ენრეგოეფექტური ღუმელი, რომელიც ნამჯის სახლს ათბობს - როგორ გავაკეთოთ ფიჩხის ღუმელი - კვირის პალიტრა

ენრეგოეფექტური ღუმელი, რომელიც ნამჯის სახლს ათბობს - როგორ გავაკეთოთ ფიჩხის ღუმელი

ტყე - შვილებს, ღუმელს - ფიჩხი

გათბობის სეზონმა ძალა მოიკრიბა, ჩაირთო ელექტრო, გაზის თუ შეშის ღუმელები. ბუნებას რომ ზიანი არ მიადგეს და არც ძალიან ხარჯიანი იყოს ზამთარში გათბობა, ამაზე მსოფლიოში არაერთ ადამიანს უფიქრია. ასეთები ჩვენშიც არიან.

არქიტექტორ თინა სამადაშვილსა და ექიმ დავით ჩაჩანიძის წყვილს გაზეთის მკითხველი იცნობს - მათ საქართველოში პირველებმა ააშენეს საკუთარი ხელით ნამჯის სახლი და სხვებს მაგალითი მისცეს. მათი მიზანია, ბუნება ნაკლებად დააზიანონ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვრონ. ამჯერად მათ მიღწევაზე, ეფექტურ ღუმელზე ვისაუბრებთ, რომელიც ბაკურციხეში მათ ნამჯის სახლს ათბობს. ამისთვის ისინი არა შეშას, არამედ ფიჩხს იყენებენ, რითაც უამრავი ხე იზოგება.

თინა სამადაშვილი:

- ეს არის ფიჩხის ღუმელი, რომელიც იაპონელებმა გამოიგონეს და 2000 წელს გამოაქვეყნეს ამის შესახებ, თუმცა ასეთი ღუმელი სხვადასხვანაირი არსებობს. მე ჩემი ნახაზით გავაკეთე, რომ შედარებით პატარა ყოფილიყო და ჩვენს სახლში დატეულიყო. მას პიროლიზურ ღუმელსაც ეძახიან და იმით გამოირჩევა, რომ მაღალ გრადუსზე უჰაეროდ მუშაობს. შიდა მილში 1200 გრადუსამდეა ტემპერატურა, რაც ღუმლის სპეციალური ფორმით მიიღწევა.

- მხოლოდ ფორმის დამსახურებით აღწევს ასეთ მაღალ ტემპერატურას? - ცეცხლის ალის წვერზე ყოველთვის 1200 გრადუსია და მაღალი ტემპერატურაც ამის გამოა. ღუმელი მაღალია და არა განიერი, იმ ღუმლების მსგავსი, რომლებიც ბაზრებში იყიდება. ისინი ცეცხლს არაეფექტურ სიმაღლეზე ჭრის. დაბალ ღუმელში წვა ბოლომდე ვერ მიდის, ჩვენს ღუმელში კი ანთებისას პატარა კვამლი გამოდის, მერე კი სრული წვა იწყება, საერთოდ არ არის კვამლი და, ცხადია, არც ჭვარტლი. თინა სამადაშვილი და დავით ჩაჩანიძე

ბაკურციხეში რომ დავსახლდით, პირველ წელს მთაწმინდის სახლიდან ძველი კაფელის ღუმელი წამოვიღეთ. შეშა რომ შევუკვეთე, მუხა და რცხილა მომიტანეს. ასეთი ხეები რომ დავინახე, შევწუხდი - თითოეულს 100 წელიწადი უნდა, რომ გაიზარდოს და ხედ იქცეს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ამის გამოა, რომ საქართველოში ქარსაცავი ზოლები აღAარ არსებობს, გაჩეხილია. გასაგებია, რომ მოსახლეობას უჭირს, მაგრამ ალბათ, რაღაც უნდა იყოს ისეთი, რაც მათ მენტალურ განვითარებაზე იმოქმედებს. ჩემი ღუმელი კი უფრო ეფექტურია. სახლში ძალიან თბილა. თანაც ჩემი სახლი თბოიზოლირებულია, თუმცა ამის მოხერხებაც არ არის ძნელი, ტყის გაჩანაგებით კი საკუთარ თავს მომავალს ვუსპობთ. სადაც არ არის ტყე, იქ არ არის წვიმა, იწყება გაუდაბნოება, არ რჩება ცოცხალი ორგანიზმები.

- მოკლედ, მუხისა და რცხილის დიდი ხეების დაწვის შემდეგ იპოვეთ ეს ალტერნატიული გზა? - თვითკმარი მეურნეობები ძალიან გავრცელებულია მსოფლიოში. ისინი ბუნებასაც უფრთხილდებიან და კარგადაც თბებიან. სწორედ ამ ხალხის ნამუშევრებსა და საქმიანობას მივაგენით, რაც ჩვენთვის საჭირო და სასარგებლო აღმოჩნდა.

კომპლექსურ მეურნეობაში იგულისხმება, რომ ფიჩხიც შენია და მის შესაგროვებლად ტყეში არ მიდიხარ. ღობეებზე გასულ ხეებს სხლავ და ეს არის შენი საწვავი მასალა.

ჩვენს ეზოში ხეები ჯერ ძალიან პატარაა, ფიჩხს ეზოში ვერ ვაგროვებთ, სამაგიეროდ, კახეთში ბევრს აქვს და თანაც უფასოდ - არ იყენებენ და ყრიან, ჩვენ კი მოგვაქვს და ვიყენებთ.

- ერთხელ - მაშინ კახეთში ახალდასახლებული იყავით - მითხარით, ალაზნის ველს რომ გავყურებთ, ადგილ-ადგილ კოცონები ინთება და შემოდგომით რაღაცები იწვისო, მერე კი გაარკვიეთ, რომ ეს სწორედ ფიჩხი იყო, ვაზისა და ხეხილის ანასხლავი, რომელსაც ადამიანები ანადგურებდნენ, თქვენ კი ეს სახლის გასათბობად გამოიყენეთ... - ფიჩხს მოსახლეობისგან ვიღებთ. თან, სად მისი შინ შემოტანა და სად - შეშის, რომელსაც დაპობაც უნდა.

ჩემი მეუღლე შეშის შემოსატანად მაკრატლით გადის, დაჭრის ფიჩხებს და შემოაქვს.

ჩვენი ამოცანაა, მინიმალური რესურსით მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. წვის კამერაში ისეთი თბოიზოლაციაა, ცეცხლის ალი ბოლომდე რომ ადის, წვერთან დამატებითი ჰაერის მისაწოდებელი აქვს გარედან. ცეცხლი ისე გუგუნებს, როგორც სამჭედლოს საბერველში, სადაც ჰაერს საგანგებოდ უბერავენ ცეცხლის ასაგიზგიზებლად. ასეთი ცეცხლია შიგნით და ამის ხარჯზე წვა სრულია, ყველაფერი ბოლომდე იწვება.

- დღეში რამდენი ფიჩხი გჭირდებათ?

- ერთ დღეში რკინის მავთულით მოწნული ერთი კალათა ფიჩხია საჭირო. ეს რაოდენობა დილიდან საღამომდე კმარა.

- ყველას შეუძლია ასეთი ღუმლის გაკეთება? - საწარმოო პროცესში ეს ღუმელი არ მინახავს. ის ხალხი, ვინც ამ ღუმელს იყენებს, ხუმრობს - რამდენი ოჯახიც არის, ეს ღუმელიც იმდენნაირიაო. ყველა ინდივიდუალურად ირგებს მას. იაპონიაში არ ვიცი, ამას ასწავლიან თუ არა, ამერიკელებს კი ოფიციალური წარმოება აქვთ და დაინტერესებულ წრეებში ყიდიან. ასე იქცევა, ვინც ბუნებას უფრთხილდება და არ უნდა, თავის გათბობას ხეები შესწიროს.

- თქვენ საკუთარი ხელით გააკეთეთ ეს ღუმელი?

- გვეხმარებოდა ყმაწვილი, რომელმაც შეგვიდუღა. ჩემი ნახაზი მივეცი და ჩემი ხელმძღვანელობით დაამზადა.

მოკლედ, ამ ღუმლით წელიწადში, ალბათ, სულ ცოტა 5-10 ხე იზოგება. თანაც ძალიან სცხელა ყველას.

- ძნელი გასაკეთებელია ამგვარი ღუმელი? - თუ პრინციპს გაიგებ, ძნელი გასაკეთებელი არ არის. ბუნებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია, ეს საკუთარ თავზე ზრუნვაა. ერთ დღეს რომ გაქრეს ბუნება, ვერც ერთი ვერ გადავრჩებით, ხოლო ჩვენ რომ გავქრეთ, ბუნება აყვავდება და გაიხარებს. თუ გადარჩენა გვინდა, მომავალს მწვანე გარემო უნდა შევუნარჩუნოთ. სინამდვილეში ეს, არც მეტი, არც ნაკლები, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

იხილეთ ასევე: ბაკურციხელ "ნიფნიფებს" "მგელი" ვერას დააკლებს - როგორ ავაშენოთ ნამჯის სახლი