მანდატურის რანჩო წირქვალის ჭალაში
მანდატურის რანჩო წირქვალის ჭალაში
ვალერი ჭიტაძე ჭიათურის რაიონის სოფელ წირქვალში მსოფლიოში ყველაზე პატარა, მაგრამ ჯადოსნური რანჩოს მეპატრონეა. მისი რანჩოდან ზამთარ-ზაფხულ შეგიძლიათ, ღამის ცის კიდურიდან სათითაოდ მოწყვიტოთ მწიფე გულყვითელა ვარსკვლავები... თუ ჩემი არ გჯერათ, თვითონ მიუგდეთ ყური.

- რანჩოს იდეა 2014 წელს გაჩნდა. მის ადგილას ადრე პატარა ყანა და რამდენიმე ძირი "ფრანგული" ჯიშის ვაზი გვქონდა. რადგან ნიადაგი კლდოვანი იყო, ზემოდან მიწის თხელ, ნაყოფიერ ფენაში მცირე მოსავალი მოდიოდა, ამიტომ მივანებეთ თავი, არადა, ძალიან მყუდრო ადგილია, ირგვლივ
უამრავი ხეა - მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, შინდი, თელა და სხვა. რანჩოს ქვემოთ პატარა ჭალაა, მდინარეც ჩამოგვიდის. მოკლედ, ერთი ხანობა არ ვმუშაობდი და მაშინ დავიწყე ამ ადგილზე ზრუნვა. დავიწყე ეკალბარდებისგან გაწმენდა, დასუფთავება -შემოღობვა. რანჩოსა და მიმდებარე ტერიტორიის დალაგებას რამდენიმე თვე მოვუნდი. ერთ დღესაც თავში გამიელვა, რა
კარგი იქნებოდა აქ პატარა ხის სახლი-მეთქი. შენებაც დაუყოვნებლივ დავიწყე. ხის გარბილებით უნდა ამეშენებინა ძირითადი კონსტრუქცია, რაც იაფი ჯდებოდა. იმავდროულად, ეზოში სახლის გვერდით საბოსტნე დავბარე და კარტოფილი დავთესე. ჩემი ყურადღება მიიქცია საუბრებმა ბიო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე. მინდოდა, მეც მიმეღო ნატურალური მოსავალი, სასუქისა და ქიმიკატების გარეშე. ეს საქმიანობა ძალიან აზარტული გამოდგა, ჰოდა, გადავწყვიტე, მომიჯნავე ნაკვეთი მეყიდა. ერთ კარგ ადგილს დავადგი თვალი, წყლის სათავეს ეძახიან. სწორედ იქიდან იღებს სათავეს მდინარე, რომელიც ჭალაში მიედინება. დავუკავშირდი პატრონს, შევთავაზე, თანხა ნაწილ-ნაწილ გადამეხადა... ძალიან გამიჭირდა, მაგრამ არ დავნებდი.
2015 წელს მუშაობა დავიწყე მანდატურის სამსახურში. გასაუბრებების, ტესტირებებისა და გადამზადების შემდეგ მიმიღეს. თავიდან ცოტა "გაუგებრობაში" მოვხვდი - არ ყოფილა იოლი ბავშვებთან ურთიერთობა, თუმცა რამდენიმე კვირაში ყველაფერი მოგვარდა და დღეს ბედნიერი ვარ, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი - დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ხასიათისა და ფასეულობების ჩამოყალიბებაზე. ბევრი რამე ვისწავლე მათგან. თავს საჭირო ადამიანად მაგრძნობინებენ და მაქვს მოტივაცია, ვიმუშაო მათთვის უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შესაქმნელად. მუშაობა ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლაში დავიწყე, ორ წელიწადზე მეტხანს ვიმუშავე, 2017 წლიდან კი მე-2 საჯარო სკოლაში ვარ.

შეძენილ ნაკვეთზე სიმინდის თესვა დავიწყე, ცოტა გოგრაც მომყავს სიმინდს შორის. დავრგე 200 ძირი თხილიც, რასაც ალბათ, ნაპირებზე გადავიტან და ცოცხალ ღობედ ვაქცევ. გოგრისა და სიმინდის პირველი მოსავალი, ძირითადად, გავაჩუქე, ცოტა კი ოჯახისთვის გადავინახე. მომდევნო წლებში ნაწილს ვყიდდი კიდეც.

მომავალში მეურნეობის გაფართოებას ვგეგმავ. რაღა თქმა უნდა, უარს ვამბობ ქიმიურ და ჯანმრთელობისთვის მავნე პრეპარატების გამოყენებაზე.
გამიტაცა მშენებლობამ, ხეზე მუშაობამ და სიძველეებმა, ამიტომ ჩემს პატარა ჭალაში დავიწყე პატარა წისქვილის აღდგენა. ფაქტობრივად, დანგრევის პირას იყო, პატრონი მის დაშლას აპირებდა და გადავაფიქრებინე, სულზე მივუსწარი. ვფიქრობ, ეს გარემო ბევრ ადამიანს მიანიჭებს სიამოვნებას. არ გამოვრიცხავ, აქაურობა ტურისტული დანიშნულებითაც გამოვიყენო.

მოკლედ, მაქვს 3000 კვმ მიწა, პატარა რანჩო და სასიამოვნო სამსახური. ჩემი ხელფასითა და ფიზიკური რესურსით ჯერჯერობით ამას მივაღწიე, ვნახოთ, მომავალში რა იქნება. გეგმა ბევრი მაქვს, უბრალოდ, არ მინდა რეალობას მოვწყდე დ წინასწარ ვილაპარაკო. მომავალში წყალიც უნდა ჩამოვიყვანო მთიდან.

- ფუტკრებიც გყავს, მგონი.
- ფუტკარი მეგობარმა მაჩუქა ორი წლის წინ და მხოლოდ წელს მოვიყვანე, რადგან ვფრთხილობდი და თავს ვარიდებდი კიდევ ერთ პასუხისმგებლობას.

- საინტერესოა, მთიდან როგორ აპირებ პირდაპირ ეზოში წყლის შემოყვანას?
- მილით. 400 მეტრია წყაროდან. ვეძებ პლასტმასის მილს. ახლა ვარჩევ - გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა წყლისთვის გამოსადეგი პლასტმასი მინდა. ნაწვიმარზე სოკოები თავად მაკითხავენ რანჩოზე, პირდაპირ ქოხის ძირას ამოდიან. განსაკუთრებით ნიყვის სტუმრობა მიხარია.

აქ ძალიან ლამაზი ცაა. როცა მოწმენდილია, ლამის მეზობელი გალაქტიკები ჩანს. ვინც ნახა, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რამდენიმე დღის წინ გამიჩნდა იდეა, ტელესკოპი ვიყიდო და მეგობრებსა­ და სტუმრებთან ერთად დავტკბე წირქვალის ულამაზესი ცით. ზღვის დონიდან სულ 700-800 მეტრია, მაგრამ ისეთი ცაა, განუმეორებელი.
ადრე ჩემს გეგმებს სკეპტიკურად უყუ­რებდნენ - მხარდამჭერსა და თანამოაზრეზე­ ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, გარდა რამდენიმე მეგობრისა, რომლებიც ჭიათურაში ცხოვრობენ, ამ ბოლო დროს კი მგონი, ბევრმა აზრი შეიცვალა.

სახლს წლეულს უკანა მხრიდან სააბაზანოც მივადგი ჩემი მოფიქრებული ხე-ბეტონის კონსტრუქციით. ჩემი სახლი ციცქნაა, 11 კვმ, თუმცა სხვენში ორკაციანი საწოლი დავდგი და გაჭირვებაში რამდენიმე ადამიანს კიდეც მოვასვენებ.

- კარგ მეურნეს კარგი მეოჯახე დაუმშვენებდა მხარსა და კერიას. სამომავლო გეგმებში თუ შედის ეს ამბავი?
- ჯერ არ დგას დღის წესრიგში ეგ საკითხი. მეტისმეტად პირდაპირი ვარ და არც იოლი ხასიათი მაქვს. სერიოზული ურთიერთობები ადვილად არ ეწყობა.

P.S. აეწყობა, აეწყობა, ამ ყველაფრის შემხედვარეს, ბევრს მოუნდება შენი რანჩოს დიასახლისობა-მეთქი, ვარწმუნებ მასპინძელს, ვემშვიდობები და თან სარფიანად ვენაძლევები. თუ მოვიგე, ერთ ლამაზ და გემრიელ ქორწილში მოვხვდები.


კახა მჭედლიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-12-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
10-12-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები