"ჩვენი­ მიზანია, მოგნუსხოთ ტიხრული მინანქრით"
"ჩვენი­ მიზანია, მოგნუსხოთ ტიხრული მინანქრით"
"როცა პირველ ტიხარს ვდებ, უკვე ვხვდები, რა ფერები უნდა გამოვიყენო, რა დოზით და ეს რა შედეგს მომიტანს, ხოლო როცა ჩემი შრომის ნაყოფს სხვა ადამიანებიც იწონებენ, ეს უკვე ბედნიერებაა"

საქართველოში ტიხრული მინანქრის ნაკეთობებს ძველთაგანვე ამზადებდნენ. ჩვენი ოსტატები ამ მასალისგან ულამაზეს შედევრებს ქმნიდნენ. ხალასი ფერებისა და დახვეწილობის წყალობით, ქართული ტიხრული მინანქარი მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი. ეს ძველი ტრადიცია XV საუკუნეში შეწყდა და მისი აღდგენა ტიხრული მინანქრის გულშემატკივრებმა მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან
შეძლეს.
დღეს ამ ტრადიციას ახალგაზრდებიც მიჰყვებიან. მათ შორის არის 22 წლის მარიამ გელხაური, რომელიც თავის ნამუშევრებს განსხვავებული მეთოდით - ვერცხლის, ტყავისა და ხის კომბინაციით ქმნის. "ამ საქმეს ჩემთვის დიდი სიხარული მოაქვს. 12 წლის ვიყავი, როცა ტიხრულმა მინანქარმა
დამაინტერესა. თავდაპირველად ეს გატაცება იყო, რომელიც შემდეგ პროფესიად და საყვარელ საქმედ იქცა," - ამბობს მარიამი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.

- რას ნიშნავს თქვენთვის ტიხრულ მინანქარზე მუშაობა?

- ალბათ, ყველასთვის სასიამოვნოა იმ სფეროში მუშაობა, რომელიც ძალიან მოსწონს. ჩემთვისაც დიდი სიამოვნებაა მინანქარზე მუშაობა. როცა პირველ ტიხარს ვდებ, უკვე ვხვდები, რა ფერები უნდა გამოვიყენო, რა დოზით და ეს რა შედეგს მომიტანს, ხოლო როცა ჩემი შრომის ნაყოფს სხვა ადამიანებიც იწონებენ, ეს უკვე ბედნიერებაა.
ბედნიერებაა, როცა ხვდები, რომ დრო ტყუილად არ დაგიკარგავს. რა თქმა უნდა, მინანქარზე მუშაობას მღელვარებაც ახლავს. ყოველთვის მინდა, ისეთი გამოვიდეს, როგორიც ჩაფიქრებული მაქვს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. არ მიყვარს საქმის მიფუჩეჩება. მნიშვნელობა აქვს ყველა დეტალს და ვცდილობ, ეს დეტალები დახვეწილი იყოს.

- განსხვავდება შენი ნამუშევრები სხვებისგან?
- ტიხრულ მინანქარზე საქართველოში ბევრი მუშაობს, თუმცა ვერცხლის, ტყავისა და ხის კომბინაციით შექმნილი ნაკეთობები სიახლეა. თუ ეს ნაკეთობები ქართული ორნამენტებით არის გაფორმებული, ორმაგად ლამაზი და მიმზიდველი გამოდის. შრომატევადი საქმეა, თუმცა ჩემთვის მაინც დიდი სიამოვნება მოაქვს.
უკვე 10 წელია, მინანქარზე ვმუშაობ. მთელი ბავშვობა ამ საქმეს მივდევდი და ნაადრევად შევიძინე პროფესიული გამოცდილებაც. მერე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. იქ სხვა სპეციალობას ვსწავლობდი, მაგრამ ჩემს საქმეს მაინც ვერ ვუღალატე - კინო-ტელემხატვრობის ფაკულტეტზე სწავლასთან ერთად, ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნოლოგიასაც ვსწავლობდი და სხვადასხვა კომპანიაშიც ვმუშაობდი გამოცდილების გასაღრმავებლად. იმედი მაქვს, მომავალში ტიხრული მინანქრის უფრო ლამაზ, უფრო დახვეწილ ნიმუშებს შევქმნი.

- როგორც ვიცი, მეგობრებთან ერთად კომპანიაც დააფუძნე...
- ჩვენს კომპანიას ბერძნული მითოლოგიური ნიმფის სახელი ჰქვია. ჩვენი­ მიზანია, მომხმარებელი მის მსგავსად მოვნუსხოთ ტიხრული მინანქრის ნიმუშებით და მოვიზიდოთ. უკვე შევიძინეთ უამრავი ერთგული მომხმარებელი. სხვათა შორის, ამ კომპანიის დაარსების იდეა წლების წინ გამიჩნდა, მაგრამ მისი შესრულებისთვის დიდი დრო დამჭირდა. ამაში ჩემი მეგობრები - გიორგი და მარიამ კოშაძეები დამეხმარნენ. საკუთარი ბრენდის შექმნა მაშინ გადავწყვიტე, როცა საჭირო გამოცდილება დავაგროვე. ჯერჯერობით სამკაულებს ვყიდით, თუმცა, სამკაულების გარდა, ჩანთებსა და საათებზეც ვმუშაობთ.

- გამორჩეული რით იქნება?
- როგორც აღვნიშნე, მინანქრისა და ხის კომბინაცია სიახლეა და ამგვარი საათებისა და ჩანთების რეალიზაციის შემთხვევაში პირველი ვიქნებით, ვინც ქართულ ბაზარზე ასეთ პროდუქციას აწარმოებს. საქართველოში არ არის მინანქრის საათები და კარგი იქნება, თუ ეს პროექტი გამოგვივა; ჩანთებიც ძალიან ორიგინალური გამოდის.
ჩვენ უმაღლესი ხარისხის ვერცხლს, ხესა და ხელოვნურ ტყავს ვიყენებთ, ბუნებრივი ტყავის გამოყენებას ვეწინააღმდეგებით. სამომავლოდ ძალიან მინდა, საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიდეთ, ჯერჯერობით კი ქართული ბაზრით ვკმაყოფილდებით.

- ერთი სიტყვით, 2019 წელს იმედიანად ეგებებით...
- დამდეგ წელიწადს მართლაც დიდი იმედით ვხვდები. მგონია, ჩემი გეგმების უმეტესობა სწორედ წელს ასრულდება. ჩემთვის ახალი წელი ახლის და უკეთესის დაწყებასთან ასოცირდება, ამიტომ მას პოზიტიური განწყობით უნდა შევხვდეთ. მეც ჩემი ნამუშევრებით ვცდილობ ხალხის განწყობის გაუმჯობესებას. ძალიან მინდა, 2019 წელი ჩემთვისა და მთელი საქართველოსთვის ბედნიერი და წარმატებული იყოს.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-03-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-03-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები