"ჩინელებსაც კი მოსწონთ ჩვენი ჩაი და გატანა უნდათ, მაგრამ პროდუქცია ცოტაა"
"ჩინელებსაც კი მოსწონთ ჩვენი ჩაი და გატანა უნდათ, მაგრამ პროდუქცია ცოტაა"
"ჩვენებურ ქალებს გულწრფელად უხარიათ, რომ ჩაის არა თურქეთში, არამედ საკუთარ სახლთან ახლოს კრეფენ. შრომა და შემოსავლის მიღება ჩვენს მიწაზეც შეიძლება, ოღონდაც შრომა არ უნდა გეზარებოდეს"

გურიაში ჩაის აღორძინებაზე, დიდი ხანია, ლაპარაკობენ, თხილის ბიზნესის შეფერხებამ კი ეს თემა უფრო აქტუალური გახადა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩაი ნაკლებ შრომას­ მოითხოვს. ჩაის წარმოების აღორძინებას დიდი თანხა სჭირდება და მცირე შეღავათად, შესაძლოა, საბჭოთა დროიდან შემორჩენილი თითზე ჩამოსათვლელი მიკროფაბრიკები ჩაითვალოს, რომელთაც სიახლეების დანერგვის გარეშე­ წინსვლის
პერსპექტივა არ აქვს, თუმცა იმედისმომცემია ჩაის წარმოებით ახალგაზრდა­ მეწარმეების დაინტერესება.

ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში თანამედროვე მიკროფაბრიკა დაამონტაჟა 26 წლის ლანა ჟღენტმა, რომელიც პროფესიით მხატვარია.

ლანა ჟღენტი: - სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ კინომხატვრად ვმუშაობდი და ფილმების სცენარებსაც ვწერდი. მერე მაღალხელფასიანი სამსახურიც მქონდა, საბუღალტრო კურსიც გავიარე... სოფელში
დაბრუნებასა და ჩაის წარმოებაზე არც ვფიქრობდი. ამაზე ფიქრი რაღაცნაირად­ ნელ-ნელა მოვიდა. ჩაის პლანტაციების განადგუ­რების შემდეგ მამაჩემმა ერთჰექტარიანი პლანტაციის შენარჩუნება და ძველი დანადგარებით ჩაის მიკროფაბრიკის აწყობა მოახერხა. აქ ჩაის გამოშრობასა და რეალიზაციაზე ჩემი მშობლები ერთად შრომობდნენ და ბავშვებიც­ ვეხმარებოდით. ჩაის აქაურები ყიდულობდნენ. სტუდენტი რომ ვიყავი, მამაჩემი სამკურნალ­ოდ საფრანგეთში წავიდა. ერთი წლის შემდეგ დედაჩემი და ჩემი ძმაც წაიყვანა. ასე დარჩა­ სოფელში მხოლოდ ბებია და უპატრონო ჩაის პლანტაცია, რომელიც დღითი დღე ნადგურდებოდა. ამასობაში საფრანგეთში მეც ვიყავი, სადაც ისეთი მოვლილი ჩაის პლანტაციები ვნახე, გული დამწყდა. არ მესმის, სხვაზე ნაკლები რითი ვართ, ან ჩაი რით გვაქვს სხვაზე ნაკლები, რომ ასე არ მოვუაროთ... მოკლედ, ერთ დღეს მშობლებს ვუთხარი, სოფელში უნდა დავბრუნდე, ჩაის მივხედო-მეთქი...

- რა გითხრეს?
- წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ მაინც დავბრუნდი და აქ უკვე მეზობლებიც გავაკვირვე - ამ ყველაფერს შენ როგორ უნდა მოუაროო?! ჩემი გადაწყვეტილებით მხოლოდ ბებიაჩემი გავახარე. ჩამოვედი თუ არა, მაშინვე ჯერ სახლის სახურავი შევაკეთე, რომელშიც წყალი ჩამოდიოდა, მერე კი ჩაის პლანტაციას მივხედე, რომელიც ლამის კაცის სიმაღლეზე იყო გაზრდილი. ბუჩქები გავსხალი და მიწაც გადავბარე.

- იოლად კი ამბობ, მაგრამ ალბათ,­ ეს არ არის ადვილი საქმე, მით უფრო - გამოუცდელი გოგონასთვის.
- რამდენი ღამე გავათენე უძილოდ ამ მღელვარებაში, აღარც მახსოვს, მაგრამ რომ ვხედავდი, საქმე გამოდიოდა, ეს მშველოდა. მუშახელი დავიქირავე და 1,8 ტონა ჩაი მოვკრიფე. მერე ცოტა დამზადება გამიჭირდა. ბავშვობაში მშობლებს კი ვუყურებდი, ჩაის როგორ ამზადებდნენ, მაგრამ ყურება სხვაა და გაკეთება - სხვა, ამიტომ დედაჩემი უცხოეთიდან­ "სკაიპით" მასწავლიდა ყველა დეტალს. მართალია, მთლად ისეთი არა, როგორიც მინდოდა, მაგრამ მაინც კარგი ჩაი დავამზადე, რომელიც სულ გაიყიდა, ოღონდ - ნელ-ნელა. ამ თანხითა და მცირე დანაზოგით ჩაის ახალი პლანტაციებ­ისთვის ნაკვეთი ვიყიდე და ახლა უკვე 5 ჰექტარი მიწა მაქვს. მერე დავწერე ჩაის აღორძინების პროექტი "აწარმოე საქართველოსთვის" ფარგლებში. თქვენ წარმოიდგინეთ, დამაფინანსეს 15.000 ლარით. ამ ფულით ჩინეთიდან ჩაის თანამედროვე საშრობი აპარატურა გამოვიწერე და უკვე მაღალხარისხიანი ჩაი დავამზადე. მართალია, მე მაინც მგონია, რომ ისეთი არ არის, როგორიც მინდა, მაგრამ ირანელებმა ნახეს, მოიწონეს და ყიდვაც მოინდომეს, ოღონდ რაოდენობა გიშლის ხელს.

- ალბათ, მათ ბევრი ჩაი უნდათ. ეს პრობლემა ჩვენში წარმოებულ სასოფლო პროდუქციას ყველგან აქვს.
- სწორედ ასეა. წარმოიდგინეთ, ჩინელებსაც კი მოსწონთ ჩვენი ჩაი და გატანა უნდათ, მაგრამ პროდუქცია ცოტაა, თანაც - სულ სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული, გატანისას კი პროდუქციის ერთგვაროვნებას მოითხოვენ. ამიტომ მგონია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. ოზურგეთელი მეწარმეები შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ, როგორ დავამზადოთ ერთნაირი ტექნოლოგიის ჩაი.

- მთელი გურია ჩაის სეზონზე თურქეთში მიდის სამუშაოდ და იქნებ ახალმა პროექტებმა გვიშველოს რაიმე.
- მეც ეს მინდა. ჩემი ქვეყანა რომ არ მიყვარდეს, ამ საქმეს არც გავაკეთებდი. წლეულს 1 კგ ჩაის კრეფაში უკვე 1 ლარი გადავუხადე მეჩაიეებს. ჩვენებური ქალები არიან და გულწრფელად უხარიათ, რომ ჩაის არა თურქეთში, არამედ საკუთარ სახლთან ახლოს კრეფენ. შრომა და შემოსავლის მიღება ჩვენს მიწაზეც შეიძლება, ოღონდ შრომა უნდა გიყვარდეს, არ უნდა გეზარებოდეს. მთავარი კი ის არის, ამ შრომით შემოსავალს იღებდე.

ასეთი საქმიანობა მართლაც პერსპექტიულია. ჩვენ მიწა გვაქვს, მიწა კი, თუკი მოუვლი, ულუკმაპუროდ არ დაგტოვებს, მით უფრო - ახლა, როცა უცხოელები დაინტერესებული არიან, ამ მიწაზე მოწეული პროდუქცია იყიდონ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები