"უკვდავების" წითელი კუნწულები - კვირის პალიტრა

"უკვდავების" წითელი კუნწულები

"საქართველოში კოწახურის მხოლოდ ორი სახეობა იზრდება. ერთ-ერთი მათგანი ნაღდი ქართული კოწახურია, რომელიც უკვე წითელ წიგნშია შეტანილი"

კოწახურის გემოსა და სარგებლიანობას ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები აფასებდნენ. ეს არომატული, ლამაზი და სასარგებლო მცენარე ჩვენს ქვეყანაშიც გავრცელებულია და თუკი სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ, გადაშენების საფრთხე დაემუქრება. ამ უნიკალური მცენარის შესახებ ბიოლოგი ნანიკო ლომსაძე მოგვითხრობს.

- კოწახურთან მე არა მხოლოდ მეცნიერული, არამედ ემოციური დამოკიდებულებაც მაქვს. ეს ძალიან ლამაზი და სასარგებლო მცენარე საქართველოში უფრო მეტად მთა-ქვიან ადგილებშია გავრცელებული და არემარეს ყვავილებითა თუ წითლად დამწიფებული კენკრის კუნწულებით ამშვენებს. კოწახური ზოგჯერ მდინარის პირებსა თუ ფერდობებზე ხშირ ბუჩქნარად იზრდება. შეიძლება სწორედ ამიტომაც მოგვეჩვენოს, რომ ჩვენში ეს მცენარე ბევრია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.

საქართველოში კოწახურის მხოლოდ ორი სახეობა იზრდება: ერთი, რომელიც ყველგან გვხვდება, ჩვეულებრივი კოწახური, მეორე კი ნაღდი ქართული კოწახური, რომელიც უკვე წითელ წიგნშია შეტანილი და მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება. ამ უკანასკნელის გადარჩენის იმედად ის მესახება, რომ ვაშლოვნის ნაკრძალშია დაცული.

- როგორც ცნობილია, კოწახურს ძველად მისტიკურ მნიშვნელობასაც კი მიაწერდნენ, იმდენად სასარგებლოდ მიაჩნდათ. მაშ, რატომ არის, რომ კოწახურს ჩვენში თითქმის არავინ კრეფს და არ იყენებს? - ნამდვილად ასეა, კოწახურის მნიშვნელობა ძველად კარგად იცოდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ, მის შესახებ თიხის ფირფიტებზეც არის მოთხრობილი.

ინდოეთში დღესაც თვლიან, რომ კოწახურს მომაკვდავის გადარჩენა შეუძლია. მას უძველეს ქართულ მედიცინაშიც ხშირად იყენებდნენ, მაგრამ დღეს უკვე თითქმის მივიწყებულია. არადა, იმ მხარეებში, სადაც კოწახური ხარობს, მაგალითად, ნაღვლის შეტევისას აუცილებლად მოგიტანენ კოწახურის ნაყენს, რაც თითქმის იმავე წუთებში ახდენს სამკურნალო ეფექტს. ხალხური მედიცინის ჩამონათვალში კოწახურს იხილავთ რევმატიზმის, დიზენტერიის, ფილტვის ტუბერკულოზის, ჰეპატიტის, ღვიძლის თუ თვალების დაავადებების სამკურნალოდ და ასევე სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებადაც. მეტსაც გეტყვით, იაპონელებმა შეისწავლეს, რომ კოწახური ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდაც გამოიყენება.

მოკლედ, ჩვენს ეზოებში, თუკი ამის საშუალება გვექნება, კოწახურის ბუჩქებზე უკეთესს ბევრს ვერაფერს დავრგავთ. მით უფრო, რომ ულამაზესია ყვავილობისა და მსხმოიარობისას.

ახლა კი კოწახურის გემოსა და არომატზეც ვთქვათ. კოწახური შეუცვლელია კუპატისა და ქაბაბის დასამზადებლად. მისი არომატის გარეშე ეს პროდუქტები ბევრს დაკარგავს.

- კოწახურით შენელებული ქაბაბი ბევრ ჩვენგანს მიურთმევია, აფთიაქშიც გვინახავს დაფასოებული. ვინ აწვდის მას დამამზადებელ დაწესებულებებს, უცხოეთიდან შემოაქვთ? არ გამიგია, საქართველოში კოწახურს ვინმე გასაყიდად კრეფდეს. - თქვენ წარმოიდგინეთ, კრეფენ. რაღა თქმა უნდა, იმ ადგილებში, სადაც კოწახური შედარებით ხშირ ბუჩქნარად იზრდება. მაგალითად, მაღალმთიან იმერეთში ან დედოფლისწყაროში კოწახური იმდენია, რომ ქედსაც კი დაერქვა კოწახურა. თუმცა დედოფლისწყაროში ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი გაიყიდა და ცხადია, მეპატრონეებს არ სიამოვნებთ, როდესაც მათ კუთვნილ მიწაზე ვინმე კოწახურს კრეფს.

კოწახურიც და სასარგებლო თვისებების სხვა კენკროვანიც (ასკილი, ქაცვი, კუნელი) შეძლებისდაგვარად აღრიცხული უნდა იყოს, რადგან ეს ჩვენი სიმდიდრეა და მოფრთხილება სჭირდება.

სწორედ მოუფრთხილებლობის ბრალია, რომ ქართული კოწახური წითელ წიგნშია შეტანილი.

- შინ თუ შეიძლება კოწახურის გამრავლება? - რატომაც არა. კოწახური ნიადაგის ნაყოფიერების მიმართ დიდად მომთხოვნი არ არის. ვერ ეგუება ჭარბტენიან ნიადაგებს. კოწახურის გამრავლება ვეგეტაციურადაც შეიძლება, საკუთარ საძირეზე დამყნობით და დათესვითაც. თუ კოწახურის მასივის მოწყობა გვინდა და ნაყოფის რაოდენობა და გემო გვაინტერესებს, სწორედ ვეგეტაციურად უნდა გავამრავლოთ. თესლით გამრავლებისას კი, ისევე როგორც სხვა მცენარეები, კოწახურიც ჯიშობრივ თვისებებს კარგავს.