"კვირის პალიტრის" ჟურნალისტს კუ გაექცა
"კვირის პალიტრის" ჟურნალისტს კუ გაექცა
"თურმე, არ შეიძლება, კუს არეალი შემოუსაზღვრო - ის ამ დროს ძალიან წუხს. ალბათ, ამის გამო, ჩემი პატარა "შვილობილები" ძალიან იტანჯებოდნენ"

ნინო წიფურია "კვირის პალიტრის" ჟურნალისტია. როგორც თვითონ ამბობს, ადრე ვერასოდეს იფიქრებდა, რომ კუს იყიდდა და მასზე ისე იზრუნებდა, როგორც ოჯახის წევრზე. კუ უწყინარი ცხოველია, არავის აწუხებს და თავისთვის დასეირნობს, თუმცა ზრუნვა და ყურადღება მაინც სჭირდება. როგორ მოვუაროთ კუს? - ამის თაობაზე ნინო წიფურია მოგვითხრობს.

- კუს ყიდვა რატომ გადაწყვიტეთ?

-
ეს ჩემი შვილის, ნიკოლოზის სურვილი იყო, რომელიც ახლა ექვსი წლის არის. ოთხის რომ გახდა, ხვეწნა დაგვიწყო, მისთვის რომელიმე ცხოველი მოგვეყვანა. სხვათა შორის, ძალიან უყვარს მწერები, ლოკოკინები, კალიები... ლეკვს ან კნუტსაც გვთხოვდა, მაგრამ ბეწვზე ალერგია აქვს და უარი ვუთხარით. ერთხელ ბაკურიანში ვისვენებდით და იქ ბავშვებს ჰყავდათ
მოზრდილი კუ, რომელსაც მთელი ქუჩის ბავშვები დასდევდნენ. სწორედ მაშინ ვიფიქრეთ, ნიკოლოზისთვისაც კუ გვეყიდა.

- თავიდანვე აუღეთ ალღო მის მოვლას?
- პირველი კუ შემოდგომით ვიყიდეთ. თავიდან კი იარა ჩვენს ეზოში, მაგრამ მერე გაქრა. თურმე ზამთარში კუ მიწას თხრის, მიწის ქვეშ ჩადის და იქ, სითბოში იძინებს. ეტყობა, ჩვენი კუც მიწაში ჩაძვრა და მერე ვიღაცის ეზოში გადავიდა. ეზო ძალიან პატარაა, 20 კვმ-მდე. ყველგან ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ და რაღას ვიზამდით? ნიკოლოზი რამდენჯერაც დაინახავდა, როგორ ასეირნებდნენ ბავშვები რომელიმე ცხოველს, გული სწყდებოდა. ვიყიდეთ წყლის კუ, მაგრამ მას თურმე სხვაგვარი მოვლა სჭირდება. ხმელეთის კუსგან განსხვავებით, წყლის კუ ძალიან სწრაფად იზრდება და აგრესიულიც გახლავთ. თუ აკვარიუმში თევზებთან ერთად ჩასვამთ, აუცილებლად გაედევნება და შეახრამუნებს. ხორცი ძალიან უყვარს. ჩემს მეგობარს წყლის კუ უკვე 15 წელია, ჰყავს, აკვარიუმში ცხოვრობს და კარგა დიდიც არის. ჩვენი კუ თავიდან შეშინებული ჩანდა, მერე კი ისე გაცუღლუტდა, აკვარიუმის თევზები შეგვისანსლა. დავასკვენით, რომ წყლის კუს ვერ შევეგუებოდით და გავაჩუქეთ.

- ესე იგი, ხმელეთის კუ უფრო უპრეტენზიოა და მოვლაც უფრო ადვილია?
- მეც ეს ვიფიქრე და ხმელეთის კუსთვის ზოომაღაზიას მივაკითხე. იქ სულ პატარა, ახალგაჩენილი კუები ჰყავდათ და ორი ვიყიდე. რომ ვიკითხე, როგორ მოვუარო-მეთქი, მითხრეს, შეგიძლია ყუთში გყავდესო. ორივე ყუთში დავაბინავე. როგორც მირჩიეს, ისე ვაჭმევდი და ყოველდღე ვასეირნებდი. მერე მივხვდი, რომ ზოომაღაზიის გამყიდველმა არასწორი რჩევა მომცა: თურმე, არ შეიძლება, კუს არეალი შემოუსაზღვრო - ის ამ დროს ძალიან წუხს. ალბათ, ამის გამო, ჩემი პატარა "შვილობილები" ძალიან იტანჯებოდნენ, ამოსვლა რომ უნდოდათ, ერთმანეთს ააღოღდებოდნენ და ყუთიდან ასე ამოდიოდნენ, ზოგჯერ კი ამოსვლას ვერ ახერხებდნენ და ყუთი ყირავდებოდა. ცოტა ხანში ერთი კუ მოგვიკვდა. ამის შემდეგ მეგობრებში გავიკითხე, მეორისთვის როგორ მომევლო. ყველამ მირჩია, ეზოში უნდა გაუშვა, დამწყვდევა არ შეიძლება, საკვებსაც თვითონ მოიპოვებსო. ასეც მოვიქეცი და უკვე ექვსი თვეა, შინ ხმელეთის კუ გვყავს. რამე განსაკუთრებული არ სჭირდება, ეზოშია გაშვებული და ყურადღებას ვაქცევთ.

- როგორ იკვებება თქვენი კუ?
- უფრო მცენარეულ საჭმელს ეტანება: ფოთლებს, ბალახებს, ძალიან უყვარს სტაფილო და კიტრი, ზოგჯერ სალათის ფოთლებსაც მივაშველებ. უკვე ვიცი, სადაც უნდა გაიაროს და საკვებს იქ ვუწყობ. რომ ხედავს, სიამოვნებით მიირთმევს. ბევრჯერ მინახავს, რა გემრიელად ჭამს ჩამოცვენილ ფოთლებს, ყვავილებსა და ყურძნის მარცვლებს. ამბობენ, რომ კუ ინფექციების გადამტანია, მაგრამ სახლში არ შემოგვყავს. თუ ხელს მოვკიდებთ ან მოვეფერებით, ყოველთვის ვიბანთ. ბავშვმაც იცის - ცხოველს რომ ეთამაშება, მერე ხელები კარგად უნდა დაიბანოს.

- ყუთში გამომწყვდევის გარდა, რა არ მოსწონს ხმელეთის კუს?
- არ უყვარს სიცხე. ზაფხულობით, როცა ძალიან ცხელოდა, სულ ცდილობდა, ჩრდილში დამალულიყო. თავისი ზომის ყუთში ან პლასტმასის ჯამში ცოტა წყალს ვუსხამდი, ისე, რომ კუსთვის ფეხები დაეფარა. ჩავსვამდი, ერთ-ორ ყლუპ წყალსაც სვამდა და თანაც გრილდებოდა. როცა წყალში ყოფნა აღარ უნდოდა, თვითონ გადმოდიოდა. დაკვირვებული ვარ: ჩვენს კუს აქვს ამოჩემებული ადგილები, სადაც ყოფნა მოსწონს. წინასწარ ვიცით, დილით სად დაგვხვდება. რამდენიმე ადგილს ამჯობინებს: იმალება სკამის ან ქოთნის უკან, ანდა - ქოთნებს შორის. დადის ბევრს, მთელი დღე არ ჩერდება. ამბობენ, რომ სასურველია, კუს თავისი ტერარიუმი ჰქონდეს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, მისი შეზღუდვა არ ივარგებს და ვამჯობინებ, გაშვებული მყავდეს.

- ხომ შეიძლება, დაიკარგოს?
- შეგვეჩვია და მგონია, არსად წავა. ჩემს მეგობარსაც ჰყავს სახლში კუ. ვეებერთელა ეზო აქვს, მაგრამ არ იკარგება. ზამთარში იმალება, მაგრამ ზაფხულობით ისევ გამოდის და ამ დიდ ეზოში დასეირნობს. იმიტომაც მირჩევნია გაშვება, რომ ერთი კუ სწორედ სასათბურე პირობებში მომიკვდა.

- ზამთარში სად უნდა დააბინაოთ?
- ამბობენ, რომ ზამთარში შეიძლება, სახლში შემოიყვანო და ყუთში დაიძინოს, მაგრამ ვფიქრობ, პატარა ფარდულის მსგავსი შევუკრა, რომ არ დააწვიმოს, ან არ დაათოვოს. კუს გამოცდილი პატრონები მეუბნებიან, შეიძლება მიწა ამოთხაროს და იქ დაიძინოსო. სხვათა შორის, ეს ცხოველი თვითონ გაგრძნობინებს, თუ სადმე ყოფნა არ მოსწონს - აუცილებლად ამოღოღდება და გარეთ გაცოცდება. მეც ნებას მივცემ, როგორც თვითონ სურს, ისე გამოიზამთროს. სახლში გამოსამწყვდევად მეცოდება. ისინი მიჩვეული არიან ტყეში გამოზამთრებას, იქ ცხოვრებას და უმჯობესია, მეც მსგავსი პირობები შევუქმნა. საკვების მოპოვება და გადარჩენისთვის ბრძოლა მათთვის ჩვეულებრივია, ამიტომაც ჩემს კუს გადაჭარბებული ზრუნვით არ ვზღუდავ. უკვე ვიცი, ამოჩემებული ადგილები ყველა კუს მოსწონს და თუ ყურადღებით იქნები, უზარმაზარ ეზოშიც არ გაგიჭირდება მისი პოვნა.

ზაფხულობით ჩემი კუ გარეთ დასეირნობდა, ახლა დამალულია და ვიცი, სად შეიძლება იყოს. კუ კარგად ითვისებს იმ ადგილს, სადაც ცხოვრობს, გარემოსთან ადაპტირება არ უჭირს.

- ჩემს ნაცნობს კუ პატარა ყუთში ჰყავდა, არ ჭამდა და მოუკვდა. რას უნდა დავაბრალოთ, როცა კუ ჭამაზე უარს ამბობს?
- როცა კუ არ იკვებება, ესე იგი, ცუდად არის და სივრცეს ითხოვს. კუს ჩაკეტილ სივრცეში გამომწყვდევა არ შეიძლება, ასეთ სივრცეში ის დიდხანს ვერ ცოცხლობს. ეს უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც უნდა, ოჯახში ეს ეგზოტიკური და ორიგინალური ცხოველი ჰყავდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?