ჩემი ლოლო გალიაში არ ჯდება
ჩემი ლოლო გალიაში არ ჯდება
"ლოლო უკვე რვა წელია, ჩვენი ოჯახის მეოთხე წევრია. თანაც ოჯახში გენდერული ბალანსი გვაქვს - ორი ბიჭი, ორი გოგო"

ნანა ფიცხელაური "კვირის პალიტრის" ჟურნალისტია. შინ თუთიყუში ლოლო ჰყავს, რომელსაც ოჯახის მეოთხე წევრის სტატუსი აქვს. რვა წელია, მათთან ბინადრობს და ყოველდღე აოცებს პატრონებს...

არაერთხელ გვისაუბრია ადამიანებზე, რომლებსაც ცხოველები თუ ფრინველები ცხოვრებას უხალისებენ. ამჯერად, ოჯახის ყველაზე პატივსაცემ წევრზე ჩვენი კოლეგა გვიყვება.

ნანა ფიცხელაური: - ფრინველი ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან იყო - ხშირად
მყავდა ზოლიანი თუთიყუშები, ხან წყვილი, ხან - ცალი; ზოგი გაფრინდა, ზოგი კატამ შემიჭამა... ჩემი გოგონა 5-6 წლის რომ იყო, ეს ტრადიცია განვაახლე. ჩემგან ანასაც გადაეცა ჩიტების სიყვარული. ბაღში რომ
დადიოდა, თუთიყუში მაშინ მოვუყვანე, მაგრამ ერთი თვალწინ გაუფრინდა და ძAალიან განიცადა. ჩიტი კორპუსის წინ ნაძვზე ჩამოჯდა და მთელი კორპუსი მის დასაჭერად დიდი ჯოხებით შეიარაღდა, ხეს კიბეც მიადგეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, გაფრინდა. ეს ამბავი მეორე თუთიყუშმაც განიცადა და გადაჰყვა კიდეც...

ანა რომ წამოიზარდა, კიდევ მოვიყვანეთ თუთიყუში, ახლა კი გასაოცარი ლოლო გვყავს - ნიმფა-კორელა ავსტრალი­ური კაკადუსებრთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია, 30 სმ-ია და 120 გრამს იწონის, აქვს ქოჩორი და გრძელი კუდი. ლოლუსის ვეძახით.

- დიდი ხანია, თქვენთან არის?
- 2011 წელს მოვიყვანეთ და უკვე რვა წელია, ჩვენი ოჯახის მეოთხე წევრია. ზოომაღაზიაში წავედით, ვერაზე, სადაც თვალისმომჭრელი ლოლო აღმოვაჩინეთ. ყვითელია და წითელი ლოყები აქვს. 120 ლარი გადავიხადეთ. რატომ ღირს ასე ძვირი-მეთქი, რომ ვიკითხე, მითხრეს, მოშინაურებულიაო. თან ჩვენი იქ ყოფნისას თავი გამოიჩინა - რასაც ეუბნებოდნენ, ყველაფერი ესმოდა და სასაცილო რაღაცებს აკეთებდა. ჩემმა გოგონამაც მას დაადო­ ხელი და წამოვიყვანეთ. ბიჭიაო, გვითხრეს. ლოლო რატომ ჰქვია­-მეთქი? ჩვენ შევარქვით და როცა ვეძახით, ამ სახელზე რეაგირებსო. მოკლედ, შინ რომ მოვიყვანეთ, სახელი უკვე ერქვა. სახელს რამდენჯერაც დავუძახებთ, პასუხს გაგვაგონებს. "მოდი" და "წადიც" ესმის...

- ხომ არ ლაპარაკობს?
- თავიდან გარემო იუცხოვა, ცოტა აგრესიული გახდა. მერე ბუმბულიც დასცვივდა. ექიმთან წავიყვანეთ და ვიტამინები დაუნიშნა... თანდათან, მოფერებით, სითბოთი შევიჩვიეთ, საფარიც აღიდგინა და სილამაზეც დაუბრუნდა.

ლოლო მოლაპარაკე თუთიყუშების კატეგორიას არ განეკუთვნება, თუმცა სასიამოვნოდ უსტვენს, მუსიკას ჰყვება, გალობს და არის ძალიან სერიოზული. მინდოდა, უფრო აქტიური ყოფილიყო, მაგრამ მეტად ჭკვიანია. თუ ტელევიზორიდან მუსიკა ესმის, ან მობილურის ზარი, მაშინვე სტვენას ტეხს. ყველაზე ძალიან ჩემი მეუღლის მოსვლა უხარია. მე და ჩემი შვილი ხანდახან "ვაწვალებთ", ანუ ვეფერებით, ჩვენი ლოლუსისთვის კი ხელში დაჭერა წვალებას ნიშნავს. იბრძვის, რომ თავი გაითავისუფლოს, თითქოს გვიწყრება კიდეც, მაგრამ როგორც კი ჩემი მეუღლე კარზე დააკაკუნებს, ხვდება, რომ ის არის და ერთ ამბავს­ ტეხს - დაფრინავს, სტვენს და მისკენ მიიწევს. ჩემი ძალიან ეშინია, რომ მივალ, დამჩხავის. ყველაზე მეტს მე ვეფერები და იმიტომ.

- გალიიდან გარეთ ხშირად უშვებთ?
- გალიაში ნორმალურად არც შესულა, მაცივრის თავზე მოსწონს ყოფნა და ბინაც იქვე დაიდო. ისე, ცოტა მცივანაა და ზამთარში ხან ჩემთან, ხან ჩემს შვილთან ერთად სძინავს, ყელში გვეხუტება, კისერზე გვეხვევა, ლავიწის ძვალზე ქანდარასავით ჩამოსკუპდება, ფეხებს ჩამოდებს და იძინებს. საბანი თუ ახადე, ბრაზობს, ჩხავის და ქშიტინებს...

- მოუწყვია საძინებელი, მაგრამ თქვენთვის რამდენად მოსახერხებელია­ ასე ძილი?
- ადრე გვეშინოდა, არ გაგუდულიყო, ამიტომ სულ ვფხიზლობდით და ახლაც კარგად ვეღარ ვიძინებთ, მაგრამ მივეჩვიეთ. ზაფხულში ხანდახან გალიაში სძინავს. დღის განმავლობაში მაცივარზე ზის და იქიდან გვიყურებს, გვაკვირდება, რას ვაკეთებთ და როგორ... გალიაში მხოლოდ წყლის დასალევად შედის.

2013 წელს, ძლიერი მიწისძვრისას გალიაში იყო. გამოფრინდა და საშინელი ჭახჭახი ატეხა. იფრინა, იფრინა და კარადის უკან ჩაფრინდა შეშინებული, ძლივს ამოვიყვანეთ.

- მოკლედ, ოჯახის სრულფასოვანი წევრია, მხოლოდ ლაპარაკი არ იცის...
- დიახ, თანაც ოჯახში გენდერული ბალანსი გვაქვს - ორი ბიჭი, ორი გოგო. როცა სადილად დავსხდებით, იცის, რომ სუფრაზე პური და ყველი აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ. დაინახავს თუ არა, ჩამოფრინდება, ყველსა და პურს მიირთმევს და წავა. სუფრაზე ყველს თუ ვერ ნახავს, მაცივრის კართან მიდის. ხან კარს შეჰყურებს, ხან ჩვენ, გველოდება, რომ გამოვუღოთ. თუ დავუგვიანეთ, სტვენას იწყებს... ექიმმა მითხრა, ცომი და პური არ შეიძლება, კუჭზე დააწვებაო, მაგრამ მაინც ძიძგნის. როგორც ჩანს, თავისი სპეციალური საკვები არ აკმაყოფილებს. ხილი და ბოსტნეული შეიძლება, მაგრამ არ მიირთმევს, ვერა და ვერ შეიყვარა. ცარცსა და მინერალებს­ არ ვაკლებთ. ზაფხულში გარეთ მინდა გაყვანა, თუნდაც ჩიტების ჭიკჭიკი რომ მოისმინოს, მაგრამ ეშინია, კანკალს იწყებს. რა კლიმატსაც არის შეგუებული, იქ ურჩევნია, ახალს გაურბის. მხარზე ჯდომა უყვარს. ერთხელ დამავიწყდა, მხარზე რომ მეჯდა და სარეცხის გაფენა დავიწყე. მერე უეცრად შევნიშნე და გული გამისკდა - წარმოვიდგინე, რომ გაფრენილიყო, მაგრამ არ გაფრინდა. ჩემს მხარზე მშვიდად იჯდა.

სტუმრებიდან უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებს. კაცის ხმა თუ ესმის, რეაგირებს, მერე, პატივისცემის ნიშნად, მხარზე ან თავზე უნდა შეასკუპდეს და რომ მოკალათდება, აღარ ჩამოდის, თუმცა ყველაზე უკეთ თავს ანასთან გრძნობს.
ჩემი ლოლო სხვა თუთიყუშებს არ ჰგავს, ძალიან სერიოზულია!

ჰო, კიდევ თავის ფხანა მოსწონს და თავს გვიხრის, დამფხანეთო... ზაფხულობით ფანჯარა სულ ღია გვაქვს და გვგონია, რომ გაფრინდება, მაგრამ არ გვტოვებს.

- სახლში მარტო ტოვებთ და არაფერს აფუჭებს?
- არა, არაფერს აფუჭებს, სანდოა. ამოჩემებული ადგილი რომ აქვს მაცივარზე, სულ იქ არის...

- რას ურჩევდი მათ, ვისაც უნდა, რომ სახლში თუთიყუში ჰყავდეს?
- ლოლო ჩვენი ნათელი წერტილია, მის გარეშე ვერც ერთს ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება. როცა ცუდად ვართ, ჩვენთვის ტრანკვილიზატორივით არის. არ გვაწუხებს. მეცოდება კიდეც. ზოგჯერ მინდა, იცელქოს და გამაბრაზოს, მაგრამ... მოკლედ, ლოლო ცხოვრებას გვილამაზებს. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ და დიდხანს გვყავდეს. ახლა ცოტა თვალს დააკლდა, ისე სრულფასოვნად ვეღარ ხედავს. ექიმებთან მყავდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ გვყავს სათანადო სპეციალისტები.

ყველას ვურჩევ, იყოლიოს ასეთი საოცარი ჩიტუნა, რომელიც გუნება-განწყობის გამოკეთებაში დაეხმარება. მას ოჯახში­ პატარა ბავშვივით შემოაქვს სიცოცხლის ხალისი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?