ადგილი, სადაც ადამიანები ჰარმონიას პოულობენ
ადგილი, სადაც ადამიანები ჰარმონიას პოულობენ
"არა მგონია, საქართველოში ასეთი ტურისტული ცენტრი იყოს. აქ ჩამო­სულები მიდიან თავიანთ ქვეყნებში და ჰყვებიან, რომ იყვნენ ბუშეტში, საქართველოს ერთ პატარა სოფელში, სადაც საოცრებები ხდება"

შალვა ამონაშვილის სახელი ყველამ იცის. ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან მასსა და განათლების სისტემაში მის ახლებურ მეთოდებზე მთელ რეგიონში ლაპარაკობდნენ. დღეს ბატონი შალვა სხვადასხვა ქვეყანაში ლექციებს კითხულობს, ბევრ ქვეყანაში მისი დანერგილი სისტემით სკოლები და უნივერსიტეტები იხსნება. ბატონ შალვას თელავთან ახლოს, ბუშეტში, თავის­ კარ-მიდამოში ვესტუმრეთ.

ამ ადგილს მთელი
მსოფლიოდან სტუმრობენ ოჯახები, რჩებიან აქ და არა მხოლოდ ამონაშვილების ჰუმანური პედაგოგიკის არსს ეცნობიან, არამედ პოულობენ პასუხებს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე. ამ დიდ სივრცეში ყველაფრისთვის არის ადგილი: სახელოსნო, თეატრი, ლექტორიუმი, საბავშვო მოედანი, აუზი, პატარა ტაძარიც კი... სტუმრებს საკუთარი ფერმის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტსაც სთავაზობენ, თუმცა ქართველებმა აქაურობის შესახებ
არაფერი იციან.

შალვა ამონაშვილი: - აქ დავიბადე, მერე ზაფხულობით ბებიასთან ჩამოვდიოდი ხოლმე. გავიდა დრო და, მე და ჩემმა მეუღლემ ავაშენეთ სახლი და აქ ზაფხულობით ბევრ დროს ვატარებდით. ადრე აქ ერთი ცაცხვის გარდა ხე არ იდგა. ჩვენ ყველაფერი გადავაკეთეთ, გავაახლეთ და ახლა მშვენიერი კომპლექსია. რასაკვირველია, სხვა გეგმებიც გვაქვს - გვინდა, კოტეჯები დავამატოთ, რადგან აქ რამდენიმე დღის გატარების მსურველი ბევრია, ადგ­ილი კი ყველას არ ჰყოფნის.

- თავიდანვე გჯეროდათ, რომ ამხელა კომპლექსს გააკეთებდით?
- ხალხი რომ მოდიოდა, იმიტომაც გაჩნდა ამის გაფართოების იდეა. მე და ჩემმა მეუღლემ დავაარსეთ ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრი, დავიწყეთ სემინარები და მოზღვავდა ხალხი. მეექვსე წელია, ასე გრძელდება. წლეულს 1200 კაცი ჩამოვიდა 34 ქვეყნიდან.
ყოველდღე რაღაცას ვაშენებთ, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს დასაქმებული. სეზონზე 40-მდე აქაური მუშაობს. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენმა ცენტრმა სოფლის განვითარებასაც შეუწყო ხელი. იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ვერ ვაბინავებთ, სოფლის მცხოვრებლები უმასპინძლდებიან. როცა არავინ არის, მაშინ აქაურები მოდიან, აქ სეირნობენ, რჩევას გვეკითხებიან...

ბატონი შალვას ვაჟსა და რძალსაც ვეს­აუბრეთ. ბატონ პაატას მეუღლე ქალბატონი თამარ სხვიტარიძე ამ დიდი სახლ-კარის დიასახლისია. მისი გემოვნება განსაკუთრებულად ეტყობა იმ სახლს, რომელიც ამონაშვილებმა თავიანთ საცხოვრებლად აირჩიეს. სახლი ოთხივე მხრიდან შემკულია სხვადასხვა სტიქიის სიმბოლოებით და მზისგულზეა, ამიტომ მზის სახლს ეძახიან. ამ სახლშია ბატონ შალვას კაბინეტი, მისი პირადი ნივთები და გარდაცვლილი მეუღლის ფოტოები, პაატასა და თამრიკოს საერთო კაბინეტი მათი საყვარელი ნივთებით. საძინებელიც, ისევე როგორც მთელი სახლი, ხით არის მოპირკეთებული და თამარის მიერ ძალიან საინტერესოდ შემკული. კედლები მისი მოხატულია და ორიგინალურად ერწყმის ვინტაჟურ სტილს. მისაღებ ოთახში ხეზე დახატული ორიგინალური თაროებია, სამზარეულოს დეკორშიც დიასახლისის ხელი იგრძნობა.
პაატასა და თამარს ბუშეტზე, მეურნეობაზე, ოჯახურ ტრადიციებზე ვესაუბრეთ.

პაატა ამონაშვილი: - არა მგონია, საქართველოში ასეთი ტურისტული ან კულტურული ცენტრი სადმე იყოს. აქ ჩამო­სულები მიდიან თავიანთ ქვეყნებში და ჰყვებიან, რომ იყვნენ ბუშეტში, საქართველოს ერთ პატარა სოფელში, სადაც საოცრებები ხდება. მერე მათი მეგობრები ინტერესდებიან და ახლა ისინი ჩამოდიან. კისისხევის, ვანთისა და კალაურის მთებში ისეთი ადგილებია, არც ერთმა სხვა ტურისტმა რომ არ იცის. იქ დგას V საუკუნის ისტორიული ძეგლი, გვერდით უდგას IX საუკუნის უშველებელი ციხესიმაგრე, რომელშიც ცხოვრობდა ილარიონ ქართველი. ჩემი სტუმრები თვითონ დამყავს ამ ადგილებში და თან ისტორიას ვუყვები. ეს ემოციები სამუდამოდ ამახსოვრდებათ.

- მეურნეობა გაქვთ, სადაც ყველაფერი ბიოლოგიურად სუფთა მოგყავთ და სოფლის მცხოვრებლებსაც ასწავლით, როგორ მოიყვანონ­ მოსავალი შხამქიმიკატების, ნიტრატების გარეშე...
- გვაქვს 2,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელსაც ვამუშავებთ, გვაქვს­ ხილი, ბოსტნეული. ამ საქმიანობაში თანას­ოფლელები გვეხმარებიან. დღემდე ვდაობთ,­ ბალახი შევწამლოთ თუ არა. წლებია, ვცდ­ილობ, ავხსნა, რატომ არ უნდა შევწამლო ბალახი. როცა ვახერხებდი, მუშებთან ერთად ყველა სამუშაოს საკუთარი ხელით ვასრულებდი. სარეველას მოსპობის იოლი გზაა, დავასხათ შხამი, რომელიც მას მოკ­ლავს და იმედი ვიქონიოთ, რომ მცენარე გადარჩება. ეს ილუზორული გზაა - სადაც შხამია, იქ არაფერი გადარჩება­. სარეველა უნდა დაგლიჯო ხელით ან ტრაქტორით.
არსებობს მიდგომა, რომელსაც პერმაკ­ულტურა ჰქვია, რაც გულისხმობს ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ კულტივირებას. რას ნიშნავს ეს? ვთქვათ, ლობიოს ჩრდილი უყვარს, საზამთროს - მზე, კაკლის ხე კი მაღალი იზრდება. მაღალი მცენარის ქვეშ დავრგოთ ის მცენარე, რომ­ელსაც ჩრდილი უყვარს. ეს მცენარეები ერთმანეთს იცავენ. ასეა ტყეშიც. იქ არავინ არაფერს რწყავს, დაბარვა და კულტივირება არაფერს სჭირდება, მცენარეები კი ერთმანეთს ასასუქებენ. ეს პერმაკულტურა მიწას ანოყივრებს. ვოცნებობ, ოდესმე აქაც ასეთი რაღაც დავინახო.

მაღაზიის სასუქის ნაცვლად ვშოულობთ ნაკელს და ვუყრით მცენარეებს. ჰერბიციდის ნაცვლად, დავირაზმებით და მუშებთან ერთად ვგლეჯთ ამ ბალახებს თვეში ერთხელ ან ორჯერ. ვაკეთებთ კომპოსტს - სამზარეულოში ბევრი ნარჩენია, ვყრით ორმოებში და ზემოდან მიწას ვაყრით. ადრე ბალახს რომ ვთიბავდით, მიგვქონდა და ხევში ვყრიდით. ახლა მიმაქვს თივა და ხეებს ძირში ვულაგებ. ამ დროს ხეებს ფესვები სიგრილეში აქვს, ნესტი უნარჩუნდება. თავიდან მეუბნებოდნენ, რომ ხეებს ვღუპავ, ახლა კი მოსახლეობაც ასე იქცევა. ამას მულჩირება ჰქვია. სადაც თივას აწყ­ობ, იქ ბალახი აღარ იზრდება, თივა კი ნელ-ნელა ლპება და სასუქად იქცევა.

- როგორ ფიქრობთ, დღეს შესაძლებელია ადამიანი ბიოპროდუქტებით იკვებებოდეს?
- რა თქმა უნდა. მე, მაგალითად, თბილისში მივაგენი სათბურს, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იყიდება. შესაძლოა, ვინმემ იანგარიშოს, რომ ჩვეულებრივ ბაზარში პომიდორი ღირს, ვთქვათ, 2 ლარი და ამ სათბურში კი - 4 ლარი. მე ვითვლი არა იმწუთას გადახდილ თანხას, არამედ შემდეგ წამლებში დახარჯულ ფულს. დღეEს უამრავი ავადმყოფი ადამიანი დადის. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ არაჯანსაღი საკვებია. დარწმუნებული ვარ, ერთ დღესაც ადამიანებმა უარი რომ თქვან ფქვილზე, განსაკუთრებით - უცხოეთიდან შემოტანილზე, და შაქარზე, უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ავადმყოფობები განახევრდება და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება.

- რა არის ჰარმონიული ცხოვრების რეცეპტი?
თამარი: - ყველა დაბრკოლება აუცი­ლებელია, რათა მიხვდე, რა დააშავე­, რა შეგეშალა, წინ როგორ წახვიდე, რა გამო­ას­წორო. რაც მთავარია, ადამიანებმა ერთმანეთი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც­ ვართ, არ უნდა ვცადოთ ერთმ­ანეთის შეც­ვლა. ასე სიყვარული გამყარდება და ბედნიერებაც მოვა. ორი ბედნიერი ადამიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება უკვე ჰარმონიაა.


ლელა ზურებიანი, მერი ბლიაძე
ჟურნალი "შინ"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-12-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
10-12-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები