ხეთამხლის საიდუმლო
ხეთამხლის საიდუმლო
"კალმახას გასამრავლებლად უამრავი მეთოდი არსებობს და მისი მოყვანა შინაურ პირობებში თითქმის ყველას შეუძლია"

კალმახა სოკო ანუ ხეთამხალი მთელ მსოფლიოში ცნობილი, უგემრიელესი სოკოა. სოკოს მოყვარულებმა კარგად იციან, რომ სხვა სოკოებისგან განსხვავებით, კალმახას შხამიანი ორეული ბუნებაში არ არსებობს... კალმახა ფოთლოვანი ხეების კუნძებზე ამოდის და აპრილიდან შემოდგომამდე ხარობს. ალბათ ამის გამო ჩვენში მას ხის სოკოსაც ეძახიან. კალმახა სოკოს სამეურნეო მნიშვნელობა აქვს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს ფერმერებსა და მეწარმეებს შორის.

როგორ შეიძლება კალმახა სოკოს
მოყვანა შინაურ პირობებში? - ამის შესახებ სწავლული აგრონომი აკაკი ღლონტი გვესაუბრება.

- კალმახა სოკო უგემრიელესი საკვებია. ის მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებისგან იცავს და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. შამპინიონი ანუ ქამა სოკო უფრო ძნელი მოსაყვანია, კალმახა სოკო კი ყველგან
ადვილად ხარობს. კალმახას გასამრავლებლად უამრავი მეთოდი არსებობს და მისი მოყვანა შინაურ პირობებში თითქმის ყველას შეუძლია.

- რა არის ამისთვის საჭირო?
- უპირველესად აუცილებელია, გვქონდეს მიცელიუმი ანუ სოკოს სპორა. ვისაც არ აქვს, შეუძლია შეიძინოს - 1 კილოგრამი მიცელიუმი 8-10 ლარი ღირს. ამ სპორების გახარება შეიძლება ხის მორებზე, ნამჯაზე, ჩალაზე, ბამბაზე. ეს ყველაფერი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სუბსტრატი, საკვები არე. ცნობილია კალმახას გამრავლების რამდენიმე ძირითადი მეთოდი. მათ შორის გამოვყოფდი ჩალასა და ხის ნაპობებზე მოწეულ კალმახა სოკოს.

- ხის ნაპობზე სოკოს როგორ ახარებენ?
- რადგან კალმახა ფოთლოვანი ხეების მერქანზე იზრდება, მისი გამრავლება ხის ნაპობებზეც იოლად შეიძლება. ამისთვის ყველანაირი ფოთლოვანი ხის ნაპობი გამოდგება.
მორებს ვხერხავთ 30-50 სანტიმეტრი სისქისა და 20-50 სანტიმეტრი დიამეტრის ნაჭრებად. მიცელიუმს გავშლით თხელ ფენად, ოღონდ თუ ხე ახალი მოჭრილი არ არის, მის დათესვამდე მორებს წყლით დავასველებთ. ამის შემდეგ მორები სარდაფში ან დახურულ სათავსში გადააქვთ. იქ გაფენენ ნახერხს და ერთმანეთზე დაალაგებენ მორის ნაჭრებს, რომლებზეც წინასწარ არის დაფენილი 1-2 სანტიმეტრის სისქის სოკოს მიცელიუმი. ზედა ფენას ნახერხს აყრიან, რომ არ გამოშრეს. აჯობებს, თუ სარდაფში ჰაერი დატენიანებული იქნება, რისთვისაც იატაკზე წყალს ასხამენ. 2-2,5 თვის შემდეგ მორებს გარეთ გამოიტანენ და მიწაში ჩაფლავენ - დაახლოებით, 15-20 სმ სიღრმეზე. ამ მეთოდით მოყვანილი სოკო ყველაზე დიდ მოსავალს მეორე და მესამე წელს იძლევა.
ერთი მორის გადანაჭერიდან საშუალოდ 10-12 კილოგრამი სოკოს მიღება შეიძლება.

- კიდევ რომელ მეთოდს ურჩევთ სოკოს მოყვარულებს?
- ასევე ძალიან იოლი და პრაქტიკულია სოკოს მოყვანის სხვა გზაც: კუნძის მოხერხილ ზედაპირზე თხელ ფენად გაშლიან 100-150 გრამ მიცელიუმს. მას ასევე მოხერხილი ზედაპირით ადებენ მეორე კუნძს, რომლის ზედა მოხერხილ ზედაპირზეც თხელ ფენად შლიან 100-150 გრამ მიცელიუმს და ა.შ. ასე შეიძლება გაკეთდეს კუნძების რამდენიმე იარუსი. კუნძების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად მზა იარუსებს პოლიეთილენის ტომარაში ახვევენ და ნახვრეტებს უკეთებენ, შემდეგ კუნძები შენობაში შეაქვთ, სადაც ტემპერატურა 15-20 გრადუსია და რომ არ გამოშრეს, პერიოდულად წყალს ასხურებენ - სასურველია, ჩვეულებრივი საწამლი აპარატით. ამ პირობებში სოკო კუნძის მერქნის სრულ ათვისებას 2-2,5 თვეს უნდება. თუ შენობაში მუდმივად ვინარჩუნებთ მაღალ ტენიანობას, კუნძების ზედაპირზე ჩნდება მიცელიუმის ფიფქის მსგავსი ფენა. ამის შემდეგ კუნძები გადააქვთ ბაღის ჩრდილიან ადგილზე და მათ 2/3-ს მიწაში ფლავენ, რათა თავიდან აიცილონ გამოშრობა.

გვალვის დროს აუცილებელია მათი მორწყვაც. როგორც კი ჰაერის ტემპერატურა 8-14 გრადუსს მიაღწევს, კუნძების ზედაპირზე სოკოს ნაყოფის ჩანასახი ჩნდება, რომელიც რამდენიმე დღეში ზრდასრულ ნაყოფად ყალიბდება. ამგვარი მეთოდით სოკოს პლანტაცია მოსავალს 3-7 წლის განმავლობაში იძლევა.
სოკოს გახარება ოთახშიც შეიძლება, მაგრამ შესაბამისი განათება, ოპტიმალური ტემპერატურა და სპეციალური პირობები სჭირდება.

- ჩალაზე სოკოს გამრავლებას როგორ ახერხებენ?
- თავდაპირველად ჩალა უნდა მომზადდეს - ბაქტერიების, ობისა და სხვა სოკოების გასანადგურებლად აუცილებელია მისი სტერილიზაცია. ამისთვის ჩააწყვეთ ჩალა დიდი ზომის ჭურჭელში, დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ გასაცივებლად. მერე წყალი გადაღვარეთ, ჩალას კი კვლავ მდუღარე დაასხით. 20-25 გრადუსამდე გაცივების შემდეგ ჩალა მზად არის მიცელიუმის დასათესად.

პოლიეთილენის დიდ პარკში მონაცვლეობით ჩააწყვეთ ჩალა და მიცელიუმი, რომლის ერთი პაკეტი საკმარისია სველი ჩალის 15-20 კილოგრამისთვის. ეს შეესაბამება დაახლოებით 50-100 სმ ზომის პოლიეთილენის პაკეტს. პაკეტების ავსების შემდეგ ისინი შეკარით და თითოეულზე დანით 3-5 სმ ზომის ათამდე ნასერი გააკეთეთ. გამზადებული პაკეტები მოათავსეთ ნახევრად ჩრდილიან ადგილას, სადაც მზის შუქი პირდაპირ არ ხვდება. სოკოს ზრდისთვის იდეალური ტემპერატურა 15-25 გრადუსია. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო მალე მრავლდება სოკო, ამიტომ კარგი იქნება, თუ ტემპერატურის შეცვლას შეძლებთ იმის მიხედვით, რამდენი სოკო გჭირდებათ. თუ სოკოს მოსავალი გადააჭარბებს სასურველ ზღვარს, პაკეტები უფრო გრილ ადგილზე გადაიტანეთ. თუ მეტი სოკო დაგჭირდათ, პარკები უფრო თბილ ადგილას უნდა მოათავსოთ.
თუ ამ მარტივ ხერხებს გამოიყენებთ, სოკოს მოსავალი მთელი წლის მანძილზე არ მოგაკლდებათ და ეს გემრიელი საკვები ყოველთვის დაამშვენებს თქვენს სუფრას.

კალმახა სოკო პიტნით



ინგრედიენტები: 2 კგ სოკო, 4-5 თავი ხახვი, 2 კონა ქინძი, 1 საშუალო კონა პიტნა, წიწაკა, ზეთი ხახვის მოსაშუშად, მარილი, ზეთი.
მომზადების წესი: სოკო კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ. გადავიტანოთ საწურზე, რომ კარგად დაიწრიტოს და დავკეპოთ. ამასობაში ზეთში მოვშუშოთ ხახვი, დავაყაროთ ზემოდან სოკო და გავაგრძელოთ შუშვა - დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში. დავაყაროთ წმინდად დაჭრილი ქინძი, პიტნა, დაღერღილი წიწაკა, მარილი და სოკოს უგემრიელესი კერძი მზად არის.

ხათუნა ჩიგოგიძე
ლია
24 იანვარი 2019 12:24
ყველა ერთმანეთზე დალაგებული მორი შემდეგ სათითაოდ უნდა ჩაიფლას მიწაში?ამას იმტო ვკითხულობ,როცა ერთმანეთზე ვაწყობთ,ზედა მორის გადანაჭერზეც ხომ იქნება სოკოს მიცელიუმი და მიწაში ჩაფვლით არ დაიკარგება?

თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები