თექით მოქსოვილი ზღაპარი - კვირის პალიტრა

თექით მოქსოვილი ზღაპარი

"ამ საქმეში მთელი ოჯახი ჩავითრიე, მარტო მეუღლე და შვილები კი არა, დედაჩემიც, ჩემი და-ძმა ოჯახებით..."

ლალი სადაღაშვილი საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრია, ქალაქ მცხეთაში ცხოვრობს და 14 წელიწადია, ოჯახთან ერთად ტრადიციულ ხელსაქმეს მისდევს. ისინი ბუნებრივი მასალისგან ამზადებენ თექის აქსესუარებს, მათ შორის ხელთათმანებს, ქუდებს, შარფებს, ფარდაგებსა და სხვა ნივთებს, აგრეთვე სათამაშოებს, კერძოდ, თექის ცხოველებს. მათ მიერ შექმნილი საახალწლო სუვენირები არავის ტოვებს გულგრილს. ქალბატონი ლალი გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობს და ცდილობს ახალგაზრდებს თავისი ცოდნა გადასცეს.

- დიდი ხანია, რაც თექაზე მუშაობთ?

- 13-14 წელია ამ საქმეში ვარ ჩართული. ხელსაქმეს ბავშვობიდან ვსწავლობდი, დაახლოებით 14 წლის წინ კი მცხეთაში, გიმნაზიასთან, ტრადიციული რეწვის სახელოსნო დაარსდა, სადაც პედაგოგი ნანული აზიკური იყო. სახელოსნოში ხშირად მივდიოდი, ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდნენ მატყლზე, თექაზე და მათთან ერთად ვსწავლობდი. პროფესიით ინჟინერი ვარ, მაგრამ ეს საქმე ყოველთვის მომწონდა. ნანული აზიკურმა მასწავლა ფარდაგების ქსოვა, კერვა და ეს ხელობა შემაყვარა.

- როგორ აკეთებთ საახალწლო სათამაშოებს? - სათამაშოებს ყოველ წელიწადს ვაკეთებთ და საშობაო-საახალწლო გამოფენებისთვისაც წინასწარ ვემზადებით. სხვათა შორის, ახალი წლისთვის ჩვენი ოჯახის შექმნილ ჩვეულებრივ ფიგურებსაც სიამოვნებით ყიდულობენ - საკიდს გაუკეთებ და ნაძვის ხეს ძალიან უხდება. ზოგიერთ ნიმუშს ტრადიციული მეთოდით ვქმნით, ზოგი კი თანამედროვე, სპეციალური ნემსით მზადდება. მისი დახმარებით ისევე შეიძლება ფიგურების გამოყვანა, როგორც მოქანდაკე ძერწავს ქანდაკებას. ეს ნემსი ჩვენთან ევროპიდან შემოვიდა და თანამედროვე ხალხური რეწვის ოსტატებს გაუადვილა საქმე. თუმცა მატყლს ისედაც შეიძლება მისცე ნებისმიერი ფორმა. მატყლი ალვანიდან ჩამომაქვს, იქ დიტო არინდაული აწარმოებს, ბუნებრივი ფერის მატყლიც მომაქვს და შეღებილიც. თუ გამორჩეული ფერი მჭირდება, თვითონ ვღებავ. როცა ფარდაგს ვქსოვ, მაშინ ძაფს თვითონ ვართავ და ვღებავ.

- როგორ დააინტერესეთ ამ საქმით მთელი ოჯახი? - დიახ, მთელი ოჯახი ჩავითრიე, მარტო მეუღლე და შვილები კი არა, დედაჩემიც, ჩემი და-ძმა ოჯახებით... თექაზე მუშაობა ძალიან კარგად გამოსდის ჩემს უფროს ვაჟს, თუმცა ორივე, თამაზიც და თემურიც, ძალიან მეხმარება, ასევე, ჩემი გოგონა თეონა და მეუღლე, რასულ ქევხიშვილი.

- როგორ ახერხებთ ნამუშევრების გაყიდვას? - ძირითადად, გამოფენებზე, გარდა ამისა, ჩემი სახლის პირველ სართულზე მაქვს სახელოსნო და ვინც დაინტერესებულია, ყიდულობს. ეს სახელოსნო ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დახმარებით გვაქვს, გრანტით მოვახერხეთ მისი მოწყობა. აქაურ ახალგაზრდობასაც ვასწავლი ტრადიციულ ხელობას. ცენტრის მოწვევით ჩამოსულმა დასავლეთ ევროპის გაყიდვების მენეჯერმა ლინ ნელსონმა გვასწავლა, რა შეიძლება გავიტანოთ ევროპის ქვეყნებში, რა მოსწონთ, რა უფრო იყიდება და როგორ უნდა მოვარგოთ ჩვენი ბიზნესი დასავლეთის ბაზარს. "დიზაინში ვერანაირ შენიშვნას ვერ შევიტან, ერთადერთი შენიშვნა მაქვს - უფრო მცირე ზომის ნივთები გააკეთეთო", - გვითხრა ლინ ნელსონმა, რომლის რჩევები ძალიან გამოგვადგა.

- მოწაფეებზე რას გვეტყვით? - წლეულს რამდენიმე მყავდა, ზოგს გიმნაზიაში ვასწავლიდი, ზოგი კი ჩემთან, სახელოსნოში მოდიოდა. გოგონებს ქსოვასაც ვასწავლი, თექის ნაწარმი კი ბიჭებსაც აინტერესებთ. ჩემს მოწაფეებს შორის ბიჭებიც არიან, უფროსკლასელები. ვქსოვთ ფარდაგებს, ქუდებს, პანოებს...

- შობა-ახალი წლის დღეებში ყველაზე მეტად რა იყიდება? - სადღესასწაულო ნივთები და სუვენირები. მოსწონთ მცირე ზომის ცხოველებიც.

- როგორც ვიცი, თქვენი მეუღლე ინგილოა, იქაურებს თუ ასწავლით მატყლსა და თექაზე მუშაობას? - დიახ, ჩემი მეუღლე ინგილოა, ზაქათალის რაიონიდან. სტუდენტობისას გავიცანით ერთმანეთი და დავქორწინდით. საინგილოში, ამ უძველეს მხარეში, ბევრი ძველი ქართული ორნამენტი აღმოვაჩინე. ჩემს მულიშვილებს უკვე ვასწავლე ჩემი ხელობა. მიხარია, რომ ხალხური რეწვის ასოციაცია შეიქმნა, სადაც ხალხური რეწვის ოსტატები გაერთიანდნენ და მეც მისი წევრი ვარ. ამ ცოტა ხნის წინ ქართველი ოსტატების, მათ შორის, ჩემი ნამუშევრებიც, ამერიკასა და ესპანეთში წაიღეს, სადაც საქართველოს კულტურის დღეები გაიმართა. მიხარია, რომ ქართული ორნამენტებით დამშვენებული ნივთები უცხოეთშიც ძალიან მოსწონთ.

ხათუნა ჩიგოგიძე