მეშვიდე თაობის თბილისელი სოფელში მიწას უვლის და მცენარეებს ახარებს
მეშვიდე თაობის თბილისელი სოფელში მიწას უვლის და მცენარეებს ახარებს
"ქალაქის ცენტრში სუნთქვა უკვე შეუძლებელია. ამიტომ, გავყიდეთ ბინა და ნაფეტვრებში ვიყიდეთ"

წარსულში ბევრი პროფესია გამო­იც­ვა­ლა - იყო მსახიობი, მოცეკვავე, სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლის წევრი, იურისტიც ყოფილა... დაიბადა და გაიზარდა "პლეხანოვზე" და ამბობს, რომ მეშვიდე თაობის თბილისელია, მაგრამ მის ცხოვრებაში დადგა პერიოდი, როცა ქალაქში სახლი გაყიდა და საცხოვრებლად ნაფეტვრებში გადავიდა, რადგანაც მის ვაჟიშვილს ცხოვრება ქალაქგარეთ უნდოდა, რისი წინააღმდეგი არც თავად ყოფილა... განვლილ წლებს ლიკა მელაძე თბილად იხსენებს...

- ფილარმონიის სახელმწიფო ანსამბ­ლში, ჯანო
ბაგრატიონთან ვცეკვავდი, მერე სუხიშვილებთან ისე აღმოვჩნდი, რომ ბატონ ილიკოს მოვეწონე, ეტყობა, ჩემში რაღაც დაინახა. თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მარჯანიშვილის თეატრშიც ვმუშაობდი, ასევე ვმუშაობდი თენგიზ ჩანტლაძის მინიატიურების თეატრშიც, Mმაგრამ სცენას თავი დავანებე ბავშვის გამო - გასტროლებზე ვეღარ დავდიოდი, დილა-საღამოს რეპეტი­ციები მქონდა და მერე იურისტობა ადვოკატურით დავიწყე.
მარჯანიშვილის თეატრიდან ჩემთვის სამახსოვროდ დარჩა - "მადამ სანჟენი", ნაპოლეონი ტარიელ საყვარელიძე იყო, მე - ნაპოლეონის და... რაც შეეხება ცეკვას, ბატონი ილიკოსა და ნინოსგან სამახსოვრო პორტრეტები მაქვს­ მათივე ხელმოწერით. ფოტოს უკან აწერია: "ჩემს მშვენიერ ლიკას". 60 წელს გადავცილდი და ახლაც ქართული მუსიკის ხმას რომ ვიგებ, სხეულში ჟრუანტელი მივლის...

- ნაფეტვრებში როდის დასახლდით?
- მოგეხსენებათ, ცენტრში რა მდგომა­რეობაა, სუნთქვა შეუძლებელია. ამიტომ, გავყიდეთ ბინა და აქ ვიყიდეთ. 2012 წლიდან ნაფეტვრებში შევიძინეთ მიწა და სახლის შავი კარკასი, რომელსაც დღემდე ჩემი ვაჟიშვილი აშენებს. იქაურობას ყველანი ერთად - შვილი, რძალი და მე დღემდე აქტიურად ვუვლით, ვმონაწილეობთ ეზო-კარის მოწყობასა და მოვლაში. სახლის მთელი სამი სართული ჩემი შვილის ხელით არის გაკეთებული (კომუნიკაცია, ელექტროგაყვანილობა), ხელოსანი არ გვყოლია და არც ლანდშაფტის დიზაინერი მოგვიყვანია ეზოს მოსაწესრიგებლად.

- ეს ყოველთვის დასაფასებელია, როცა ადამიანები სირთულეებს არ უშინდებიან­ და საკუთარი ხელით ცვლიან გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ.
- ხომ ვამბობ, არავინ მოგვიყვანია, რადგანაც შესაბამისი ფართობიც გვქონდა. სახლიანად სულ 1200 კვმ მიწის ნაკვეთია. აქ იყო სრულიად ცარიელი კლდიანი მინდორი. კლდე ჩემი ხელით მოვამტვრიე, მიწა გავასწორე, მიწასა და ხრეშს ურიკებით ვათრევდი. აქტიურად დავიწყე ეზოს განაშენიანება, წლები დამჭირდა დღევანდელი სახის მისაღწევად.
ნახევარი ეზო მაქვს ხეხილის ბაღი, ვაზი, ვარდები, ყველანაირი მცენარე, რომელიც სეზონურად ყვავის. ეზოში ორი ჩამოსასვლელი გვაქვს და ორივეგან ბაღია გაშენებული. ბაღია ჩემი ოთახის ფანჯრების წინაც, სადაც შესანიშნავი ხეივნის ვარდები მაქვს. ბზები ტაძრიდან აღდგომის დღეს მოტანილი ბზის ქოთნიდან გავამრავლე, საიდანაც 10 ძირი ბზა ამოვიღე და ეზოში, პირდაპირ გრუნტში დავრგე.

- ბზის გამრავლება და გახარება მეტად რთულია. როგორ შეძელით?
- კი და სწორედ იმ პერიოდში ყველა­ მეუბნებოდა, რომ ბზა ბევრგან გაფუჭდა, მათ შორის დასავლეთში. თუმცა ჩემთან გადასარევად არის. ვუვლი, ჭია რომ არ გაუჩნდეს, სისტემატურად წყალში გახსნილ ჭურჭლის ჟელეს ვასხურებ. ჭიას კარგად სპობს. ყოველ წელს ვუბარავ და ნაკელს ვუყრი. ბზა გვიან იზრდება, მაგრამ ჩემები უკვე დიდია. მაქვს ასევე ჩინური პალმები, ასეთებს ქალაქის გამწვანებაშიც იყენებენ. თეთრი დიდი ყვავილები­ აქვს. ისე, პალმას ცოტა გაუჭირდა, მეორე წელიწადს ძლივს გავახარე. ახლა უკვე მიეჩვია კლიმატს. სამწუხარო ის არის, რომ მეზობლის თხები გადმოვიდნენ და ხეხილი და ვაზი დაგვიჭამეს.

- ესე იგი, თხამ ვენახი შეჭამა?
- კი, ვენახიც, ხეხილიცა და ვარდებიც.­ მითხრეს, ღრმად უნდა გადაჭრა, რომ გაიხაროს, რადგანაც თხის ნაჭამი ძნელად იზრდებაო. ეს არ ვიცოდი, გაზაფულიდან მივხედავ. მცენარეებს ყოველ დილით ვეფერები. შეუძლებელია, ყოველ დილას რომ არ გამოვიდე, თან ყავას ვსვამ, ყველა მცენარეს, ხეს ვესალმები და სითბოს ვუნაწილებ. გვიან საღამოსაც გამოვდივარ და საღამო მშვიდობისა ჩემო გოგოებო-თქო, - ვეუბნები.

მართლაც ბევრი მცენარე ხარობს, ძალიან კარგი სანახავია გაზაფხულზე ეზო - იასამნები რომ იღვიძებენ, სუროების მშვენიერი ხეივნები მაქვს, ასევე მცოცავი ვარდები. საოცრება ხდება, როცა ნარცი­სები, ზამბახები იღვიძებს... ახლა ქრიზანთემების სეზონია, მაქვს მწვანე ქრიზანთემაც. ვარდების კიდევ უფრო გამრავლებას ვცდილობ და გაზაფხულისთვის ვაფესვიანებ. ზემოდან სანთელი მაქვს წასმული.

- მოკლედ, ქალაქელი ქალბატონი მოყვარულ მებაღედ და მიწათმოქმედად გარდაისახეთ...
- ასეა. ნინოშვილზე რომ ვცხოვრობდი, პატარა ეზო გვქონდა, იტალიურ ეზოებში "სეტკით" რომ აქვთ ხოლმე შემოსაზღვრული, აი, ასე გვქონდა, დედაჩემი იყო მოყვარული მებაღე. იმ პატარა ადგილზე ყველანაირი მცენარე ჰქონდა დარგული. საერთოდ, ყვავილები ძალიან მიყვარს. ჩემებისთვის ნათქვამი მაქვს, - როცა გარდავიცვლები, ყვავილები მომიტანონ, თითო ტოტი ჩემი გაზრდილი ყვავილიდან...

- ეზო თითქმის სულ ქვებით გაქვთ მოკირწყლული.
- ჩემი ხელით და ურიკებით მაქვს ქუჩებიდან მოტანილი და წერაქვით ამოღებული. გავაკეთე დეკორატიული აუზი, ფანჩატურები, პატარა სათბურივით ყვავილებისთვის...

- რას ურჩევდით სხვებს?
- ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, გაჭირვებულმა ცხოვრებამაც ბევრს შეუცვალა ცხოვრების სტილი, ხასიათი გაუფუჭა, დაკნინდნენ და ამის გამო გაბოროტდნენ. ერთმანეთის მიმართ სიყვარული დააკლდათ. ამიტომ, ერთადერთი თხოვნა ჩემს ხალხთან ის იქნება, რომ ნუ იქნებიან გაბოროტებული. თუ ღმერთთან ახლოს იქნებიან, ყველაფერი თავისით მოვა. კიდევ იმას ვიტყვი, რომ უყვარდეთ ბუნება, ხელი მოჰკიდონ თუნდაც პატარა საქმეს, ქოთნებს, ამითაც ისეთ ხალისს შეიძენენ, ვერც წარმოიდგენენ. ესაუბრონ ბუნებას, იცით, რა კარგად იქნებიან?
ცისო
13 დეკემბერი 2018 18:49
ღმერთმა მოგიმართოთ ხელი. გავიხარე , რომ წავიკითხე თქვენი სულ ის გამოძახილი. მეც ორი წელია სოფელში გადავსახლდი, მეც უკვე პენსიონერი ვარ, ვფუსფუსებ ეზოში და ვეფერები ჩემს ნაშრომს, ეს დიდი ბედნიერება, ჩემი ცხოვრების ნაწილია, გავახარე ვარდები, ყველა სიტი ყვავილების მაქვს, პომიდორი წელს ცოტა გამიფუჭდა, სულ ინტერნეტში ვიქექები, რა ვისეავლო ახალი. მოკლედ ვისაც შრომა უყვარს მისთვის ცხოვრება ნამდვილად საამურია, ისე ველოდები გაზაფხულს , თითებზე ვიყვლი დღეებს. გაიხარეთ ,მე რომ გამახარეთ, უფრო მეტი უნდა იყოს ჩვენ სიტი ადამიანები.
მარიკა
13 დეკემბერი 2018 17:58
წარმატებებს გისურვებთ ლიკა :)
ძალიან კარგად მესმის თქვენი...
სწორი გადაწყვეტილებაა ქალაქგარეთ გადასახლება...
ბუნებასთან სიახლოვეს არაფერი ჯობია.
02 დეკემბერი 2018 15:49
მისაბაძი ქალბატონი ბრძანდებით

თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?