ბროწეულის ანუ "ჩინური ვაშლის" საიდუმლო - კვირის პალიტრა

ბროწეულის ანუ "ჩინური ვაშლის" საიდუმლო

ბროწეულის ხსენებისას, ალბათ, გოგლა ლეონიძის მშვენიერი სტრიქონები გაგახსენდებათ: "ვის არ უყვარს მზე? მზეს ესწრაფვის დიდი არწივი, პატარა ტოროლაც, "ცას წავალო", რომ წკრიალებს ყოველ დილით, აექანება ცისკენ მთრთოლარი ფრთებით... პირველ რიგში ბროწეულს უყვარს მზე!.. არა, არა მჯერა, რომ იგი სხვა ყვავილივით დაჭკნეს, როდესმე ჩამოსცვივდეს, განქარდეს, ამტვერდეს! ყვავილი კი არა, მზის ნაკადულის კამკამია!"

ჩვენი რესპონდენტის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორის, ნატო კაკაბაძის აზრით, ბროწეული იშვიათი თვისებებით შემკული მცენარეა, ბუნების ნამდვილი საჩუქარი.

- ბროწეული ძველთაძველი კულტურაა, უგემრიელესი და ულამაზესი მცენარე. ის უფრო ბუჩქის სახით გვხვდება. სიმაღლეში 1,5-2 მეტრს არ აღემატება, მაგრამ არსებობს ბროწეულის ჯიშები, რომლებიც 7-8 მეტრს აღწევს. ბროწეულს ოდითგანვე საჭმელ ხილად იცნობდნენ, ბევრგან ის "ჩინური ვაშლის" სახელითაც იყო ცნობილი.

- კიდევ სად ხარობს ეს მცენარე?

- ბროწეული გავრცელებულია თურქეთში, ისრაელში, ეგვიპტეში, ინდოეთში, ირანში, რუსეთსა და აშშ-ის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, კალიფორნიაში. საქართველოში მისი პლანტაციები, პრაქტიკულად, არა აქვთ, უფრო საკარმიდამო ნაკვეთებში ახარებენ. არსებობს ბროწეულის ველური და კულტურული ჯიშები. ცნობილია, რომ ველური ბროწეულის ნაყოფი მომჟავოა, ხოლო კულტურული ჯიშების ნაყოფს მოტკბო-მომჟავო ან ტკბილი გემო აქვს. ბროწეულს ყველაზე კარგად ნორმალური ჰავა უხდება - ზღვის დონიდან 400-500 მეტრ სიმაღლეზე, თუმცა ნოტიო და მშრალ ჰავაზეც ხარობს. დასავლეთ საქართველოში, ძირითადად, აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში გვხვდება, ხოლო აღმოსავლეთში - ქვემო ქართლსა და კახეთში. სავეგეტაციო პერიოდი ჯიშებისა და ფორმების მიხედვით 180-210 დღეა.

- აღმოსავლეთ საქართველოში მოყვანილი ბროწეული უფრო ტკბილია. რატომ? - აღმოსავლეთში ისეთი კლიმატია, რომ ეს მცენარე საუკეთესოდ ვითარდება. სხვათა შორის, გვაქვს ადგილობრივი ჯიშებიც, რომლებიც ჩვენმა მეცნიერებმა გამოიყვანეს. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოში: "ფიროსმანი", "შირვანი", "ვეძისური", "ქართული-1", "ფორმა-8", "ზაქათალის წითელი" და სხვა, ხოლო დასავლეთ საქართველოში: "იმერეთის საუკეთესო", "მაღლაკი", "ზუგდიდი", "ფორმა-5", "ფორმა-11"... საქართველოში გავრცელებული ჯიშია ასევე "კაზაკე ანარი" - 2 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქი, რომლის ნაყოფი მსხვილია, ხოლო მარცვლები - მუქი ალუბლისფერი, წვნიანი და გემრიელი. ამ ჯიშის ბროწეული დაახლოებით 30-35 კილოგრამამდე ნაყოფს ისხამს. არის სხვა ჯიშიც: "გოულოშა ვარდისფერი". მისი ღირსება ის არის, რომ სექტემბერ-ოქტომბერში კრეფენ და მთელ ზამთარს ინახავენ, მაცივარში 6-7 თვის განმავლობაშიც კი ინარჩუნებს გემურ თვისებებს. ძალიან საინტერესო ჯიშია "ველის წითელი", რომელიც 2 მეტრამდე იზრდება - ის ძალიან გამძლეა დაავადებების მიმართ.

- ბროწეული იშვიათი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა და მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით.

- ბროწეულს მკურნალები ოდითგანვე იყენებდნენ და ახლაც იყენებენ. ამას მისი უნიკალური შემადგენლობა განაპირობებს. მისი ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით, რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმით... სასარგებლოა არა მარტო მისი ნაყოფი ან წვენი, ბროწეულის კანისა და ღეროების ნაყენიც ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. ბროწეულის ქერქს იყენებენ საღებავების დასამზადებლადაც. ძველად მისგან ამზადებდნენ მელანსაც. ბროწეული ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკურ და ფარმაცევტულ მრეწველობაში. დიდი მოთხოვნილებაა ამ მცენარის კურკებისგან დამზადებულ ზეთზეც, მისი ფოთლების ჩაი კი ძალიან არომატული და სასარგებლოა. გარდა ამისა, უძველესი დროიდანვე ბროწეული ცნობილია როგორც უმადობის სამკურნალო მცენარე. ექიმები მას ჰემოგლობინის დონის ასაწევად იყენებენ. ის შესანიშნავად ასუფთავებს სისხლძარღვებს და გამოიყენება როგორც ორგანიზმის გამაჯანსაღებელი და აღმდგენი საშუალება. ამ მცენარის კანს მიიჩნევენ ანთების საწინააღმდეგო საშუალებადაც, ის დაბლა სწევს არტერიულ წნევას, შველის სახსრების ტკივილს, ყურის ანთებას...

- სად და როდის უნდა გააშენონ მსურველებმა ბროწეული, რომ კარგი მოსავალი მიიღონ? - ბროწეულის გაშენება რეკომენდებულია როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზე, მაგრამ საუკეთესო პერიოდი მაინც გაზაფხულია - კერძოდ, მარტი და აპრილი. ამ დროს ნიადაგში ტენის მაქსიმალური რაოდენობაა, რაც ამ მცენარის გასახარებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბროწეულის გაშენება ყველა ტიპის ნიადაგზე შეიძლება, მაგრამ ყველაზე უკეთესი მისთვის მაინც თიხნარი ნიადაგია. ნერგებისთვის უნდა შევარჩიოთ ქარისგან დაცული ადგილი, ან ქარსაცავი ზოლი გავაშენოთ. უნდა დავრგოთ ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვების მქონე ნერგები. გავრცელებულია ბროწეულის დარგვის შემდეგი სქემა: რიგებს შორის 4-დან 5 მეტრამდე და რიგში მცენარეებს შორის - 3-დან 5 მეტრამდე. ორმო, რომელშიც ბროწეულს ჩავრგავთ, 60-70 სმ ზომისა უნდა იყოს. დარგვის შემდეგ მიწა კარგად უნდა შემოვტკეპნოთ. რასაკვირველია, ნერგები მოვლას საჭიროებს - ზომიერ მორწყვასა და ბუნებრივ მულჩირებას, ასევე ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენებას სპეციალისტის რჩევისამებრ. ბროწეულს ძალიან აზიანებენ ბუგრები და ტკიპები. ამიტომ საჭიროა მკვდარი ფესვების, გამხმარი ტოტებისა და ფოთლების გატანა ბაღიდან და დაწვა. ბროწეულის ხე ნაყოფს 15-25 წლის განმავლობაში კარგად ისხამს, მერე კი უნდა განვაახლოთ - ტოტები გადავჭრათ, რათა ახალი ამონაყარი წამოვიდეს, ან ახალი ნერგები გავახაროთ. კარგ პირობებში ერთი ხიდან, საშუალოდ, 35-45 კილოგრამი ნაყოფის მოკრეფა შეიძლება.

- არსებობს ბროწეულის დეკორატიული სახეობაც, რომელიც ძალიან ლამაზ ყვავილებს ისხამს... - დიახ, არსებობს ჯუჯა ბროწეულიც, რომელიც ოთახის მცენარეა. ჩვეულებრივი ბროწეულისგან განსხვავებით, ის დეკორატიულია. დეკორატიული ბროწეული ულამაზეს ყვავილებს ისხამს. მცენარეების მოყვარულებს შეუძლიათ დეკორატიული ბროწეული გაახარონ. აყვავებული ბროწეულის ყვავილების დანახვას არაფერი სჯობს.