"ახლა იმხელა ვაჟკაცები ამბობენ, მიჭირსო, მათ ნაცვლად მე ვიწვი სირცხვილით!" - კვირის პალიტრა

"ახლა იმხელა ვაჟკაცები ამბობენ, მიჭირსო, მათ ნაცვლად მე ვიწვი სირცხვილით!"

"89 წლის კაცი იმდენს ვაკეთებ, რომ შვილებს ტვირთად არ ვაწვები"

"ქართული სოფელი ახლანდელ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. მიწა უპატრონოდ დავტოვეთ. ვამბობთ, რომ გვალვა სპობს ნათესებს, ან წვიმა, ან ქარი. გაიხედეთ მსოფლიოში, უარესი აგროკლიმატის ქვეყნებში სოფელი როგორ განავითარეს!" - გვეუბნება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის უხუცესი მკვიდრი ბიძინა ხოჯანაშვილი. რამდენიმე დღის წინ ის 89 წლის გახდა. პროფესიით ვეტერინარი, დღემდე ვერ ღალატობს საქმეს. "გვაქვს ღვინო, ბოსტნეული, სიმინდი, კარტოფილი, თაფლი. მუდამ იწველის ერთი ძროხა მაინც, და ზოგჯერ სამიც... გვყავს ღორები და ქათმები. რატომ უნდა იყიდო სოფლად მცხოვრებმა საეჭვო ყველი, კვერცხი ან ხორცი? ადრე, როცა ჩემი შვილები ასე დატვირთული არ იყვნენ, გვყავდა ცხვრები და თხებიც. მეც და ჩემს უმცროს ვაჟსაც მოგვიწველია ძროხა, ყველიც ამოგვიყვანია, როცა საჭირო იყო. ვხედავ, რომ ახლა კაცებს კი არა, ქალებსაც სძულთ სოფლის საქმე. ყველას თავისი არჩევანი აქვს, ვისაც უნდა, ყველაფერს მოახერხებს - შრომასაც და დასვენება-გართობასაც. ვინც შრომაში არ უქნია ღმერთს, ის არც დასვენებაშია დიდი ხვითო," - გვეუბნება ბატონი ბიძინა და თავისი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

- 1929 წლის 15 დეკემბერს დავბადებულვარ სოფელ გეზრულში. მამა ადრე გარდაიცვალა და დედამ რვა ბავშვი გაგვზარდა. პატარაობიდანვე გვქონდა ყველას ვალდებულება, გვეშრომა. საშუალო სკოლამდე მეზობელ ბოსლევში რვა კილომეტრი დღეში ორჯერ უნდა გამევლო. სწავლა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში განვაგრძე. ვეტერინარი ვარ. აგრონომია და ვეტერინარია სოფელში ყველაზე საჭირო სპეციალობებია. ახლა ამ საქმეს ცოტა მისდევს, არადა, სოფლის მეურნეობა ძალიან საინტერესოა. აქ გარემო ჯანმრთელია, მეტი სიყვარული, სიმშვიდე, ჯანმრთელი პროდუქტია, ნაკლებია მოწყენილობა, ავადმყოფობა, დანაშაული... დღესაც უსათვალოდ ვკითხულობ ჟურნალ-გაზეთებს, ინფორმაციას კომპიუტერში, არც წელში მოვხრილვარ. არ მესმის, როგორ უნდა იზარმაცო ადამიანმა და არ მოუარო პირუტყვს, ფრინველს, ბოსტანს, ვაზს...

- სოფელში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ბრძანდებით... - ასეა. მეუბნებიან, კარგი შვილებია ამის მიზეზიო.

სამი შვილი მყავს და მართლაც არ არიან ცუდები, თუმცა ვფიქრობ, მეტი შეუძლიათ და თვითკმაყოფილების უფლებას არ ვაძლევ... არც მე და არც ჩემს მეუღლეს იოლად არ გვიცხოვრია. ბევრს ვშრომობდით, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს ჩვენი ღირსების საკითხი იყო. როგორ ვიკადრებდით თქმას, დამეხმარეო! ახლა იმხელა ვაჟკაცები ამბობენ, მიჭირსო, მათ ნაცვლად მე ვიწვი სირცხვილით!

- ვენახს, შინაურ ფრინველს, ცხოველებს უვლით... თავს დასვენების უფლებას არ აძლევთ? - დასვენებას თავისი დრო აქვს. 8 საათზე მეტი რატომ უნდა იწვე ადამიანი? ვაზი უკვე გავსხალი. უმცროსი შვილი მიჯავრდება, ბევრ ნეკსა და სამამულე რქას უტოვებო, მაგრამ მე ვიცი ჩემი ჩაყრილი ვაზის ამბავი. მაქვს ციცქის, ძელშავისა და ცოლიკაურის ვენახი. სამივე ძალიან მიყვარს. ადესაც გავაშენე და საყვედური მივიღე შვილებისგან, ადესის ღვინოს ვინ დალევსო. საღვინედ სულაც არ მინდა, ადრეულა ჯიშია და კარგი საფელამუშე წვენი გამოდის. ცალკე სიამოვნებაა ფრინველისა და პირუტყვის მოვლა.

პირუტყვს ხელით როცა აჭმევ, გეჩვევა და უყვარდები. ადრე ხარები მყავდა - ერთი თქმა კმაროდა, ჩემს სიტყვაზე ჩერდებოდნენ. ესმოდათ ჩემი! გამიგონია, მშობლებს უთქვამთ შვილებისთვის, ბიძინას ხარებს რომ ესმით, ნეტავ თქვენ გესმოდეთ ისეო... ბოსტანშიც მიყვარს მუშაობა, საქმეებს ერთმანეთს ვუნაცვლებ და თითქოს ასე უფრო არ ვიღლები.

ვეტერინარად არასდროს მიმუშავია, მაგრამ როცა სოფელში დავბრუნდი, ფერმა ჩამაბარეს. საუცხოო ხელმძღვანელი გვყავდა, ვახტანგ ბიწაძე. რაიონში ვპირველობდით. ვამაყობდი, იმდენი ყველი, თაფლი, კვერცხი, ღორისა და ძროხის ხორცი იწარმოებოდა ჩემი ხელმძღვანელობით. ვეტერინარია რომ არ მცოდნოდა, საქმის გაძღოლა გამიჭირდებოდა. 19 წელიწადი ვიყავი ფერმის გამგე, მერე რამდენიმე პოზიცია გამოვიცვალე. ახლა ჩემი შვილები იცინიან, დიდი ფერმის გამგეობის მერე პატარა ფერმას ხელმძღვანელობო.

- ახალი წელი მოდის, როგორ შეხვდებით?

- ახალ წელს, უმეტესად, შინ, ოჯახურ სუფრასთან ვხვდებით. წლეულს, თუ ტრაბახში არ ჩამოგვერთმევა, კარგი საქმე გავაკეთეთ - ორი სახლიდან ერთი უსახლკარო ადამიანს დავუთმეთ. იქ მანამდე იცხოვრებს, ვიდრე სხვაგან წასვლა არ მოუნდება...

- მეკვლეობის ტრადიცია როგორია თქვენს სოფელში?

- ჩვენთან ბავშვებს ავალიათ მეკვლეობა. უცოდველებს ეპატიჟებიან მეფეხურებად, თუმცა, ჩემი უმცროსი შვილი მაინც აღიარებული მეკვლეა. ბევრ სიკეთესაც მიაწერენ მის მეკვლეობას...

- რა რჩევა შეგიძლიათ მისცეთ დამწყებ მეურნეებს? - სოფლად ცხოვრება რთული, საპასუხისმგებლო და შრომატევადია, მაგრამ საამაყოც! კუსტარული მეურნეობის დრო წავიდა, მეტი ცოდნა, ტექნოლოგია და შრომისმოყვარეობაა საჭირო. ვფიქრობ, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს სახელმწიფომ მეტად უნდა შეუწყოს ხელი... ნიადაგიც ისევეა საპატრონო და მოსავლელი, როგორც თვალისჩინი. სოფლისთვის ცალკე სტრატეგია უნდა შემუშავდეს. დამწყებ მეურნეებს ვეტყვი: რასაც გააკეთებთ, თქვენი ნაშრომი ყველაზე მეტად თქვენვე გაგახარებთ, მერე კი სხვებს...

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ღორის წელი მოდის. როგორ უნდა მოუარონ მას, რას გვეტყვით, როგორც ვეტერინარი? - ეს აღმოსავლური კალენდრები ღიმილს მგვრის, ღორის მოვლა-პატრონობა კი ერთობ კარგი საქმეა. კახური ღორის ჯიშის გადარჩენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა ძვირფასია ყველა აბორიგენული ჯიში. ბუნება ყველაზე კარგი სელექციონერია...

ჩვენს სოფელში წაბლისა და მუხის დიდი ტყეებია და ღორს სექტემბრის ბოლოდან დათოვამდე შეუძლია, თვითონ მოიპოვოს საკვები. წიფლის, წაბლისა და მუხის ნაყოფის გარდა, გვიმრის ფესვებსაც გემრიელად სანსლავენ. ადრე გვყავდა დედა ღორი, შავი ჯაგრით დაფარულს წელზე სითეთრე ჰქონდა და "უნაგირას" ვეძახდით. მართლა ღორმუცელა იყო - დინგით ბეტონის საფარსაც კი თხრიდა. კარგი გოჭიანობით გამოირჩეოდა, დიდხანსაც გვყავდა, ახლა კი ქვეყანაში, სადაც ფერმერულად და თითქმის ველურად შეიძლება ბევრი ღორის მოშენება, მაღაზიები სავსეა უცხოური ხორცპროდუქტებით...

სოციალური დახმარების მომლოდინე ხალხი გაზარმაცდა. შრომისუნარიანებს პირწმინდად უნდა მოუხსნა შემწეობა, ერთჯერადად სასოფლო-სამეურნეო აქტივები გადასცე და ირჩინონ თავი!

ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, მათ პენსია უნდა დაენიშნოთ. ისეთი ძლიერი ქვეყანა არ გვაქვს, სოციალური შემწეობები ვარიგოთ, თანაც რატომ, ხალხი რომ გაზარმაცდეს? 89 წლის კაცი იმდენს ვაკეთებ, რომ შვილებს ტვირთად არ ვაწვები და ჩემზე მეტი რამდენ სოციალურად შეჭირვებულს შეუძლია? მინდა, ჩემს ქვეყანაში მეტი სიყვარული, შრომა და სიკეთე იყოს!