მანჩოს ანგელოზები - კვირის პალიტრა

მანჩოს ანგელოზები

როგორ დავამზადოთ საახალწლო აქსესუარები - მასტერკლასი ჩვენი კოლეგისგან

- ხელსაქმე ბავშვობიდან მეხერხებოდა. დედა კარგად კერავდა და მე გვერდიდან არ ვცილდებოდი, ქსოვა კი თვითონ ვისწავლე. თოჯინებს საქორწილო კაბებს ვუკერავდი, საყურეებს ვუკეთებდი. ვოცნებობდი, მოდელიერ-დიზაინერი ვყოფილიყავი, დღეს კი გაზეთის დიზაინზე ვზრუნავ, თუმცა ჩემი საქმე მიყვარს და მომწონს.

რამდენიმე წელია, გადავწყვიტე, ჩემი ხელითა და ფანტაზიით შემექმნა სხვადასხვა საახალწლო აქსესუარი. ყოველთვის რაღაც უცხოსა და განსხვავებულის გაკეთებას ვცდილობ. ეს პროცესი მამშვიდებს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. არასდროს მეზარება. მანამდე დავშლი და ხელახლა გავაკეთებ, სანამ ისეთი არ გამოვა, როგორიც მომწონს და ჩაფიქრებული მაქვს. ნებისყოფაც მყოფნის და ხალისიც მაქვს, თუმცა ჩანაფიქრს ხშირად პირველივე ცდით ვასხამ ფრთებს. რაც უნდა გვიანი იყოს და სამსახურიდან შინ დაღლილი დავბრუნდე, დაწყებულ საქმეს მაინც დავამთავრებ. მსიამოვნებს, რომ ჩემი ნახელავით მეგობრებს, კოლეგებსა და ახლობლებს ვახარებ და მცირე წვლილი შემაქვს მათთვის საახალწლო განწყობის შექმნაში. ეს მაბედნიერებს.

- ამ ნახელავის შემხედვარე, ვხვდები, რომ შენი საყვარელი მაღაზია საგალანტერეოა...

- რომ შევალ, გამოსვლა აღარ მინდა. ყველაფრის შეძენა მსურს, ყველა ნივთი რაღაც აქსესუარის შექმნის იდეას ჰბადებს. იქ შესვლა ჩემთვის ზღაპრულ სამყაროში შებიჯებას ჰგავს. ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობა რომ არა, ამ მაღაზიაში ისე დავტოვებდი მთელ ხელფასს, უკან არ მოვიხედავდი.

- ვინ არის პირველი შემფასებელი?

- ჩემი გოგონა. ისიც ჩემსავით ხელმარჯვეა, თუმცა სხვა მიმართულებით მუშაობს - ძალიან კარგად ხატავს და თიხისგან აკეთებს აქსესუარებს.

ხშირად მეკითხებიან, როგორ ქმნი ამ სილამაზეს, ჩვენც გვასწავლე ასეთი ანგელოზების შექმნაო. აბა, როგორ დაგზარდებით...

სიკეთე, სიხარული, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა შემოეტანოს თქვენს ოჯახებში ამ ჩემს პატარა ანგელოზებს. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ.

გააკეთე საახალწლო აქსესუარები შენი ხელით

წინასაახალწლოდ მანანა სამუშაო ადგილს მოვწყვიტეთ და ერთი აქსესუარის - ანგელოზის საკუთარი ხელით დამზადების გაკვეთილი

ჩავატარებინეთ. საჭიროა მონდომება და მარჯვე ხელები. მოვუხმოთ ფანტაზიას და ყველაფერი გამოგვივა.

დაგვჭირდება: განიერი ლენტი მყარი კიდეებით, წვრილი ლენტი საკიდისთვის, გედის ბუმბული ფრთებისთვის, წვრილბურთულებიანი მძივი გვირგვინისთვის (იყიდება ნებისმიერ საგალანტერეო მაღაზიაში), ნაძვის ხის პატარა, მრგვალი სათამაშო და ცხელი წებო პისტოლეტით (იყიდება მაღაზიებში).

ჩვენი ანგელოზი შედგება სამი მთავარი ნაწილისგან - ტანის, ფრთებისა და თავისგან.

1. ტანის დასამზადებლად უნდა ავიღოთ განიერი ლენტი, 18 სმ სიგრძის.

2. ბოლოებში ლენტს თავი მოვუყაროთ, რათა დავიწროვდეს და წებოთი დავაფიქსიროთ. ლენტი შუაში ამობურცულ ფორმას მიიღებს.

3. ფრთების დასამზადებლად საჭიროა ბუმბული და ბაფთა, რომელიც ასევე განიერ ლენტისგან მზადდება. ამისთვის მოვჭრათ 20 სმ სიგრძის ლენტი, მისი ბოლოები წებოთი შევაერთოთ, ნაწიბური უკანა მხარეს მოვაქციოთ და შუაში გადავუჭიროთ სამად გადაკეცილი ლენტი (სასურველია, ნაკეცები წებოთი დავაფიქსიროთ).

იქვე ვამაგრებთ სასურველი სიგრძის წვრილი ლენტის ორივე ბოლოს - ეს იქნება საკიდი. უკნიდან ვაწებებთ ბუმბულს და მივიღებთ ჩვენი ანგელოზის ფრთებს.

4. თავის მოსამზადებლად ვიღებთ ნაძვის ხის პატარა ბურთულას და ვაშორებთ ყუნწს. წაგრძელებული ნაწილი, რომელიც მოშიშვლებული დარჩება, ჩვენი ანგელოზის კისერი იქნება.

5. კისერზე დავამაგრებთ წინასწარ გამზადებულ ტანს (იხ.ნახ.2); მის ბოლოებს კისერზე ისე შემოვავლებთ, რომ მთლიანად დაიფაროს და დავაწებებთ.

6. ტანს უკანა მხრიდან, დაახლოებით კისრის ადგილას, დავაკრავთ ანგელოზის მზა ფრთებს.

7. ბოლო ეტაპზე ისევ კისერთან შემოვავლოთ წვრილი ლენტი და გავბანტოთ, რაც კაბას დასრულებულ სახეს მისცემს. ხელსაქმეს ვაგვირგვინებთ მძივის რგოლით, რომელსაც ჩვენს ანგელოზს თავზე დავადგამთ და დავაწებებთ.