ციტრუსის ბაღმა რომ კარგად გამოიზამთროს - კვირის პალიტრა

ციტრუსის ბაღმა რომ კარგად გამოიზამთროს

ჩვენში გავრცელებულ ციტრუსებს შორის ყველაზე ყინვაგამძლე მანდარინია - ის მინუს 11-12 გრადუსზე იყინება. დღევანდელი 9 ათასი ჰექტარიდანაც 8 ათასზე სწორედ მანდარინია გაშენებული. ფორთოხალი მინუს 9-10 გრადუსზე იყინება, ლიმონი კი 8 გრადუსზე

ნარინჯ-თურინჯი - ასე ეძახდნენ ძველად ხილს, რომელიც ზამთრის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში ხარობს. ვისაც ცივ ნოემბერში ოქროსფრად მოლივლივე ციტრუსის ბაღები უნახავს, ამ სილამაზეს ვერასოდეს დაივიწყებს. როგორ უნდა მოუაროს ფერმერმა თავის ბაღს, რომ კარგი მოსავალი მიიღოს? - ამის შესახებ ჩვენს მკითხველს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ გაბრიჩიძე ესაუბრება.

- კარგა ხანია, რაც დასავლეთ საქართველოში "ნარინჯისფერი რთველი" დაიწყო. ამ მხარეში ციტრუსები დიდი ხანია მოჰყავთ, საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონები საუკეთესო ადგილია ამ კულტურებისთვის. თუმცა ბოლო წლებში ციტრუსის ბაღები ჩვენთან ძალიან შემცირდა, გასულ საუკუნეში თუ ციტრუსოვანთა საერთო ფართობი 28-29 ათას ჰექტარს შეადგენდა, დღეს მხოლოდ 9 ათას ჰექტარზეა გაშენებული. პლანტაციების უმეტესობა აჭარა-გურიისა და სამეგრელოს თბილ რეგიონებშია.

- მოსავლის აღება წლეულს როგორ მიმდინარეობს? - მშვიდად და ნორმალურად, დაკრეფილი ხილი მიაქვთ ჩამბარებელ პუნქტებში, რომლებიც მერე გზავნიან რუსეთში, უკრაინაში, საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში... როგორც ვიცი, უკვე საკმაო რაოდენობის პროდუქციაა გასული და ციტრუსის რთველი ახლაც გრძელდება.

- ციტრუსის მოსავლის აღება როდის უმჯობესია? - სასურველია ნოემბერ-დეკემბერში დასრულდეს, რადგან დაგვიანება მოსავალს საფრთხეს უქმნის - ტემპერატურის უეცარმა დაცემამ შესაძლოა ნაყოფი მოყინოს. ამიტომ ციტრუსის მოსავალი რაც შეიძლება დროულად უნდა ავიღოთ. იყო წლები, როცა ყინვა ნოემბერში დაიწყო და მთელი მოსავალი დააზიანა. ამიტომ ახალი კანონმდებლობით, თუ მოსავალს ყინვა 1-ლ დეკემბრამდე დააზიანებს, ზარალს სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ. ზოგიერთი ფერმერი მოსავლის აღებას აგვიანებს და საქმეს იანვრისთვის დებს, რაც არ შეიძლება, თანაც, როცა მეპატრონე დროულად არ დაკრეფს თავის ბაღს, ამ შემთხვევაში ყინვისაგან დაზიანებული ციტრუსის ღირებულებას სახელმწიფო აღარ აანაზღაურებს. ამიტომ სასურველია, მოსავალი 1-ლ დეკემბრამდე დაკრიფოს.

- ყველაზე გამძლე ციტრუსის რომელი სახეობაა? - ჩვენში გავრცელებულ ციტრუსებს შორის ყველაზე ყინვაგამძლე მანდარინია - ის მინუს 11-12 გრადუსზე იყინება. დღევანდელი 9 ათასი ჰექტარიდანაც 8 ათასზე სწორედ მანდარინია გაშენებული. ფორთოხალი მინუს 9-10 გრადუსზე იყინება, ლიმონი კი 8 გრადუსზე.

ციტრუსის ბაღის მოვლა მოსავლის აღებით არ სრულდება. მომდევნო წლისთვის უკეთესი მოსავლის მიღება თუ გვინდა, ბაღების მოვლაზე ნაყოფის გაკრეფისთანავე უნდა ვიზრუნოთ.

- ცნობილია, რომ მოსავლის აღების შემდეგ ხეებს ფუთავენ, ყინვამ რომ არ დააზიანოს. - შეფუთვა კარგია, რადგან ხეზე შემოხვეული ქსოვილის წყალობით შიგნით ტემპერატურა 2-3 გრადუსით უფრო მაღალია. მაგალითად, მინუს 8 გრადუს ყინვაზე ლიმონი იყინება, მაგრამ თუ შეფუთულია, მინუს 5-6 გრადუსზე მოუწევს ყოფნა და მოყინვას გადაურჩება. კომუნისტების დროს ბევრი ნაკვეთი იფუთებოდა, რადგან ციტრუსებს კარგი ფასი ჰქონდა. დღეს ის მრავალი ქვეყნიდან შემოდის და კონკურენცია დიდია, ამიტომ ქართული ციტრუსის გასაყიდი ფასიც საკმაოდ დაბალია - ზოგჯერ გაწეულ ხარჯსაც ვერ ანაზღაურებს. ამიტომ, ვისაც დიდი პლანტაციები აქვს, ციტრუსის ხეებს არ ფუთავს, რადგან ასე ბიზნესი წამგებიანი იქნება. ისედაც, ზღვისპირა ადგილებში, სადაც თბილი კლიმატია და ციტრუსები სტაბილურად ხარობს, ამგვარი დახმარება იშვიათად არის საჭირო. ზღვიდან მოშორებულ რაიონებში კი, თუნდაც ვანში, სამტრედიაში, აბაშასა და შედარებით ცივ ზონებში, ციტრუსის ნარგავებს ფუთავენ, მაგრამ ეს ძვირი სიამოვნებაა და მხოლოდ ოჯახურ პირობებში აკეთებენ. სამაგიეროდ, არსებობს აუცილებელი ღონისძიება, რომელიც ყველგან უნდა შესრულდეს - ციტრუსების ხეების შეთეთრება.

- ეს რისთვის არის საჭირო? - ხეების კირიანი ხსნარით შეთეთრება დეზინფექციას უკეთებს ნარგავებს და მავნებლებსაც სპობს; მეორე მხრივ, ნაადრევ ვეგეტაციასაც აჩერებს, რადგან შეთეთრებული ციტრუსის ხეები მზის სხივებს აირეკლავს. მცენარე შედარებით გვიან ყვავილობს და გაზაფხულის ყინვა ვეღარ აზიანებს. ასე რომ, ვინც ძირებს შეათეთრებს, მოიგებს, მაგრამ მარტო ეს საქმეს ვერ შველის: აუცილებელია ხეების გაწმენდა გამხმარი, მოტეხილი ან დაზიანებული ტოტებისგან, ნარჩენების ნაკვეთიდან გატანა და უტილიზაცია - თუნდაც სასუქის დასამზადებლად გამოყენება. სხვათა შორის, ახალგაშენებულ ბაღებში ვარჯის აკვრაც აუცილებელია - ეს ციტრუსის ხეებს დაზიანებისგან დაიცავს. ახალგაზრდა ნარგაობების ყინვისგან დასაცავად დეკემბერში სასურველია ხის ძირებში მიწის შემოყრა. თუ დიდი თოვლიანობაა, დაზიანების თავიდან ასაცილებლად თოვლის დაბერტყვა და ტოტების გათავისუფლებაც აუცილებელია.

- ციტრუსის ნაყოფი რა პირობებში უნდა შევინახოთ? - ნაყოფი გრილ სარდაფში, 4-5 გრადუს ტემპერატურაზე უნდა შევინახოთ, სპეციალურ პოლიეთილენის ყუთებში. მისი ძირს დაყრა არ არის რეკომენდებული. სწორად შენახული მანდარინი აპრილამდეც ძლებს. ფორთოხალი კიდევ უფრო გამძლეა, ოღონდ გადარჩეული, დაუზიანებელი ნაყოფი.

დაბეჟილი ხილის შენახვა არ შეიძლება, რადგან ერთი დაზიანებული ნაყოფი ხშირად მთელ ყუთს აზიანებს. ყუნწებიც არ უნდა შეჰყვეს - უნდა დავაჭრათ. სხვათა შორის, შენახული ციტრუსი უფრო გემრიელია, რადგან ამ დროს ნაყოფში ქიმიური პროცესები მიმდინარეობს და ის მწიფდება, სპეციალურ მაცივრებში კი ციტრუსებს მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

- ყურადღებასა და მოვლას ნიადაგიც მოითხოვს... - ცხადია, ზამთრის პერიოდი ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ნიადაგის მოსაწესრიგებლად. სასურველია, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ავიღოთ ნიადაგის ნიმუში და მჟავიანობა და მასში შემავალი საკვები ელემენტების რაოდენობა ლაბორატორიაში შევამოწმოთ. ნიადაგის ანალიზის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციებით ფერმერი შეიტყობს ბაღში შესატანი ორგანული თუ მინერალური სასუქების რაოდენობასა და ვადებს. თუ ბაღში ნიადაგის მჟავიანობა მაღალია, აუცილებელია 1 ხეზე 10 კილოგრამი კირის ან კირიანი სასუქების შეტანა. ზამთარში ასევე აუცილებელია ნიადაგის დაცვა ჭარბი წყლისგან. ამისთვის წყლის საწრეტი არხები უნდა გაიწმინდოს. სასურველია კარგა ხნის გაშენებულ ბაღში თითოეულ ხეზე შევიტანოთ 30-40 კილოგრამი გადამწვარი ნაკელი ან ტორფ-კომპოსტი, ფოსფორისა თუ კალიუმის სასუქები, აზოტოვანი სასუქები კი ფერმერმა გაზაფხულსა და ზაფხულში უნდა შეიტანოს.

- რა უნდა გაითვალისწინონ ფერმერებმა, რომ ყინვისა და ბუნების ჭირვეულობისგან თავი დაიცვან? - გლობალური კლიმატური ცვლილებების გამო შესაძლოა ზამთრის ბოლო თვე, თებერვალი, ჩვეულებრივზე თბილი იქნეს, ციტრუსები ნაადრევად აყვავდეს და კვირტებიც გამოიღოს, ხოლო მარტი და აპრილი კი ცივი იყოს. არ არის გამორიცხული, გაზაფხულის ყინვამ ციტრუსის ახალი ვეგეტაცია უკიდურესად დააზიანოს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, როგორც უკვე ვთქვით, ზამთარში შტამბის შეთეთრება. ასევე, მეურნემ უნდა მოიმარაგოს ნამჯა, თივა, ამორტიზებული საბურავები, რომ ყინვაში დაწვას და ციტრუსის ბაღში ნორმალური ტემპერატურა შეინარჩუნოს. ბოლოს კი თითოეულ ფერმერსა თუ გლეხს მივმართავ - მოსავლის აღების შემდეგ ბაღებს ნუ მიატოვებენ. ხარისხიანი და კარგი მოსავლის მისაღებად ციტრუსს მთელი წლის განმავლობაში უნდა მოვუაროთ. რა თქმა უნდა, სასურველია, ყველაფერი სპეციალისტის რეკომენდაციითა და რჩევით გავაკეთოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე