ფუტკარი სკას მტრული გარემოსგან დინდგელით იცავს
ფუტკარი სკას მტრული გარემოსგან დინდგელით იცავს
"ფუტკარი სკაში ხვრელებს დინდგელით გმანავს, რათა ის სხვადასხვა მავნებლისგან - თაგვებისა და მწერებისგან დაიცვას. როცა სკაში უცხო არსება შეაღწევს, დინდგელის დახმარებით ფუტკრები მის მუმიფიცირებას ახდენენ"

ფუტკრისგან მიღებულ პროდუქტებს შორის ერთ-ერთი უნიკალური და გამორჩეულია დინდგელი, რომელსაც მკურნალები უხსოვარი დროიდან იყენებენ. მის სამკურნალო თვისებებს ძალიან კარგად იცნობდა სწავლული იბნ სინა (ავიცენა), რომელიც თავის ნაშრომებში დინდგელს "შავი ცვილის" სახელით იხსენიებდა. ეს ნივთიერება უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა: ის არის ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რადგან პათოგენურ მიკროორგანიზმებსაც
ხოცავს და ადამიანის იმუნურ სისტემასაც აძლიერებს. არასასურველ ბაქტერიებსა და ვირუსებზე ზემოქმედების გარდა, დინდგელს ძლიერი ანესთეზიური ეფექტიც აქვს. ამ უნიკალური ნივთიერების ბერძნული სახელი პროპოლისია; იგივე გახლავთ მისი საერთაშორისო სახელწოდებაც.
საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის დამფუძნებელი როლანდ ზირაქიშვილი პროპოლისის ანუ დინდგელის შესახებ გვიამბობს.

- დინდგელს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. ფუტკარი
მას მცენარის კვირტებიდან და ყვავილის მტვრის გარსისგან აგროვებს. ეს უმნიშვნელოვანესი ნივთიერება სკაში საჭირო მიკროკლიმატს ქმნის - ის ანტისეპტიკური და ანტივირუსული გარემოს შესაქმნელად არის საჭირო. სწორედ დინდგელი იცავს სკას მავნე მწერებისა და დაავადებებისგან. ფუტკარი ამ ნივთიერებით გმანავს სკაში არსებულ ხვრელებს, რათა ის სხვადასხვა მავნებლისგან, თაგვებისა და მწერებისგან დაიცვას. როცა სკაში უცხო არსება შეაღწევს, დინდგელის დახმარებით ფუტკრები მის მუმიფიცირებას ახდენენ. ხშირად დინდგელს ფუტკრის წებოსაც უწოდებენ, რადგან ფუტკრები ამ ნივთიერებით, სკის ნაპრალების შევსების გარდა, ფიჭებსაც ამაგრებენ. მოკლედ, დინდგელი ფუტკრებისთვის არა მხოლოდ საშენი მასალა, არამედ ინფექციებისგან დამცავი უებარი საშუალებაც არის.

- როგორია პროპოლისი?
- ეს რბილი, წებოვანი ნივთიერებაა, რომელიც სიცივეში მაგრდება და მსხვრევადია, 64-69 გრადუსამდე გაცხელებისას კი თხევადი ხდება. მას სასიამოვნო სუნი და მომწარო გემო აქვს. დინდგელი შეიძლება იყოს მოწითალო, მოყავისფრო, მორუხო-მომწვანო, მომწვანო-მოყვითალო, მაგრამ უფრო ხშირად ყავისფერი ან მოშავოა.

- დინდგელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იყენებდნენ, როგორც უებარ სამკურნალო საშუალებას. რა თვისებების გამო გახდა ის ასეთი პოპულარული?
- პროპოლისი ოდითგანვე ერთ-ერთი ძირითადი სამკურნალო საშუალება იყო, რის გამოც საქართველოშიც დიდად პატივდებული იყო. იგი ორგანიზმში ანადგურებს მავნე მიკროფლორას და საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. კბილის ტკივილის დროს საკმარისია კბილში დინდგელის პატარა ნაწილი ჩავიდოთ და ტკივილი მაშინვე გაგვივლის. ის უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ამიტომ პროპოლისს სტომატოლოგიაში უხსოვარი დროიდან იყენებდნენ და დღესაც იყენებენ. მისი წყალხსნარები, სპირტხსნარები, მალამოები და ემულსიები უებარია. მსოფლიოს დიდი სამეცნიერო ცენტრები მუშაობენ პროპოლისის უნიკალური თვისებების შესასწავლად. მისგან უამრავი სამკურნალო საშუალება მზადდება. სამკურნალოდ გამოიყენება სუფთა, მაღალი ხარისხის, დანამატებისგან თავისუფალი დინდგელი, რომელიც მხოლოდ ჯანმრთელი ფუტკრის ოჯახებიდან არის შეგროვებული. რაც უფრო ჯანსაღი და ძლიერია ფუტკრის ოჯახი, მით უფრო მეტ დინდგელს აგროვებს.

- საუკეთესო ხარისხის დინდგელს სად ამზადებენ?
- ყველაზე მაღალი ხარისხის დინდგელი მაღალმთიან ზონაში მზადდება, სადაც მოსახლეობა შხამქიმიკატებს თითქმის არ იყენებს, თანაც ეს ადგილები საავტომობილო გზებისგანაც მოშორებულია. ამიტომაც საუკეთესო დინდგელს ალპურ ზონაში ვიღებთ. მჭიდრო დასახლებებში ტერიტორია შეიძლება დაბინძურებული იყოს და მაღალი ხარისხის დინდგელი ვერ მივიღოთ, არადა, სამკურნალოდ სწორედ ასეთი დინდგელია საჭირო, სხვა შემთხვევაში ის მაინცდამაინც ეფექტური არ იქნება. დინდგელის შერჩევისა და გადამუშავების პროცესი რთულია. სკაში სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ხარისხის დინდგელი გროვდება. ჩვენ მას ვცრით, ვფქვავთ და საგულდაგულოდ ვამუშავებთ. მიღებული პროდუქტი სურსათის უსაფრთხოების ნორმებსაც უნდა აკმაყოფილებდეს.

- დინდგელით ბევრ დაავადებას მკურნალობენ.
- მგონი, არ არსებობს დაავადება, რომლის პროფილაქტიკა და მკურნალობა დინდგელით არ შეიძლება. ეს არის ნატურალური, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და მედიცინა დღესაც ფართოდ იყენებს. ის ანადგურებს სოკოს, ტუბერკულოზის, სალმონელოზის, ტიფის გამომწვევ ბაქტერიებს, ვირუსებს და აფერხებს ანთებითი პროცესის განვითარებას. მართალია, დინდგელისგან უამრავ სამკურნალო საშუალებას ამზადებენ, მაგრამ არა - ოჯახურ პირობებში. ეს ძალიან ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა. ვიცით შემთხვევები, როცა ადამიანს ავთვისებიანი სიმსივნის ბოლო სტადია ჰქონია და დინდგელის გამოყენებით სიცოცხლე გაუხანგრძლივებია.

- დინდგელი ყველაზე პოპულარული რა სახით არის?
- ეფექტიანი და გამოცდილი საშუალებაა დინდგელის სპირტხსნარი. ის ასე მზადდება: დამუშავებულ დინდგელს მაცივარში ვინახავთ, 1-2 საათის შემდეგ მცირე ნაწილებად ვფქვავთ და შუშის ჭურჭელში ვათავსებთ. ამის შემდეგ 1 ლიტრ 70%-იან სპირტს უნდა დავუმატოთ 10 გრამი დინდგელი, ხუფი დავახუროთ და შვიდი დღის განმავლობაში დღეში 2-3-ჯერ შევანჯღრიოთ. მიღებული ხსნარი 3-4 ფენა მარლაში უნდა გავფილტროთ და შუშის ჭურჭელში ჰერმეტულად მოვხუფოთ. დინდგელის ხსნარი ბნელ, გრილ ადგილას უნდა შევინახოთ. ტყუილია, რომ ამბობენ, დინდგელი 10 და მეტი წლის განმავლობაში ინახებაო. ინახება, მაგრამ რაც უფრო ძველია, მისი ეფექტი მით უფრო ნაკლებია. დროსთან ერთად დინდგელის ხარისხობრივი მაჩვენებლებიც უარესდება.

- როგორ და რა რაოდენობით იღებენ დინდგელისგან დამზადებულ ხსნარებს?
- გააჩნია, რისთვის ვსვამთ - პროფილაქტიკისთვის თუ სამკურნალოდ. მაგალითად, კუჭის წყლულის დროს სხვა დოზაა საჭირო, ქოლეცისტიტის დროს - სხვა. მოსახლეობას დინდგელის თვითნებურ გამოყენებას არ ვურჩევთ. მართალია, თითოეულ პროდუქტს ანოტაცია ახლავს, მაგრამ მათი მიღება ექიმის ან ფიტოთერაპევტის მეთვალყურეობით ჯობს. ადამიანმა ეს პრეპარატები თვითნებურად არ უნდა მიიღოს თუნდაც იმიტომ, რომ თაფლსა და ფუტკრის პროდუქტებზე ზოგს ალერგია აქვს. ტესტირება და ექიმის რეკომენდაცია მათ მიღებამდე მაინც საჭირო და სასურველია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნატურალური პროდუქტია.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
12-11-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები