"ჩვენ კივის გავრცელება ევროპელებს დავასწარით" - კვირის პალიტრა

"ჩვენ კივის გავრცელება ევროპელებს დავასწარით"

"ბუსუსების გამო კივის ფაროსანა არ ეკარება"

კივისთვის კლიმატური პირობების ოდნავ შეცვლაც კმარა, რომ მოსავლიანობა შეიცვალოს. ამის მაგალითი გვერდიგვერდ მდებარე გურია-აჭარის რეგიონებია, სადაც ადრიანი გაზაფხულის ამინდების მიხედვით მოსავალი რადიკალურად განსხვავდება. მაგალითად, თუ შარშან აჭარაში უჩიოდნენ კივის მოსავლის სიმცირეს და გურიაში კივის პლანტაციები დაიხუნძლა, წლეულს აჭარაში მიიღეს კივის დიდი მოსავალი, კარგ ფასადაც გაყიდეს და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გაიტანეს. აჭარის აგროსერვისცენტრის დირექტორის მოადგილე, აგრონომი ლევან ბოლქვაძე რეგიონში კივისა და მისი მოსავლიანობის შესახებ გვესაუბრება.

- კივი ფაქიზი მცენარეა, კარგი მოვლა სჭირდება, თუმცა შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ მისმა შემოსვლამ მოსახლეობას შემოსავლის წყარო გაუჩინა. კივის ფასი თავიდანვე აღემატებოდა მანდარინის ფასს და დღესაც ასეა.

წლეულს აჭარაში მანდარინი 60 თეთრად ბარდება, კივის ფასი კი 1 ლარია, არადა, კივი ახალი კულტურაა.

საქართველოში 80-იანი წლების დასასრულამდე არც კი ვიცოდით, რომ მისი საკვებად გამოყენება შეიძლებოდა. აჭარის პარკში იდგა კივის ლამის საუკუნოვანი ხე, რომელსაც ყურძნის მტევნის მსგავსი ნაყოფი ესხა, მაგრამ არავინ იცოდა, თუ მისი ჭამა შეიძლებოდა. კივიში შერეულია ციტრუსებისა და კენკროვნების, მათ შორის - მარწყვის თვისებებიც. ჩვენ მისი გავრცელება ევროპელებს დავასწარით. არასოდეს დამავიწყდება, 90-იანი წლების ბოლოს თბილისში გამართული სასოფლო-სამეურნეო გამოფენა, სადაც აჭარის კივი ჩავიტანე და იტალიელები გაოცებული უყურებდნენ, ეს რა ხილიაო. დღეს კი იტალია მსოფლიოში მეორეა კივის ექსპორტით.

- მართლაც უცნაური მცენარეა, რომ შეხედავ, შეიძლება ვაზიც მოგაგონდეს - მასავით ხვიარაა... - ვაზს "ულვაში" გამოაქვს და ისე ეხვევა ჭიგოს, კივი კი - ყლორტით. ერთ სეზონზე ეს ყლორტი ისეთი ძლიერი მერქნოვანი ღერო ხდება, რომ რასაც ჩაეხვევა, თუ არ მოჩეხე, ვეღარ მოაშორებ. იმიტომაც სჭირდება გასხვლა. კივის მოყვანას დიდი შრომა სჭირდება, სამაგიეროდ, როცა მოსავალს მოგცემს, სარგებელსაც დიდს მიიღებ. კივის შენახვა უფრო ადვილად შეიძლება, ვიდრე, ვთქვათ, მანდარინის. როგორც აგრონომს, ძალიან

მომწონს კივის შენახვის ერთი არაჩვეულებრივი მეთოდი - კივის თავისივე ფოთლებში ინახავენ და იქვე, პლანტაციებში ტოვებენ. ასე შენახული კივი კარგად ძლებს და შენახვის ხარჯიც არ სჭირდება.

- სამაგიეროდ, კივი ფაქიზია, ბუნებრივ პირობებზე იოლად რეაგირებს. მაგალითად, გურიაში წლეულს კივის მოსავალს იმის გამო უჩივიან, რომ გაზაფხულზე ტემპერატურა 0C-მდე დაეცა. - მართლაც ასეა. შარშან აჭარაში გაგვიფუჭა მოსავალი ასეთმა ტემპერატურამ, თუმცა ბუნებამ მაინც იცის ადამიანის დაცვა - შეიძლება ამგვარმა ტემპერატურამ და ყინვამ პლანტაცია ერთ სოფელში გააფუჭოს, მაგრამ მეორე სოფელში, სადაც ქარისგან დამცავი ფერდობი ან მზისგულია, მოსავალი გადარჩეს. ასეთ შემთხვევაში მშრომელ კაცს ისიც შველის, რომ მას სხვა კულტურაც აქვს.

კივი აჭარაში დაახლოებით 70 ჰექტარზე ითესება. არიან ფერმერები, რომელთაც 100 ტონამდე კივი მოჰყავთ და გემით უკრაინაში და სხვაგან გააქვთ.

კივი ყველგან ხარობს, აღმოსავლეთ საქართველოშიც, მაგრამ დასავლეთ საქართველო კივისთვის ზედგამოჭრილია. აღსანიშნავია, რომ ბუსუსების გამო კივის ფაროსანა არ ეკარება.

ამას წინათ დამწყებ ფერმერს ვესაუბრე, რომან ცეცხლაძეს. გემის კაპიტანი იყო და ახლა უნდა სოფლის მეურნეობას მიჰყოს ხელი. ვიღაცას ატმის პლანტაციის გაშენება ურჩევნია. აჭარაში ატამს რა უნდა?! რა თქმა უნდა, გაუფუჭდა და იძულებული გახდა, ნარგაობა აეყარა და კივი დაერგო. ზუსტად ისეთი ტერასები მოაწყო, როგორსაც მესხეთში აკეთებენ ვაზისთვის. ახლა დარდობს, აქამდე სად ვიყავიო. ასე რომ, ჩვენი ბუნებრივი პირობები კივისთვის არის ზედგამოჭრილი, კივი კი - ჩვენებურებისთვის.