ციტრუსის ბაღები ნარინჯისფრად ისევ დაიხუნძლა... - კვირის პალიტრა

ციტრუსის ბაღები ნარინჯისფრად ისევ დაიხუნძლა...

ვანო კუნჭულია: "ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდი შედეგიანი აღმოჩნდა. ერთი დაზიანება არა აქვს არც ნაყოფს, არც ხეს"

გურიასა და აჭარაში ციტრუსის მოსავალს იღებენ - საქართველოში ნარინჯისფერი რთველია. როგორც ამბობენ, წლის განმავლობაში სახელმწიფოსა და ფერმერების მიერ გატარებულმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებმა ნაყოფი გამოიღო - გასულ წელთან შედარებით, მანდარინის მოსავალი უხვი, საღი, მსხვილი და ტკბილია.

თავდაპირველად გურიისკენ ავიღეთ გეზი. რთველში ჩასულებს ამინდიც კარგი დაგვხვდა. ფერმერები გახარებული და კმაყოფილი ჩანან.

- წელს ჩვენთან მანდარინებს ფაროსანა არ დახვევია,"- მეუბნება ჭაღარათმიანი მამაკაცი, - შარშან ისეთი მდგომარეობა იყო, გამოსხმული ლიმონი და მანდარინი ძირს ცვიოდა. მუხლამდე ეყარა ციტრუსის ბაღებში. ჩვენ სულ რამდენიმე ძირი გვიდგას. თუმცა გურიის ზოგიერთ სოფელში - აცანაში, მამათში, შრომაში მანდარინის დიდი ბაღები აქვთ. მანდარინის წლევანდელი მოსავალი ფაროსანას გადაურჩა, იმიტომ, რომ ბევრჯერ შევწამლეთ.

- ნაყოფიც მსხვილი გამოიბა, - გვიდასტურებს მეორე გლეხი...

გზას ვაგრძელებთ, სოფელ შრომაში მანდარინის ბაღებში აქაურებს დიდიან-პატარიანად მოეყარათ თავი. მანდარინის ხეებს შესეულები, გოდრებს სწრაფად ავსებენ.

ვანო კუნჭულიას ბაღში შესანახად გამზადებული, ყუთებში ჩაწყობილი მოსავლის სიუხვე მეტყველებს, რომ ფერმერი კმაყოფილი უნდა იყოს.

ვანო კუნჭულია ვანო კუნჭულია: "შარშანდელთან შედარებით მანდარინის უხვი მოსავალი ავიღეთ, გაზრდილია ხარისხიც. ახლა მიდის კრეფა-დასაწყობება და მყიდველს ველოდებით. შემდეგ ქობულეთიდან ქარხნის დირექცია გვესტუმრება, რათა მოსავალი შეამოწმოს და ჩაიბაროს. ამჟამად ბაღებში 50 კაცი მყავს დასაქმებული. დღეში 10 ტონა ნაყოფს ვასაწყობებთ.

მსხვილი მანდარინია, საღი და გემოც კარგი აქვს. ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდი შედეგიანი აღმოჩნდა. ერთი დაზიანება არა აქვს არც ნაყოფს, არც ხეს..."

მოსავლის ხარისხით კმაყოფილი ჩანან გურულები. როგორც ამბობენ, ამაში გადამწყვეტი როლი როგორც შრომისმოყვარეობამ, ასევე სახელმწიფომ და გამოცდილი ფერმერების რეკომენდაციებმა და დროულად გატარებულმა ღონისძიებებმა ითამაშა.

"წელს გამოჩნდა, ხარისხიანი მოსავალი რომ მივიღოთ, სახელმწიფომაც და ფერმერებმაც ერთად უნდა ვიმუშაოთ. აი, შედეგიც - ნახეთ, როგორი ნაყოფია, არც კანს აქვს დაზიანება, არც ნაყოფს. ტკბილი, გემრიელი მანდარინია", - გვეუბნება შრომის მკვიდრი ფერმერი ზურაბ ირემაძე.

გურულების მსგავსად, აჭარელი ფერმერებიც არ უჩივიან მოსავალს. ვხედავთ, როგორი მონდომებით მუშაობენ ბაღებში. სოფელ ხალაში რევაზ გორგილაძის რთველს შევესწარით, რომლის მანდარინის ბაღები საკმაოდ დიდ ფართობზეა გაშენებული. იგი შრომისგან დაკოჟრილ ხელს გვართმევს და ბაღისკენ მიგვიძღვება.

"მანდარინის ბაღი ნახევარ ჰექტარზე მაქვს გაშენებული. მარტო სახელმწიფო ვერაფერს გაგვიკეთებს, ჩვენც უნდა ვიმუშაოთ. წელს გვარიანად გავისარჯეთ და შედეგიც მივიღეთ".

P.S. რთველიდან ხელცარიელი ვინ დაბრუნებულა, მოვდივართ და მასპინძლების განწყობა მოგვყვება. მანქანაში მანდარინის სურნელი დგას. ჩემთვის ეს სურნელი ბავშვობაში იმის მაუწყებელი იყო, რომ ახალი წელი მოგვდგომოდა კარს. ღმერთმა ქნას, სიუხვე დაგვებედოს.

როდის შემოიტანეს საქართველოში მანდარინი

საქართველოში 1885 წელს პირველად შემოიტანეს იტალიიდან მანდარინი, რომელმაც სამრეწველო მნიშვნელობა ვერ მიიღო, რადგან დაბალი ყინვაგამძლეობის აღმოჩნდა და ნაყოფი დროზე არ მწიფდებოდა. ის შეცვალა მანდარინის სახეობა უნშიუმ, რომელიც 1896 წელს შემოიტანეს იაპონიიდან და სწრაფად გავრცელდა.