"ვარიანის წყაროებით გაზრდილი კალმახი სულ სხვაა..." - კვირის პალიტრა

"ვარიანის წყაროებით გაზრდილი კალმახი სულ სხვაა..."

როდესაც გიორგი ურჯუმელაშვილმა საკალმახეზე დაიწყო საუბარი, სოფელ ვარიანში ბევრს გაუკვირდა - მართალია, გიორგის შრომა არ ეზარებოდა, მაგრამ მოკრივისაგან სულ სხვა საქმეს ელოდებოდნენ. თუმცა გიორგი კალმახის მოშენების საქმეში არანაკლებ ყოჩაღი გამოდგა, ვიდრე კრივში - 2007 წლიდან ვარიანის საკალმახეს ერთგულად უვლის და ტონობით კალმახს ზრდის. თუმცა საქმეში არც იმედგაცრუება დაჰკლებია. საბედნიეროდ, ახლა მის შრომას შედეგი აქვს.

გიორგი ურჯუმელაშვილი: - ჩვენი სოფელი კავკასიონისა და სხვა უფრო დაბალი მთების შემოგარენშია მოქცეული და ამ მთების ნაწრეტი წყაროები აქ გროვდება. ამიტომაც საკალმახეების მოწყობაზე აქ ხალხი ბევრად ადრე დაფიქრდა, ვიდრე სხვაგან. ეს იდეა მამაჩემსა და მის ახლო მეგობარსაც გაუჩნდათ და როგორც კი მითხრეს, უყოყმანოდ დავთანხმდი, რაც შემიძლია, მხარში ამოგიდგებით-მეთქი. ეს 2007 წელი იყო. საკალმახედ ვარიანის მინდვრებში ისეთ ადგილზე ვიყიდეთ მიწა, ყველას გაუკვირდა, იქ ქვა-ღორღის მეტი არაფერი ეყარა და საკალმახეს ვინ გააკეთებდა. ჩვენ კი ის გავთვალეთ, რომ სწორედ ამ ადგილებთან ახლოს გადიოდა კომუნისტების დროს ჩალაგებული ჭაობის საწრეტი არხები, სადაც ნაწრეტი წყალი ძველებურად მოედინებოდა. მიწის ნაკვეთი ტრაქტორებითა და ექსკავატორებით გადავასწორეთ, მერე 12 აუზი ექსკავატორითვე ამოვიღეთ და შიგ ბეტონის ფილები ჩავაწყვეთ. ასე გავაკეთეთ საუკეთესო და გამძლე აუზები, სადაც თევზის გაშვება საიმედო იყო. შემდეგ არხის წყალი აუზების ჩაყოლებაზე მივუშვით. შემდეგ ლიფსიტები მოვიყვანეთ. რომ გითხრათ, პირველივე მოყვანაზე ყველა დაიზარდა-მეთქი, ვინ დამიჯერებს, გამოუცდელებს ძალიან ბევრი დაგვეხოცა, მაგრამ რაც გაიზარდა, მათი ყურების სიხარულს, ალბათ, ვერ აღგიწერთ. 2008 წელმა, რასაკვირველია, შოკში ჩაგვაგდო და კინაღამ გვაფიქრებინა, რომ ეს საქმე არასოდეს გაგრძელდებოდა. თუმცა 2009 წელს უკვე კალმახის პირველი პარტია გავყიდეთ.

- რეალიზაცია, ალბათ, დედაქალაქში მოახერხეთ? - რასაკვირველია, და დიდი ვაი-ვაგლახით, იმხანად ხომ არავინ გვიცნობდა. კალმახის რეალიზაცია დღესაც რთული საქმეა, მაგრამ მაშინ გაცილებით ძნელი იყო. მერე და მერე ის ხალხი გამოჩნდა, რომელიც ადგილზე ყიდულობს კალმახს და მერე თავად ყიდის, მაგრამ მანამდე არა მარტო რეალიზაცია, კალმახის მოვლაც არ ვიცოდით და გაგვიჭირდა. Kკალმახს ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორიც ჩვილს. ამიტომ დაავადებაც ხშირად ემართებოდა. რისკებსაც ვერ ვითვალისწინებდით. ერთხელ წყაროებში ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხავსი ჩავარდნილა და საკალმახეში შემომავალ მილში გაჭედილა. აუზებში გაშვებულ კალმახს წყალი ვეღარ მიეწოდა და სულ ცოტა ხანში გაიგუდა. აუზების დასახედად რომ მივედით, დაახლოებით 6 ტონა კალმახი იყო დახოცილი და კინაღამ ჩვენც დავიხოცეთ. საკალმახეს თავზე გადაფრენილმა მტაცებელმა ფრინველმა თუნდაც ერთი ტბორის თევზი რომ ჩამოაგდოს, ყურადღებით თუ არ იყავი, წასულია საქმე, მაგალითად, კარჩხანას არაერთი დაავადების გადადება შეუძლია კალმახისთვის, თავად კი არაფერი მოსდის. დაავადებებიც ისე სწრაფად ვრცელდებოდა, ვერც ვხვდებოდით, რა ხდებოდა. ვეტერინარი რომ მოგვყავდა, უკვე ძალიან გვიანი იყო.

ახლა უკვე ვხვდებით, როდის შეიძლება გაუჭირდეს კალმახს. თუნდაც ერთი კალმახი რომ ისეთ ადგილას იყოს მიყუჟული, სადაც წყალი არ შედის და აღარ ინძრევა, ესე იგი, რაღაც უჭირს და დროზე უნდა მიხედო, თორემ ის ერთი ისეთ დაავადებას გაავრცელებს, რომ მთელ საკალმახეს დახოცავს. კალმახი ძალიან მოძრავი თევზია და, წარმოიდგინეთ, მტაცებელიც. ერთხელ შემთხვევით გველი შეჰყვა წყალს და თვალის დახამხამებაში გაანადგურეს.

- ბოლო დროს მეკალმახეები ამბობენ, კალმახის მოშენება აღარ ღირს, რადგანაც თვითღირებულება რეალიზაციის ფასს გაუტოლდაო. - მეც მქონდა ისეთი პერიოდი, როცა ვიფიქრე, რომ ამ საქმემ აზრი დაკარგა. წარმოიდგინეთ, კალმახის ფასი 6 ლარამდე დაეცა, როცა მისი თვითღირებულება 8 ლარამდე იყო. ბუნებრივი საკვების გარდა, კალმახს ხელოვნურიც სჭირდება. გარდა ამისა, განათება და ყარაულების მიჩენაც დიდ ხარჯს მოითხოვს. ამიტომაც ერთხანს საქმის შეჩერებაც გადავწყვიტეთ, თან არ გვეთმობოდა, არ გვინდოდა ამხელა შრომა წყალში ჩაგვყროდა. მაინც ვერ გავჩერდით. ამასობაში კალმახის ფასმა აიწია, ახლა უკვე 10 ლარად ვაბარებთ. თითო კილოგრამ კალმახზე 2 ლარი მოგება გვაქვს, ჩვენ კი 15 ტონა კალმახს ვაწარმოებთ ყოველწლიურად.

- რომელი სახეობის კალმახი გყავთ? - ტბორის კალმახის 60-მდე სახეობა არსებობს. ჩვენ ჩვეულებრივიც გვყავს და ყვითელიც, რომელსაც ალბინოს კალმახს უწოდებენ და გემოთიც გამოირჩევა ჩვეულებრივი კალმახისგან. სხვათა შორის, ჩვენებური მთის მდინარეების კალმახის მოშენებაც ვცადეთ, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ გაზრდას ძალიან ბევრი ხარჯი და დრო დასჭირდა. ასე რომ, ბუნებამ აუზებში "მუშაობა" დიდად არ მოინდომა. თუმცა ვარიანის წყაროებით გაზრდილი ჩვენი კალმახი სულ სხვააა. ამიტომაც არ გვრჩება გასაყიდი.