"ხალხს არ ვწამლავ, ჯანსაღ პროდუქტს ვყიდი და დამშვიდებული სინდისით დავდივარ" - კვირის პალიტრა

"ხალხს არ ვწამლავ, ჯანსაღ პროდუქტს ვყიდი და დამშვიდებული სინდისით დავდივარ"

გარდაბანში, ვაზიანის დასახლების მცხოვრებმა ვლადიმერ დადვანმა დამოუკიდებლად ცხოვრება 21 წლის ასაკში, უმამოდ, უსახლკაროდ და უყველაფროდ დაიწყო. სხვა გზა უბრალოდ არ იყო, - მამა ოჩამჩირეში მოუკლეს აფხაზეთის ომში, სადაც თავადაც იბრძოდა. ომიდან შიშველი ხელებით ჩამოსული, დედასა და დებთან ჩავიდა ვაზიანის დასახლებაში, სადაც ისინი ნათესავებს დაებინავებინათ აფხაზეთიდან გამოხიზვნის შემდეგ.

ცხოვრების ნორმალურ პირობებზე საუბარიც ზედმეტია, - ბინაში სკამიც კი არ იდგა, სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა, მაგრამ ყველაზე უარესი ულუკმაპურობა იყო. ლადომ იცოდა, რომ თუ ძროხას იყიდდა, ოჯახი მშიერი არ დარჩებოდა, თუმცა ამის ფული არ ჰქონდა. ხელი ნათესავებმა გაუმართეს, - პირუტყვი აჩუქეს. მან კორპუსის ავტოფარეხი გადააკეთა სადგომად და პირუტყვის გამოსაკვებად გაზაფხულზე შვრია და ქერიც დათესა.

ვლადიმერ დადვანი: - იმ წლების მოგონება გულს მიბზარავს, ამიტომ ხშირად არ ვლაპარაკობ. ერთადერთი სინათლე ჩემთვის შარშან მამაჩემისა და სხვა გმირების ჩამოსვენება იყო ოჩამჩირიდან. მას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის ორდენი. მეც ოჩამჩირეში ვიბრძოდი. როცა გარდაბანში ჩამოვაღწიე, მივხვდი, რომ ხელს თუ არ გავანძრევდი, დედაჩემსა და ჩემს დას მუდმივი გაჭირვება ელოდა. ამაში კი უპირველესად საქონელი გვიშველიდა. ნათესავებიც დამეხმარნენ. წარმოშობით სვანეთის სოფელ კალადან ვარ და ჩემმა ნათესავმა სვანებმა პირუტყვი მაჩუქეს.

რასაკვირველია, უპირველესი იყო, ლუკმაპური გვქონოდა, მაგრამ დარჩენილი რძის ნაწარმი რომ გავყიდეთ და ცოტაოდენი შემოსავალი მივიღეთ, უკვე პირუტყვი დავიმატეთ. ყველსა და მაწონს თბილისში ვყიდდით და ასე ნელ-ნელა ვდგებოდით ფეხზე. რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ, თორემ ისე რას გავხდებოდი. პირუტყვისთვის ქერისა და შვრიის მოყვანას კი მხოლოდ მე ვუძღვებოდი. არ იყო მარტივი შრომა, მაგრამ არც გაჭირვებაა იოლი.

- მიწაც შეიძინეთ? - მიწის შესაძენი ფული ვერ დავაგროვე, თორემ აუცილებლად შევიძენდი. მარცვლეულს ახლობლის მიწაზე ვთესავდი. ამ ადამიანს 5 ჰექტარი მიწა შევარდნაძის ხელისუფლების დროს ჰქონდა შეძენილი. რომ ვუთხარი, თუ შენ ვერ იყენებ, მომეცი საშუალება მე ვისარგებლო, ხორბალი და შვრია მოვიყვანო და შემოსავალს შენც გიწილადებ-მეთქი, გადაირია კაცი, - მაგ მიწას ახლა ვერ ვუვლი, 5-6 წელიწადს უფასოდ დაგითმობ, თუ რამეს მოიყვან და შენს ოჯახს მოახმარ, მე მხოლოდ გამიხარდება, გაძლიერდი და მერე ვნახოთო. Mმოკლედ, ამ ადამიანმა ფრთები გამაშლევინა. რაც მთავარია, წინ წავედი, პირუტყვის მოვლასთან ერთად, აქვე ორი ტბორი გავაკეთე, სადაც თევზი მოვაშენე.

- კარგი საქმე გაგიკეთებიათ. - მეც ასე ვფიქრობ, მით უფრო, რომ თევზზე მოთხოვნა მუდამ არის. მერე კოოპერატივიც შევქმენი. ვაზიანში ახლობლები შევკრიბე და ვუთხარი, არც თქვენ და არც მე შრომა არ გვეზარება, კოოპერატივით ბაზარზე გზას უფრო გავიკვალავთ, გარდა ამისა, კოოპერატივებს ტექნიკითაც ეხმარებიან-მეთქი. სამწუხაროდ, ეს არ გამოვიდა, ვერ მივაღწიე, რომ სახელმწიფო პროგრამაში მოვხვედრილიყავი. თითქოს "ენპარდიც" შეგვპირდა ტექნიკას, მაგრამ ესეც არ გამოვიდა. ასე რომ, კვლავაც საკუთარი შრომის იმედად დავრჩი. თუმცა, ადრე ამის არ შემშინებია, როცა არაფერი მებადა, ახლა რატომ უნდა შემშინებოდა?! ერთადერთი უსიამოვნება მაშინ შემექმნა, როცა ის მიწა გაიყიდა, სადაც ეს ყველაფერი გავაკეთე.

- რას ამბობთ? - სამწუხაროდ, ასეთი რამეები ხშირად ხდება და ახლაც ასე მოხდა - ეს მიწა შევარდნაძის ხელისუფლების დროს ჩემმა ახლობელმა ოფიციალურად კი შეიძინა, მაგრამ ელექტრონულად არ იყო დაფიქსირებული და ყველაფერი ამან გამოიწვია. მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, სიკეთე არსებობს-მეთქი და ეს ტყუილი არ არის - ვინც ეს მიწა შეიძინა და ჩემი ნაშრომი ნახა, მითხრა, თქვენ შესახებ არ ვიცოდი, მომეცი 35.000 დოლარი - ის თანხა, რაც ამაში გადავიხადე და მიწას სხვაგან ვიყიდიო.

- ეს თქვენთვის ალბათ დიდი ფულია. - ასეა, მაგრამ ჩემი შრომის იმედი მაქვს. ამ ტერიტორიაზე ახლა 8 000 კვმ ოთხი სათევზე ტბორია, რომელსაც ბუნებრივი მარილიანი წყალი მიეწოდება. მსგავს წყალში, როგორც წესი, თევზი ჯანმრთელია, რადგანაც მარილი წყალს თავად წმენდს. ვინც თევზს უვლის, კარგად იცის, რომ 1 კვმ-ზე, წესით, თითო თევზი ამოდის. ამ რაოდენობის თევზი რომ გავყიდო და ეჭვიც არ მეპარება, რომ გაიყიდება, ეს ნამდვილად მომცემს საშუალებას, ვალის გადახდა დავიწყო.

- არ გაშინებთ, მაგრამ პროდუქტის გაყიდვა ჩვენში რთულია. - ეს მეც ვიცი, მაგრამ ამ საკითხში აფხაზეთის მთავრობა ამომიდგა გვერდში, რისთვისაც მადლობას ვუხდი. მაღაზიათა ქსელს დამაკავშირეს, რომელმაც ჩემი თევზი შეამოწმა და მოიწონა. ვფიქრობ, გასაყიდად მოგვიანებით გავიტან - თებერვლიდან, როდესაც ბაზარზე თევზის ფასი აიწევს. პარალელურად, მიწის შესყიდვის საკითხსაც მივხედავ.

არ მესმის, უშრომლად ადამიანი როგორ უნდა გაჩერდეს. ყველაფერს თავი რომ დავანებო, კმაყოფილი და გახარებული ჩემს კოოპერატივის წევრებთან ერთად იმითაც ვართ, რომ ოჯახებს ნატურალურ საკვებს ვაწოდებთ. და არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, რადგან ვიცი, ხალხს არ ვწამლავ, ჯანსაღ პროდუქტს ვყიდი და დამშვიდებული სინდისით დავდივარ.