ქართული სატაცური ევროპისკენ მიიწევს - კვირის პალიტრა

ქართული სატაცური ევროპისკენ მიიწევს

სატაცური რომ უგემრიელესი დელიკატესია, ქართველებმა დიდი ხანია, გავიგეთ. გარდა ამისა, ველური სატაცური, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში ბევრია, ბაზარზე ძვირი ღირს. სატაცური ბევრ ქვეყანაში ფასობს და მასზე მოთხოვნაც იზრდება, თუმცა ჩვენში რატომღაც ცოტას თუ მოსდის აზრად მისი მოშენება. ბოლო დროს ამ საქმეს დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ოზაანში ძმებმა - მამუკა და ჯაბა გიგოლაშვილებმა მიჰყვეს ხელი. ენა ვერ აღწერს იმ მძიმე შრომას, რაც მათ ამ სამ წელიწადში გასწიეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ პირველი ხნული გავლებულია და პირველი მოსავალიც - მიღებული. ძმებმა შარშან 700 კილოგრამი სატაცური მოიწიეს. რა პერსპექტივა აქვს ახალფეხადგმულ სატაცურის ფერმას, მამუკა გიგოლაშვილი გვიყვება.

- მე და ჩემი ძმა სოფელში გავიზარდეთ. ბაბუასთან ერთად სატაცურიც ბევრჯერ გვიკრეფია და გვიჭამია და მისი ფასიც ძალიან კარგად ვიცით, ამიტომ გამიხარდა, როცა მძიმე 90-იანებში მოსკოვში ყოფნისას გაყინული სატაცური ვნახე. ამით გავიგე, რომ თურმე სატაცურის მოყვანა მეურნეობაშიც შეიძლება. მოსკოვიდან დაბრუნებულმა სატაცურის მოყვანაზე ფიქრი დიდხანს ვერ ამოვიგდე თავიდან. სამი წლის წინ, როცა მე და ჩემს ძმას საშუალება მოგვეცა, ველური სატაცურის თესლი შევაგროვეთ და საცდელად 200 კვმ-ზე დავთესეთ. სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა, წყალში ჩაგვეყარა ექსპერიმენტი.

- რატომ?

- ალბათ, იმიტომ, რომ ველური სატაცურის თესლს შესაფერისი დამუშავება და ნიადაგსაც შერჩევა უნდოდა, მაგრამ გული არ გაგვტეხია - ამჯერად კულტურული სატაცურის შესახებ მოვიძიეთ ცნობები და თესლი ამერიკიდან გამოვიწერეთ, ყველაზე იაფი - სულ 100 დოლარის. თუ არ გამოგვადგებოდა, ეს დამღუპველი თანხა ნამდვილად არ იყო.

- გამოგადგათ? - სანახევროდ. 1200-მდე მარცვალი იყო და 600-მდე ამოვიდა. ალბათ, არცთუ უმაღლესი ხარისხის თესლი გამოვიწერეთ. მეორე წელს უკვე 1000 დოლარის თესლი გამოვიწერეთ, დაახლოებით 1 კგ-მდე. ვიფიქრეთ, ნახევარი ხომ მაინც ამოვაო, მაგრამ გაგვიმართლა და თითქმის სრულად აღმოცენდა, თუმცა მძიმე შრომა ამის შემდეგ დაიწყო. საქმე ის არის, რომ აღმოცენებული სატაცური უნდა დაჩითილდეს; ჩითილები მთელი ზამთრის განმავლობაში ისე უნდა შეინახო, რომ არ გახმეს და მომავალ გაზაფხულზე უნდა დარგო. რაც მთავარია, სატაცური მოსავალს არც მეორე გაზაფხულზე გაძლევს, პირველ ნაყოფს მხოლოდ მეოთხე წელს იღებ.

- საკვირველია... - დიახ. სამაგიეროდ, ეს ერთადერთი ბაღჩეულია, რომელიც პირველი მოსვლიდან 15 წლის განმავლობაში გაძლევს მოსავალს. ჩვენ კი მართლაც გვარიანად ვიწვალეთ. როცა ჩითილები გამოვიტანეთ და მეორე წლის გაზაფხულზე დავრგეთ, მეორედ ნაკვეთის დასახედად რომ მივბრუნდით, ჩითილები ისეთი გაუვალი სარეველათი იყო დაფარული, მათი მიწიდან ამოღება და გადარგვა მოგვიხდა.

- ესე იგი ძალიან გვიან მისულხართ დასახედად. - სამწუხაროდ. მე და ჩემი ძმა დედაქალაქში ვცხოვრობთ. რადგან სატაცური დარგული გვქონდა, გული დავიმშვიდეთ. არც კი ვიცოდით, სარეველასი თუ უნდა შეგვშინებოდა. ტყედ გასული სარეველას მოსპობა აღარ შეიძლებოდა და სხვა რა დაგვრჩენოდა - სატაცური მეორე ნაკვეთზე გადავრგეთ. კურიოზის მთელი სიმწარე კი ის იყო, რომ სატაცურის გადარგვამ ამ ნაკვეთიდანაც მოგვიწია.

- რატომ? - ამჯერად ის არ ვიცოდით, ნაკვეთი ისე როგორ უნდა დაგვემუშავებინა, რომ სარეველა ასე არ მოსდებოდა. ადვილი წარმოსადგენია, ამ გადარგვა-გადმორგვაში როგორ ვიწვალეთ და რამდენი ძირი სატაცური დავკარგეთ... სამაგიეროდ, იმასაც მივხვდით, რომ თუ სატაცურის მოყვანა გინდა, ორი წლის განმავლობაში, სანამ ჩითილები არ მოძლიერდება, სარეველების გასაწმენდად მიწაზე დაჩოქილმა უნდა იმუშაო. სხვანაირად ჩვენთან ეს ვერ მოხერხდება, რადგან სატაცურის ისეთი ტექნიკით დამუშავებას, როგორითაც უცხოეთში ამუშავებენ, დიდი ხარჯი სჭირდება. თუმცა მიღებული შედეგით იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ ტყუილად არ გვიწვალია. სულ ამ შრომით 700 კგ სატაცური მივიღეთ და 1 კგ 15 ლარად გავყიდეთ.

- ცუდი ფასი არ არის, მაგრამ სამწლიანი შრომისთვის, შეიძლება ითქვას, რომ არც ისე დიდი შემოსავალია.

- როცა ამდენი შრომა წყალში არ გეყრება და რაღაც შედეგს მაინც ხედავ, უკვე დიდი ამბავია. ჩვენს ქვეყანაში გაყიდვა ადვილი არ არის, მაგრამ როგორღაც მოვახერხეთ - სოციალურ ქსელში გვერდი გავაკეთეთ და უამრავი ადამიანი გამოგვეხმაურა. ბაზარში შეტანასაც კი გვთხოვდნენ, მაგრამ ეს საჭირო აღარ გახდა - გამოგვეხმაურა რეალიზატორი, რომელმაც ჩვენი მოსავლის გაყიდვა იკისრა, ძირითადად, რესტორნებში. სამწუხაროდ, პირველად არც ეს გამოსულა უნაკლოდ - ჩვენ კანონის დაცვით ვყიდდით, სრულ ხარჯს ვაჩვენებდით, რეალიზატორმა კი ვერ მოახერხა სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

- გასაგებია, ეს რაშიც გიშლიდათ ხელს - სოლიდური შემოსავლის ჩვენების გარეშე არც ერთი ბანკი არ მოგცემდათ საკმარის სესხს წარმოების გასაფართოებლად, არადა, არა მხოლოდ ბანკები, თქვენს შემთხვევაში სახელმწიფოც უნდა გედგეთ მხარში შეღავათიანი პროგრამებით, რომლითაც სხვა მეწარმეებს ეხმარებიან. სატაცურზე მოთხოვნილება მთელ მსოფლიოში იზრდება და არ არის გამორიცხული, ქართულმა სატაცურმა ევროკავშირშიც გააღწიოს.

- მეც ასე მგონია. სხვათა შორის, ჩვენი მოყვანილი სატაცური უკვე "მიიწვიეს" გამოფენაზე ჰოლანდიაში, სადაც სატაცურის თესლი შევიძინეთ. შემთხვევით დავუკავშირდი პირს, რომელიც ევროპის რამდენიმე რესტორანს ეგზოტიკური ხილით ამარაგებს და ქართული სატაცურის ევროპაში გატანაზეც დაფიქრდა... არა მგონია, სატაცურის წარმოება საქართველოში უპერსპექტივო იყოს. მე და ჩემი ძმა გაზაფხულიდან სატაცურის 4 ჰექტარზე დარგვას ვაპირებთ. იმედი გვაქვს, რომ ის გამოცდილება, რაც ჩვენ გემრიელი სატაცურის "მწარე ექსპერიმენტებით" მივიღეთ, ამჯერად ნაყოფიერ შრომაში დაიხარჯება და ჩვენთან ერთად ქვეყნისთვისაც სასიკეთო იქნება.