს და სანამ დავიბადებოდი, მაშინაც კი მიყვარდა. თუ არ გიყვარს, სიგიჟეა ამის კეთება. ათჯერ რომ დავიბადო, ათჯერვე ამ პროფესიას ავირჩევ და მადლობას ვიტყვი ამისთვის. დიახ, არჩევისას ნამდვილად არ შევმცდარვარ", - გვეუბნება მაკა, თუმცა ახლა არა საყვარელ საქმეზე, არამედ გატაცებაზე გვესაუბრება, მიწასთან შრომასა და ოთხფეხებზე ზრუნვაზე, რაც მას და მისი ოჯახის წევრებს - დედას, დასა და შვილს უყვართ და სიამოვნებას ანიჭებთ.

მაკა ლომიძე: - მე და ჩემი და პატარები რომ ვიყავით და მშობლებთან ერთად ქალაქგარეთ ბუნებაში გავდიოდით, იმ დროიდან სულ მახსენდება დედაჩემის სიტყვები - არქაულ მეხსიერებაში ადამიანს ცეცხლისა და მიწის სიყვარული მუდამ ჰქონდაო. ჩანს, ეს ჩვენს გონებაში დაილექა და რამდენიმე წლის წინ ჩემმა დამ, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორია, მისაქციელში მიწის ნაკვეთი იყიდა და სახლი ააშენა, არადა, თბილისში ვართ დაბადებულ-გაზრდილი. მოკლედ, პირველად ჩემს დაში გაიღვიძა "არქაულმა სიყვარულმა" და ერთხელაც მითხრა, ეკოლოგიურად სუფთა ყველი უნდა ამოვიყვანოო. ცოტა დავეჭვდი, მაგრამ მერე გვერდით დავუდექი, ერთად დავინტერესდით ტექნოლოგიით, რეცეპტიც ვიშოვეთ, და "ბებიის კვეთით" ამოყვანილი ძველი ყველი დავარქვით. მას დავარგებულ ყველს ეძახიან. სინამდვილეში კარგად გამომშრალი ყველია. რეცეპტის შემდეგ უცხოეთიდან სპეციალური საპრესი აპარატები გამოვიწერეთ, ქვაბები დავამზადებინეთ, რძე მოვიმარაგეთ. ზუსტად ვიცავდით ტემპერატურას, დროს. უცნაურია, მაგრამ ყველი პირველივე ცდით გამოგვივიდა.

შვიდი თვის შემდეგ, როცა დავარგდა, ნათესავებისთვის მისაქციელში წვეულება გავმართეთ და ჩვენი ნახელავი გავასინჯეთ. მოწონება დაიმსახურა, რამაც ბიძგი მოგვცა, ეს საქმე გაგვეგრძელებინა.

- ტემპერატურის კონტროლთან ერთად, იმ შვიდი თვის განმავლობაში ყველს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. - დიახ, და ხან მე და ხან თამუნა მივდიოდით ყველის გასაწმენდად თბილისიდან მისაქციელში. ძმრიანი ნაჭრით ვწმენდდით, თან გადატრიალება უნდოდა, ჰაერი უნდა მოხვედროდა. სარდაფში გვეწყო, ხის თაროებზე.

პირველი ცდის მერე ყველს ყოველ წელს ვაკეთებთ და გვინდა, რაღაცით გავაახლოთ. ერთი თავის დასამზადებლად 20 ლიტრი რძეა საჭირო. ამის გამოც და კიდევ ბევრი მიზეზით ასეთი დაპრესილი ყველი ძალიან ძვირი (50-70 ლარი) ღირს. არ გამოვრიცხავთ, სამომავლოდ ამ საქმის მასშტაბი გავზარდოთ, მით უფრო, რომ ერთმა ჰოლანდიელმა ფერმერმა ძალიან მოგვიწონა ყველი. მას დედამ, ყველთან ერთად, თავისი დაყენებული ალადასტურიც გაასინჯა (რაც მამა გარდაიცვალა, დედამ ტრადიცია განაგრძო და ყურძენს თვითონ წურავს). მოკლედ, ჩვენს ყველს შვეიცარიული ყველის გემო აქვს... შემდეგ თამუნამ დააობა კიდეც... მაგრამ მთავარი ის არის, რომ რასაც ვაკეთებთ, ჩვენი ინტუიციითა და გემოვნებით ვაკეთებთ.

ამასობაში მისაქციელში, ჩემი დის მეზობლად, ნაკვეთი მეც ვიყიდე და სახლი ავაშენე. შემდეგ დედას მონდომებით ბოსტანსაც მივხედეთ. სახლის მშენებლობასთან ერთად, ბოსტნეულის მოყვანაც დავიწყე. დავრგე ჩითილები - პომიდვრის, ბადრიჯნის, ცხარე და ბულგარული წიწაკის და მოსავალიც ავიღე. მაქვს ასევე ბატიბუტის სიმინდი, გოგრა. შედეგებით უკმაყოფილო არ ვართ. ის კი არა, პომიდორი იმ წელს დავრგე, როცა სახლისთვის გალავანს ვაშენებდით და ხელოსნებს ვეხვეწებოდი, მუშაობისას შემთხვევით არ გაეფუჭებინათ ნარგავები, რომლებისთვისაც ბამბუკის სარები საგანგებოდ დასავლეთიდან ჩამოვიტანე.

- დატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე როგორ ახერხებ ამ ყველაფერს? - მისაქციელში ყოველ მეორე დღეს ჩავდივარ, მით უფრო, რომ იქ ორი კატა მყავს, რომლებიც თავშესაფრიდან წამოვიყვანე და მათ ყურადღება სჭირდებათ.

დედაც ბევრ საქმეს აკეთებს. ეზოში გვაქვს ყვავილები - ჰოლანდიური ქრიზანთემები. დაბადების დღეზე ქოთნის თეთრი ვარდები მაჩუქეს. დედამ მისი დაკალმება მოინდომა, გამოუვიდა, მერე ღია გრუნტში გადარგო და ეზოში ახლა სწორედ ის თეთრი ვარდი იწონებს თავს.

დედას ძალიან კარგი ხელი აქვს, მისი დარგული და მოვლილი ყველა მცენარე კარგად ხარობს. მაქვს ევონიმუსები, ნეკერჩხალი. ამბობენ, ეს ნეკერჩხლის ხე ჭიშკრიდან ხელმარცხნივ უნდა დაირგოს კეთილდღეობის ნიშნადო. ჩემი ნეკერჩხალი ქამელეონივით არის, ფერს იცვლის...

- ეს ყველაფერი არ გღლის? - სინამდვილეში, ეს არის ჩემთვის ცხოვრება, თავისუფლება. ეს არის ყველაფერი. დაღლით კი, ისე ცოტა ხანს გამომდის იქ ყოფნა, რომ არ ვიღლები.

- თბილისშიც გაქვს უამრავი ქოთნის მცენარე, ერთგვარი მიკროსამყაროა შექმნილი. - ქოთნის მცენარე მართლაც ბევრი გვაქვს და ამ საქმეშიც დიდი წილი დედაზე მოდის - მან დაიწყო ეს ყველაფერი. რაც გინდა, მიუტანე, გაახარებს.

- ვიცი, რომ ცხოველებსაც დიდ ყურადღებას აქცევ... - ლაბრადორი მყავს და მერიდება, მას ძაღლი ვუწოდო. გერცოგი, იგივე გეგო, 11 წელიწადი ხდება, ჩვენთან არის. აკადემიკოსს ვეძახით. გვყავს ოთხი კატა. მათგან ორი, როგორც გითხარით, თავშესაფრიდან წამოყვანილია. გოგო რომ ავიყვანე, ბიჭი გამოიქცა, მომეკრა და ვეღარ დავტოვე. ცოტა ხანში ჩემმა მეგობარმა იპოვა კნუტი და მოგვიყვანა, მეოთხე კი თვითონ მოვიდა. ფეხმძიმეა და როგორ გავაგდებ?! ცუდად არ გამიგოთ და, ზოგჯერ ცხოველებთან ურთიერთობა ადამიანებთან ურთიერთობას მირჩევნია.

მათ არ აინტერესებთ, მდიდარი ხარ თუ ღარიბი, წარმატებული თუ წარუმატებელი, რა მანქანა გაქვს, საზოგადოებაში რომელ საფეხურზე დგახარ. აინტერესებთ, როგორ ხასიათზე ხარ და აკეთებენ ყველაფერს, რომ კარგ გუნებაზე იყო. ცუდ ხასიათზე რომ ვარ, გეგო მოდის, მეხუტება. ყოველ დილას სასეირნოდ იპოდრომზე მივდივართ. ეს რიტუალი უცვლელია.

- საკუთარი გამოცდილებით რის რჩევა შეგიძლია ადამიანებისთვის? - მიწა და ბუნება თვითონ გკარნახობს, რა და როგორ გააკეთო, მაგრამ სანამ ბუნება იგრძნობს, ჯერ თვითონ უნდა სცადო. როგორც ჟურნალისტიკა არის სფერო, სადაც ადამიანი თავს თუ ვერ დაიმკვიდრებს, პროფესიიდან მიდის, ასევეა ესეც, მაგრამ მაინც უნდა სცადო. გულიანი შრომის შედეგს მიწა აუცილებლად იძლევა. ჩემში მიწის "არქაულმა" სიყვარულმა გაიღვიძა და მივხვდი, რომ რაც უნდა პარკეტზე გაიზარდო, მიწასთან მაინც მიხვალ. ვფიქრობ, ცოტა ხანში ვიქნები მისაქციელში, ვიქნები კარგი ბებია, მექნება ყველი, პომიდორი, სიმინდი, გოგრა და თავს უბედნიერეს ადამიანად ვიგრძნობ.