ოთხხაზიანი ღორების "რეისი" - კვირის პალიტრა

ოთხხაზიანი ღორების "რეისი"

"საიდუმლოა, როგორ მოხვდნენ ჩემთან ევროპული ჯიშების ახალი თაობის გოჭები"

ეს გოჭები გურჯაანელი 24 წლის დათა ფურცელაძის საოჯახო პატარა ფერმაში დაიბადნენ. ფერმერის მიზანი ბიოპროდუქტიული ჯიშის ღორის მოშენება და ერთიანი კომპლექსური მეურნეობის შექმნაა.

დათა ფურცელაძე, ფერმერი: - საქართველოში ამ ჯიშს (ე.წ. ოთხხაზიან, ოთხსისხლიან ჯიშს) თითქმის ვერსად ნახავთ, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ მივაკვლიე, უმეტესად სამხაზიანები ჰყავთ. ოთხხაზიანი გამოყვანილია ოთხი ჯიშის: ლანდრასის, დიუროკის, იორკშირისა და პიეტრეინის სისხლის შერევით, გამოირჩევა მაღალი ხორციანობით, არის ნაკლებცხიმიანი და არ წყვეტს ზრდას, სანამ ცოცხალია, წონაში იმატებს.

საუკეთესო ევროპული ჯიშებიდან ახალი თაობის წარმომადგენელი მივიღეთ, რომელსაც წინაპრების ყველა საუკეთესო თვისება გამოჰყვა.

- შენთან როგორ მოხვდნენ? - ეს საიდუმლოა. ჯერ ვამრავლებ, ნამატს არ ვყიდი. გაზაფხულისთვის სულადობა გაგვეზრდება და გოჭების გაყიდვასაც დავიწყებთ. ამჟამად მხოლოდ 15 სული გვყავს, აქედან ცხრა სადედე, ოთხი კი უკვე მაკედაა.

- საშუალოდ რამდენს იწონიან?

- ერთი წლის ნეზვები ხშირად 200-250 კილოგრამს აღწევენ, კოლტში ერთი ტახი მყავს, ჯინჯა, რომელიც წლის და რვა თვისაა და დაახლოებით 600 კილოგრამს იწონის, სიგრძეში 230 სმ-ია, სიმაღლეში 105, ხოლო მუცლის გარშემოწერილობა თითქმის 2 მეტრს აღწევს.

- ბევრს ჭამენ? - თითქმის იმდენივეს, რამდენსაც სხვები.

- ძნელია მათი მოვლა? - მთავარია თანამიმდევრობისა და ზომიერების დაცვა, ყველაფერი თავის დროზე უნდა ჰქონდეთ: დანაყრება, დარწყულება, სისუფთავე და მკურნალობა. ეს საქმე იმიტომ არ დამიწყია, რომ მხოლოდ შემოსავლის წყაროდ მექცია, სოფლის მეურნეობაზე გული შემტკივა და მინდა მცირე წვლილი შევიტანო მის განვითარებაში.

ფერმაში მკაცრად ვიცავთ სანაშენე წესს. სისხლის აღრევას არ დავუშვებთ, სხვა ჯიშის ღორები არ გვყავს. მიხარია, როცა ჩვენი ფერმის ინტერნეტგვერდზე მაღალ აქტივობას ვხედავ, როცა ახალ შეტყობინებებს ვეცნობი, ვცდილობ ყველა კითხვას პასუხი გავცე, ქართული მეურნეობის აღორძინებით დაინტერესებული ხალხის მხარდაჭერა მსიამოვნებს. მოკლედ, ევროპულ ბრენდებს ქართული შეფერილობა მივეცი, ქართულ მიწაზე მოყვანილი საკვებით ვაპურებ, მამაპაპურად ვზრდი...

- გეგმებზე რას გვეტყვი? - ახლო მომავალში მიწის ნაკვეთების შეძენას ვგეგმავთ, სადაც 100 სულზე გათვლილ სადგომს ავაშენებთ, პარალელურად დავთესავთ უსაფრთხო საკვებ მარცვლეულს. ქართული ბაზრისთვის სუფთა, ბიოპროდუქტის შესათავაზებლად აქამდეც მხოლოდ ნატურალური ხორბლის, სიმინდისა და ქერის სალაფავს ვაძლევდით და მომავალშიც ასე ვაპირებთ.

კახა მჭედლიშვილი