"ბედნიერი ვარ, პატრიარქს ჩემი მოქსოვილი ფარდაგი რომ ვაჩუქრე" - კვირის პალიტრა

"ბედნიერი ვარ, პატრიარქს ჩემი მოქსოვილი ფარდაგი რომ ვაჩუქრე"

"ზუსტად ისე, როგორც ჩემი ოჯახის წევრები და ჩვენი წინაპრები ღებავდნენ მატყლს, იმავე მასალითა და ტექნოლოგიით ვღებავ მეც"

77 წლის ლილი მურთაზაშვილი ფერთა ნამდვილი ჯადოქარია, მისი პალიტრა 50-ზე მეტ ფერს ითვლის. თუშურმა მატყლის საღებავებმა დროს გაუძლო. ასწლეულების წინ ეს ცოდნა ქალისთვის სავალდებულო იყო, ახლა კი დაკარგვის პირას მისულ კულტურულ მემკვიდრეობას რამდენიმე ადამიანი უფრთხილდება. ფარდაგები, წინდები და ჩითი თუშეთის სავიზიტო ბარათია. პედაგოგი ლილი მურთაზაშვილი 65 წლის იყო, როცა საგანმანათლებლო დაწესებულების კარი გაიხურა და უძველეს ტრადიციას მიუბრუნდა. ქსოვისას იყენებს თუშურ ორნამენტებს და მატყლს სიჭრელეს მხოლოდ ბუნებრივი საღებავებით სძენს. ის რამდენიმე საერთაშორისო პროექტის გამარჯვებულიც არის, სამწუხაროდ, ამ ცოდნას უცხოელები ქართველებზე მეტად აფასებენ. მანაც იცის მისი ფასი და ამიტომ ალვანელ ახალგაზრდებს უსასყიდლოდ უზიარებს თავის ცოდნას.

- ქვემო ალვანში ვცხოვრობ და ოთხი შვილი მყავს. მეცხვარის ოჯახში ყოველთვის დაკავებული ვიყავით საქონლის მოვლით, მატყლის დამუშავებით. ჩემს ბავშვობაში ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები, ქალის ხელით კეთდებოდა. ჯერ წერა-კითხვაც არ ვიცოდი, როცა ქსოვა ვისწავლე. ბერდედამ მასწავლა თვალის ამოყვანა, ფერების შეხამება, საღებავების მიღება სხვადასხვა მცენარისგან. პირველად კაშნე მოვქსოვე, მერე წინდებისა და ჩითის ქსოვა ვისწავლე. ჩითს ნაქსოვ შეკერილ თუშურ ფეხსაცმელს ვეძახით. მაშინდელი სითბო მენატრება, ადამიანებს შორის რომ იყო, ყველას ერთმანეთი გვიყვარდა, ახლა ერთმანეთს გავუუცხოვდით... დედაჩემი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, ეს საქმე შემესწავლა. სწორედ მისი ხათრით სამჯერ დავამთავრე უმაღლესი. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, ფსიქოლოგი და პედაგოგი გახლავართ. 19 წლის გავთხოვდი, 55 წელიწადს ვიმუშავე ქვემო ალვანის სკოლაში ხელოვნების პედაგოგად. მერე კოლეჯში ბუნებრივი საღებავებით მატყლის შეღებვის ტექნოლოგიას ვასწავლიდი. 2005 წელს დავანებე თავი პედაგოგობას და ამ ხელობას მივყავი ხელი. რამდენიმე პროექტშიც მივიღე მონაწილეობა. ათი წელიწადია, ტრადიციული ხელსაქმე შემოსავლის წყაროდ ვაქციე.

ხშირად ვაგროვებ მცენარეებს, ხანაც ფიქლის ქვას დავეძებ. თუშური წესით 50-მდე ბუნებრივ ფერს ვიღებ, ამის გამო ორჯერ დამაფინანსა მსოფლიო ბანკმა. წლების წინ ერთ სატელევიზიო შოუში ვმონაწილეობდი, იქ ორი ძვირფასი ადამიანი გავიცანი, მათი წყალობით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამიცნეს. ჩემი მოქსოვილი ნივთები უცხოეთში ბევრ ოჯახშია.

არც ახლა და არც ადრე ჩემს ოჯახს, დედას, ბებიებს, მამიდებსა და დეიდებს, ქიმიური საღებავები არ უხმარიათ. ბუნებრივ საღებავებს ბუნებაში მოიპოვებდნენ, ფოთლებით, ფიქლის ქვისგან, ლურჯი თიხით, სხვადასხვა მცენარითა და მათი ფესვებით. ზუსტად ისე, როგორც ჩემი ოჯახის წევრები და ჩვენი წინაპრები ღებავდნენ მატყლს, იმავე მასალითა და ტექნოლოგიით ვღებავ მეც. მატყლი აუცილებლად სპილენძის ან ემალიან ქვაბში უნდა შეიღებოს, ალუმინთან რეაქციაში შედის და იჟანგება. ლაფანი კაკლისებრთა ოჯახის ხეა, როცა მისი ფოთლით ვღებავ მატყლს, 5 ფერი გამომყავს. 10 წუთის ღებვის შემდეგ უფრო ღია, 15 წუთში უფრო მუქი, ნახევარი საათის შემდეგ კი მუქი ყავისფერი მატყლი ამოდის. ღოლოს ძირისგან ღია და მუქ ყვითელ ფერს ვიღებ. ენდროს ვუმატებ, და კარგი წითელი ფერი გამოდის. მერე ამ ფერებით პატარა ნაბდებს, ფარდაგებს, გეტრებს, გამაშებს, მაისურებს, ჯემპრებს, საწელეებსა და მუხლსაკრავებს ვქსოვ. არ ვიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მძივებსა და ა.შ..

- რით განსხვავდება თუშური მატყლისგან მოქსოვილი ფარდაგები და ტანსაცმელი ხევსურულისგან, ფშაურისგან ან სვანურისგან?

- XIX საუკუნის ბოლოს კავკასიაში გერმანელი პროფესორი, ვინმე ეგელი, საგანგებოდ ჩამოვიდა მატყლის შესასწავლად. მისი მონოგრაფიის მიხედვით, "თუშურ მატყლს 40-ზე მეტი დაავადების სამკურნალო თვისება აღმოაჩნდა. თუშეთში თუ იზაფხულებს თუშური ცხვარი, მისი მატყლისგან დამზადებული ტანისამოსი სიმსივნურ წარმონაქმნს პირველ-მეორე სტადიაში კურნავს. თუშეთში გამოზამთრებული თუშური ცხვრის მატყლი სხვანაირადაც იღებება, იგივე ცხვარი თუ კახეთში სხვაგან იზამთრებს, მატყლი საღებავს არ იღებს კარგად. ვფიქრობ, ალპურ მდელოებზე, სადაც თუშური ცხვარი ზაფხულობს, უამრავი სამკურნალო მცენარეა და, ალბათ, ეს მოქმედებს მატყლზე, გუდის ყველსაც სულ სხვანაირი პიკანტური გემო აქვს". თუშური ფარდაგი იმითაც არის გამორჩეული, რომ მჭახე ფერები არა აქვს, მდუმარე, დამჯდარი ფერებია.

მაქვს 100 და 150 წლის წინ მოქსოვილი ფარდაგები და დღესაც ისევე ხასხასებს, როგორც პირველად.

ტრადიციულად, ჩვენებურ ფარდაგზე ჯვრებსა და გეომეტრიულ ფიგურებს გამოსახავდნენ. კანონიკას არ ვარღვევ და მეც ასეთ ფარდაგებს ვქსოვ. ეს მეტად შრომატევადია, ერთ ფარდაგს 3-4 თვეს ვანდომებ.

სამწუხაროდ, დღეს ბევრი მქსოველი ქიმიურ საღებავს იყენებს, მე კი არ მინდა ეს ტრადიცია დაიკარგოს. იყვნენ თუშის ქალები, ბარში ავტომობილიც რომ არ ენახათ და მათი უმრავლესობა, ალბათ, მხატვრობის ნიჭით იყო დაჯილდოებული, სხვაგვარად ფერებს ასე ვერ შეუხამებდნენ. მე იმათთან რას მივალ, ისეთი შემოქმედები ჰყავდა თუშეთს. ბევრჯერ შემომთავაზეს თბილისის მაღაზიებში ჩემი პროდუქციის შეტანა, მაგრამ არ მიღირს. თვითონ მოდიან და ყიდულობენ, შეკვეთებსაც მაძლევენ. სტუდენტი შვილიშვილები მყავს და მახარებს, რომ მათ ჩემზე კარგად იციან მატყლის შეღებვა და ქსოვა.

- ალბათ, ცხვარიც გყავთ... - ჩემი მეუღლე სანამ ცოცხალი იყო, ცხვარი გვყავდა და ჩვენს მატყლს ვიყენებდით. მერე შეძენა დავიწყე.

ალვანში ყველა ქალმა იცის ქსოვა, მაგრამ იოლი ცხოვრების საძებნად საზღვარგარეთ მიიჩქარიან. ამ საქმიანობის პოპულარიზაცია რომ უფრო მეტად ხდებოდეს, ტრადიციაც არ დაიკარგება, მაგრამ თუშური ცხვრის მატყლი, რომელსაც უნიკალური თვისებები აქვს, 20 თეთრი რომ ეღირება, რაზე ვილაპარაკო...

მუშაობაში ღამეები ისე მათენდება, ვერ ვიგებ. მატყლს ისეთი დადებითი ენერგია აქვს, ორი დღე-ღამე რომ არ დავიძინო, დაღლას ვერ ვგრძნობ.

სამი წლის წინ ალვანს პატრიარქი სტუმრობდა. როცა ვერტმფრენიდან გადმოვიდა, ჩემი მოქსოვილი ფარდაგი დავუფინე. მიუხედავად ექიმების დაჟინებული მოთხოვნისა, უწმინდესი იმ ღამით ალვანში დარჩა. საღამოს მიმიწვია და ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქა, მითხრა, ეს საქმიანობა განაგრძეო.

ბედნიერი ვარ, პატრიარქს ჩემი მოქსოვილი ფარდაგი რომ ვაჩუქე...

ერთსართულიანი სახლი მაქვს, სარდაფში 14 ქვევრია ჩაყრილი, ღვინოს ვაყენებ. პირველ სართულზე სამი ოთახი ჩემს ნამუშევრებს დავუთმე. გამოფენა გავმართე და ხშირად მსტუმრობენ უცხოელები.