ღორის ქელეხი გურიაში - კვირის პალიტრა

ღორის ქელეხი გურიაში

"ჭიშკრიდან გადასული არ დაგინახოს, თორემ დამაკლავს ამ ღორს ჩემი ქმარი!"

ღორის დაკვლა გურიაში ის რიტუალია, როცა უპირველესად არა შამფურზე აშიშხინებული მწვადი, ხინკალი ან თუნდაც მაცდურად გამომზირალი ღორის პოჭოკი მზადდება, არამედ ყაურმა - დაფნითა და ცხარე წიწაკით შეზავებული გულ-ღვიძლი, რასაც გურულები არც ერთ სამეფო სუფრაზე არ გაცვლიან! რა დატვირთვა აქვს ღორის დაკვლისას უპირველესად ყაურმის მომზადებას, არ ვიცი, მაგრამ ღორის დაკვლასთან ერთად ოჯახის დიასახლისი ყაურმის ქვაბსაც რომ აარახუნებს და თანაც ქმრის დავალებით მთელ სოფელს ეძახის საქეიფოდ, ამის მოწმე ბევრჯერ ვყოფილვარ. იმისიც, რომ ამ დროს ყაურმის უჭმელად ოჯახის დატოვებას ფეხის მოტეხა სჯობია.

ჰოდა, ვარ ყაურმობაზე ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში. თავწაკრული დიასახლისი ყაურმის ქვაბის არახუნებისთანავე მაფრთხილებს, თუ ხათრი გაქ, ახლა ჩემი ოჯახიდან წასვლა არ ეიტეხო, ჭიშკრიდან გადასული არ დაგინახოს, თორემ დამაკლავს ამ ღორს ჩემი ქმარი ზედო! და მეც ვრჩები. ვრჩები და, ოჯახის ოთხი თუ ხუთი წლის ბიჭის მხიარულ შეძახილს ვუსმენ: "თოვს, თოვს, ხოშკაკლავს, მამაჩემი ღორს დაკლავს, / აჟაია მოხარშავს, კობაია შესანსლავს!" კობაია კარის მეზობელია და მეორე მეზობელთან ერთად უკვე დაკლულ "კაი 120-კილოიან" ღორს ხვნეშით ექაჩება ხეზე კაუჭით ჩამოსაკიდად. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ ღორი შეიტრუსოს და გასუფთავდეს. კობაია ამასობაში სუსხისგან სახედაბრაწულ მასპინძლის ბიჭს პასუხობს: "შედი, ბიძია, სახლში, არ გაცივდე, რაც მამაშენს ჩემსას ღორები აქვს ნაჭამი, ერთი ვაგონი ვერ ზიდავს". "ვაგონი არა, გემი... სტოლზე სპეციალურად იმფერი ამჟავებული ღვინო მოგაქ, შენთან რა ღორზე ვარ პირის დამკარებელი, - პასუხს არ აყოვნებს მასპინძელი, რომელიც კობაიას, ცოტა არ იყოს, შეშინებული, ოდნავ ხელის კვრით აშორებს ხეზე ჩამოკიდებულ ღორს, - გამოი, ბიჯო, პაწა აქეთ, თვარა გიზამს მაი ღორი ნაქნარს და მოგვიწევს ყაურმის მიტიება და საავადმყოფოში ყურყუტი!" თურმე მართალია - მეზობლობაში ვიღაცას იმდენად დიდი ღორი დაუკლავს, რომ ხეზე ჩამოკიდებისთანავე ტოტი ჩამოტეხილა, მასპინძელს გარიდება ვერ მოუსწრია, ფეხზე დასცემია და გადაუმტვრევია.

- საწყალი, ალბათ, მაგის მერე ღორის ხორცს დიდხანს არ მიეკარებოდა! - გულით მეცოდება დაზარალებული, თუმცა პასუხად ისეთ რამეს ვიღებ, რომ მეცინება: "რაის საწყალია მაგი! რავარც კი ნემსი გოუკეთეს და ტკივილი ჩოუყუჩეს, იმ მინუტში ყაურმის მიტანა მეითხოვა, აქანა მომიტანეთ, ღორი მე გავზარდე და ახლა თქვენ უნდა ჭამოთო?!" - ამჯერად მე მპასუხობს კობაია და "ფარსუნკას" ეჯახირება ასანთებად. "ფარსუნკა" ადამის დროიდან შემორჩენილი ხელსაწყოა, რომელიც გურიაში ახლაც პოპულარულია, თუკი ვინმეს შემორჩა, რასაკვირველია. ჩემს მასპინძელსაც შემორჩენია, მაგრამ აღარ ინთება და მეზობლის "ფარსუნკის" მოსატანად მიდის:

- წავალ, მევიტან და თან კაკოიასაც დოვუძახებ ყაურმაზე, თუ მაგის ცოლმა მართლა ფეხი არ მომტეხა. გუშღამ მეჩხუბა, ჩემი კაკოია მთელი კვირაა ისედაც მთვრალი დეიარება, ღმერთი არ გაგიწყრეს, ღორის დაკვლაზე არ დოუძახოო. - ნეტაი მართლა ფეხს მოგტეხდეს და პაწა ხანს მაინც მომასვენებდეს შენგან. კაკოიაზე ვარესი შენ ხარ! სანამ მთელ სოფელში ღორებს არ გაწყვეტთ, მანამდე არ გაჩერდება თქვენი მუცელი! - აშკარად ყასიდად ქოთქოთებს ჩემი მასპინძლის ცოლი, - ისე, კიდე კარგი, აი ღორები ჭირმა რომ არ გაწყვიტა და აგენი წყვეტენ. რაც მაგის გაზრდაზე ვიწვალეთ, ხომ გადვირეოდით, შობა-ახალ წლამდე რომ არ მოგვეყვანა.

ამასობაში "ფარსუნკაც" მოდის, კაკოიაც და ღორის შიგნეულობაც. რანაირად ამოაცალეს ასე ოსტატურად, ვერც შევამჩნიე - გურულებთან ღორის დაკვლაში ნებისმიერი პროფესიონალი ყასაბი შემეცოდებოდა! სამაგიეროდ, მასპინძლის ცოლმა "შეამჩნია" და ღორის შიგნეულობას გულმოდგინედ დაუწყო თვალიერება, სადმე პეპელა არ ჰქონდესო. "პეპელა" გურულად ღორის ღვიძლის დაავადებაა, რომლის არსებობის შემთხვევაში ყაურმა "ჭირს მოგჭამს", ამიტომაც გასაგები გახლდათ ჩემი მასპინძლის რეაქცია ცოლის "კირკიტზე":

- გეიწი, ქალო, იქეთ, პეპელა არა, გუგული! მაგ ღვიძლში მთელი საპეპლეთი რომ იყოს ჩასახლებული, მაგის ყაურმაზე უარის მთქმელი მაინც არ ვარ! - და დამტკბარი ხმით დაამატა, - წაი ახლა შენ და შენ რომ იცი, იმფერი ყაურმა მოგვიმზადე, მერე თავისუფალი ხარ ჯარიდან!

ცოლსაც მეტი რა დარჩენოდა, ნაღდად "გაკრიალებული" გულ-ღვიძლით ყაურმის მომზადება დაიწყო და მალე ირგვლივ საოცარი სურნელი დაატრიალა, თან თავისებურად ბუზღუნებდა:

- ისე გათავისუფლდა ჩემი მტერი, რაფერც დილამდე თქვენ სტოლიდან არ ადგეთ და მიტანა-მოტანაში არ გამათენებინოთ! - მერე ყაურმის ქვაბს, ვინ იცის, მერამდენედ დაურია, სამწვადე ნაკვერჩხლებს ნაპერწკლები დააყრევინა და გულიანად გამიღიმა, - უნდა ვიქეიფოთ, მეტი რა შეგვრჩება, ჩემი მტერი იყოს სულ ჩადუმებული და უქეიფო!

ამასობაში კი თურმე გარეთ მართლა "თოვს და ხოშკაკლავს" - ეგეც ამ ყაურმობის" სამშვენისი!

ნანა რამიშვილი