ბაბუის დანატოვარი ცოლიკოურის მადლი - კვირის პალიტრა

ბაბუის დანატოვარი ცოლიკოურის მადლი

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ქალი ინტერესდება მეღვინეობით, აშენებს ვენახს, უვლის და აყენებს ღვინოს. მირანდა ჩხეტიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშიდან არის. სკოლის დამთავრების შემდეგ სოფელში დარჩა და წინაპრების სახლში დღემდე მარტო ცხოვრობს, უვლის ეზო-კარს, საკუთარი ხელით დარგულ ცოლიკოურსა და ასევე ბაბუის დანატოვარ ვენახს.

- სოფელში სანერგე მეურნეობა გაკეთდა და იქ დავიწყე მუშაობა, საიდანაც ანაზღაურების სახით 500 ძირი ვაზი წამოვიღე. ვიფიქრე, ფული დამეხარჯება-მეთქი და ჩემს მიწაზე თვითონ გავაშენე ვენახი. მერე 200 ძირიც მივამატე და ახლა 700 ძირი მსხმოიარე ვაზი მაქვს. სანერგე "იუესაიდის" დაფინანსებით გაკეთდა. პროფესორები, მეღვინე-მევენახეები, სომელიეები ტრენინგებს გვიტარებდნენ, ასე რომ, სასწავლო კურსი გავლილი მაქვს. ბაბუა რაიონის დამსახურებული აგრონომი მყავდა და მისი ლიტერატურაც მაქვს შემორჩენილი, რომელსაც ვეცნობი.

- მოკლედ, გადაწყვიტე მეღვინე-მევენახეობისთვის ხელი სერიოზულად მოგეკიდა. - დიახ, და ღვინო ბოთლებშიც ჩამოვასხი. გაზაფხულზე ქვევრების გახსნასაც ვგეგმავ და მათ დამატებასაც.

- სულ ცოლიკოური გაქვს გაშენებული? - ტვიშში ამ ჯიშის გასახარებლად კარგი პირობებია. ბაბუაჩემის დანატოვარი ძველი ვაზიც ცოლიკოურია.

ჩემი მეურნეობის ძირითადი მიმართულება ნატურალური და ბიომეურნეობის განვითარებაა. შხამქიმიკატები არ შემაქვს, მხოლოდ ნატურალური სასუქი. ასე მოწეული მოსავალი შეიძლება ცოტა იყოს, მაგრამ მირჩევნია, ბიოპროდუქტი მქონდეს. დავკრეფ, დავწურავ და როგორიც დადგება, დადგება. მიუხედავად იმისა, რომ ტვიშის ღვინოები ბუნებრივად ნახევრად ტკბილია, ახლა რაც მაქვს, მშრალი ღვინოა. წლეულს ეს კლიმატის ცვალებადობამ გამოიწვია - სწრაფად დადუღდა და მშრალი დარჩა.

რომ ვწურავ, ქვევრში ვაყენებ, ევროპული სტილით, ჭაჭაზე არა, თუმცა ახლა ვფიქრობ, სამომავლოდ ნაწილი ჭაჭაზეც დავაყენო და შევადარო - რომელი აჯობებს.

- ახალგაზრდა ქალბატონი მარტო აუდიხარ საქმეს, თუ საოჯახო მეურნეობა გაქვთ და ოჯახის წევრები გეხმარებიან? - გასხვლაში არავის ვრევ, მარტო ვუმკლავდები. მწვანე ოპერაციებს რომ ვეძახით, იმასაც მე ვატარებ. ჩემი ოჯახის წევრებიც - მშობლები და ძმა, მაშინ მეხმარებიან, როცა რაღაც მოსასწრებია, მაგალითად, ვაზის გამოფურჩვნა, ყვავილიდან ახალი ამონაყარების მოცილება.

- სოფელში მარტო ცხოვრობ... - კი, მარტო ვცხოვრობ. მშობლები და ძმა ქუთაისში არიან. სკოლა რომ დავამთავრე, აქ შემოვრჩი იმის გამო, რომ 90 წელს გადაცილებული ბებია მყავდა და მომვლელი სჭირდებოდა. სოფელშიც სწორედ ამ დროს გაკეთდა სანერგე. ვაზი რომ დავრგე, ბებია ერთი წლის გარდაცვლილი იყო. ქუთაისში გადმოდიო, მთხოვეს, მაგრამ უარი ვუთხარი და დავრჩი.

- იშვიათია გოგონა-მეღვინე, მევენახე, რომელიც ქალაქში ცხოვრებაზე უარს ამბობს და უპირატესობას სოფლად შრომას ანიჭებს. - სოფელი, სახლი, საკარმიდამო და ვაზი ჩემთვის ყველაფერია. ცოტა ხნის წინ თბილისში ვიყავი რამდენიმე დღით და ჩემი სახლი და ვენახი ისე მომენატრა...

სამეზობლოში უმეტესად მოხუცები ცხოვრობენ და შემოდგომით შეიძლება შეშის დახერხვამაც კი მომიწიოს; სხვა საქმეებშიც, როგორც შემიძლია, ვეხმარები.

- ღვინოს რომ მივუბრუნდეთ - როგორი უნდა იყოს, რომ მოგეწონოს? - ჩვენს ღვინოში ის მხიბლავს, რომ სხვადასხვა ხეხილის, ციტრუსის არომატია და ეს ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს... ლეჩხუმში ქვევრები ღია ცის ქვეშ არის. მათი გადახურვა მინდა და ქვევრების დამატება, რომ ღვინის წარმოება გავაფართოო. მიწის ნაკვეთებსაც ვეძებ - თუ ვინმე გაყიდის, სიამოვნებით შევიძენ.

- სხვებს რამეს ხომ არ ურჩევდი? - ახალგაზრდობა სოფელში ცოტაა. საწყენია, სოფელს რომ ტოვებენ და ივიწყებენ საქმეს, რასაც მათი წინაპარი ემსახურებოდა. ვენახი, მიწა მიტოვებულია. ვიცი, რომ ყველაფერი სახსრებთან არის დაკავშირებული, რთულია და საშუალება არ აქვთ, მაგრამ ჩემი მაგალითი ხომ მოგიყევით - როგორ შევძელი საქმის დაწყება?! ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, მამაპაპისეულ ადგილას ცხოვრება გაგრძელდეს. აქაურობა არ უნდა მივატოვოთ. ჩემთვის ეს დამოკიდებულება იმხელა სტიმულია, რომ შრომა დამღლელია თუ არა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.

ძალიან მინდა, რაც შეიძლება მეტი დაბრუნდეს სოფელში და რაც შეუძლიათ, გააკეთონ.¸იქნებ ზოგჯერ არც არაფერი გააკეთო, მაგრამ სახლის კარს რომ გახსნი და ცეცხლს დაანთებ, უკვე კარგია. ვისურვებდი, სახლის კარი არავის დაეკეტოს და ეკალბარდი არავის ეზო-კარში არ გამრავლებულიყოს.