თბილისელი ბიჭის მეღვინეობა შილდაში და ქვევრის დროის მანქანა - კვირის პალიტრა

თბილისელი ბიჭის მეღვინეობა შილდაში და ქვევრის დროის მანქანა

თორნიკე ჩუბინიძე: "ღვინის დაბადების მომენტი მნიშვნელოვანია, მანამდე ხშირი დარევა უნდა, დღისა და ღამის განმავლობაში. ჭაჭაზე დაყოვნებას, ამ კახურ წესს, საშუალოდ, 6 თვე სჭირდება"

ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მიწის ფართობი ეყიდა და მარანი აეშენებინა. დღეს თორნიკე ჩუბინიძე უკვე მეღვინე და საფირმო მარნის დამფუძნებელია. დედაქალაქიდან საცხოვრებლად რეგიონში 2016 წელს გადავიდა. "თბილისში დავიბადე და გავიზარდე, სკოლა, უნივერსიტეტი დედაქალაქში დავამთავრე, რამდენიმე სამსახურშიც ვმუშაობდი სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ წელიწადზე მეტად ვერსად ვჩერდებოდი, საკუთარ თავს ვერ ვპოულობდი და მალე მბეზრდებოდა. სულ ისეთ საქმეს ვეძებდი, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით და ისე შევასრულებდი, რომ ინტერესი არ გამქრობოდა. ბოლო სამსახური ღვინის კომპანია იყო, სადაც საბოლოოდ მივხვდი, რომ შეუძლებელია, ღვინო მოგბეზრდეს, ამოუწურავი თემაა. სულ სიახლეს გთავაზობს, მუდმივად სწავლის პროცესში ხარ", - გვეუბნება თორნიკე.

თორნიკე ჩუბინიძე: - მეღვინეობა-მევენახეობით ყვარელი გამორჩეულია, თან ქინძმარაულის მიკროზონაა, განსაკუთრებით სოფელი შილდა. ბუნება შესანიშნავია, სოფელი - ულამაზესი, გრემისა და ნეკრესის მონასტრებს შორის არის და ტურისტულადაც მიმზიდველია. მოსახლეობით ერთ-ერთი დიდი სოფელია კახეთში.

შილდაში ნახევარი ჰექტარი მიწა შევიძინე, შეღავათიანი აგროსესხი ავიღეთ და 2016 წლის 1-ლ ივნისს მარნის მშენებლობა დავიწყეთ. მშენებლობა რომ დამთავრდა, 26 წლის ვიყავი. სექტემბრის მეორე ნახევარში ყურძენი ვიყიდეთ და დავწურეთ.

ყურძენს საგულდაგულოდ ვარჩევ, საბაზრო ფასზე მეტს ვიხდი ხარისხიანის შესაძენად. მევენახეც დაინტერესებულია, ყურძენს მთელი წლის განმავლობაში უკეთ უვლის, იცის, რომ მეტს გადავუხდი.

2016 წელს დაწურული ღვინო 2017 წელს ჩამოვასხით... მარნის მშენებლობაში მამაჩემი მეხმარებოდა, მანქანაშიც ერთად გვეძინა და დღემდე აქტიურად მიდგას გვერდში. 2017 წელი კარგი დასაწყისი აღმოჩნდა. ბოთლებში ჩამოსხმის შემდეგ ღვინო 3 კონტინენტზე, სხვადასხვა ქვეყანაში გაიგზავნა, მათ შორის, იაპონიაში, ჩინეთში, აშშ-ში.

მხოლოდ ქვევრის ღვინო გვაქვს. ქვევრები იმერეთში, ტყემლოვანაში ვიყიდეთ. 28 ქვევრია, სულ 30 ტონაა. ქვევრში, როგორც წესი, მშრალი ტიპის ღვინოს აყენებენ და გვაქვს ქვევრის მშრალი საფერავი და ქვევრის მშრალი რქაწითელი. კახური წესით დაყენებული ღვინოა, სრულ ჭაჭაზე, რომელიც 6 თვეს ყოვნდება.

- ღვინის დაყენებას ცოდნა უნდა, როდის და სად ისწავლეთ?

- როცა ღვინის კომპანიაში ვმუშაობდი, ღვინით მაშინ დავინტერესდი. სანამ შილდაში მუშაობას დავიწყებდით, 2-3 წლის განმავლობაში მიწევდა ამ თემის შესწავლა. გავეცანი უამრავ ლიტერატურას. მერე ეს ცოდნა პრაქტიკულად განვამტკიცე.

როცა საქართველოში ქართული ღვინით დაინტერესებული იმპორტიორები ჩამოდიან და ინტერნეტით სხვადასხვა ინფორმაციას მოიპოვებენ, ისინი რეკომენდაციებით ათეულობით მარანს სტუმრობენ და შემდგომ იმ მარნებიდან არჩევენ. ასე შეარჩიეს ჩვენი ღვინოც. წლეულს აშშ-ში ღვინო პირველად გავგზავნეთ, გაიყიდა ბოსტონში, გაიყიდება ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში, ასევე ჩინეთში, ჰონკონგში.

- ვენახის გაშენებას არ გეგმავთ? - უახლოეს მომავალში ვაპირებთ მარნის ახლოს მიწის შეძენას და ვაზის ჩაყრას, რათა საკუთარი ყურძნით ჩვენივე ღვინო ვაწარმოოთ. გვინდა დავამატოთ მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროც, სადაც ტურისტები ღვინოს დააგემოვნებენ, სადილითა და ვახშმით გავუმასპინძლდებით.

- 28 წლის კაცმა ბევრს მიაღწიეთ... - მთლად გადავეჩვიე ურბანულ გარემოს. რაც უფრო ახლოს ვარ ბუნებასთან, მიწასთან, ვმშვიდდები, ცხოვრების ხარისხი აქ ბევრად მაღალია. გარდა ამისა, რთველზე, ქვევრთან ღვინის დუღილის დროს, დარევისას ან ქვევრის გარეცხვისას ასე მგონია, ქვევრი დროის მანქანაა, რადგან წარსულში გაბრუნებს. ფიქრობ, რომ საუკუნეების წინ შენი წინაპარი ღვინოს იმავე წესით აყენებდა და მომავალში შენი შთამომავლობაც განაგრძობს...

ეს ფიქრი უწყვეტობასთან არის კავშირში. ქვევრი განგრძობით ქართულ ტრადიციასა და თაობებს შორის კავშირს განასახიერებს.

- როგორ კეთდება თქვენი ღვინო? - კახური წესით. როგორც გითხარით, ხარისხიან ყურძენს ვარჩევთ. შემდეგ აუცილებელია ჰიგიენა - ქვევრის სისუფთავე, მისი საგულდაგულოდ გარეცხვა. დუღილის დროს გვერდით უნდა გადაიდოს სიზარმაცე, გულგრილობა, ღვინოს ყურადღება არ უნდა მოაკლო, რადგან ეს საპასუხისმგებლო ეტაპია. ღვინის დაბადების მომენტი მნიშვნელოვანია, მანამდე ხშირი დარევა უნდა, დღისა და ღამის განმავლობაში. ჭაჭაზე დაყოვნებას, როგორც აღვნიშნე, 6 თვე სჭირდება. მთავარია, მონდომება და ენთუზიაზმი.

- ალბათ, მკითხველსაც ამას ურჩევთ. - რა თქმა უნდა, ღირს ცდად, თან ქვეყნისთვისაც სასარგებლო საქმეა... ახლა რასაც ვაკეთებ, მცირე საოჯახო ბიზნესია. მარნის მშენებლობის დროს დაახლოებით 15 კაცი მყავდა დასაქმებული, ღვინის ჩამოსხმის დროს კი ორ-სამს უწევს ჩვენთან საქმიანობა. ხალხს რთველზეც ვიხმართ.

- ვიცი, რომ ერთი კარგი ამბავიც გაქვთ. ღვინის სიყვარულმა ყვარელში თქვენს სიყვარულსაც ჩაუყარა საფუძველი... - კი, ასეა. ლიკა სეფაშვილი ყვარლიდანაა, ღვინის კომპანიაში გავიცანი, სადაც ტურისტებს იღებენ - ინგლისურენოვანი გიდია. ის ყვარელში ცხოვრობს, მე - შილდაში. ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა. ხუმრობით ვამბობ, როგორც ღვინოა ენდემური ვაზის ჯიშისგან, რქაწითლისგან, საფერავისგან, გოგოც ენდემური ვიპოვე-მეთქი.