ხულოს ნიორი ევროკავშირისკენ დაიძრა
ხულოს ნიორი ევროკავშირისკენ დაიძრა
წლეულს ნივრის ისეთი უხვი მოსავალი მოგვივიდა, ფერმერებმა დაბალი თვით­ღირებულების გამო მოსავლის მიწაში ჩაბრუნება, ანუ თავიდან დათესვა გადაწყვიტეს. გათვლა, შეიძლება, წარმატებული აღმოჩნდეს - წლევანდელი ნივრის სიჭარბის გამო გაისად ბევრმა იქნებ აღარც მოიყვანოს, ბაზარზე დეფიციტი გაჩნდეს და ნივრის ფასმა კვლავ აიწიოს.

ნიორი ჩვენთვის მუდამ ფასდაუდებელი კულტურა იყო და ამიტომაც გადმოვიტანეთ ბაღჩა-ბაღებში. ის საუკეთესო ბუნებ­რივი ანტიბიოტიკია, რომლის მოხმარებას მედიკოსებიც გვირჩევენ ამჟამად გავრცელებული ვირუსული ეპიდემიის დროსაც.

მაღალმთიან ხულოში ევროპაში გასატანი ნიორი შარშან შემოდგომაზე მეორედ
დაითესა და მოსავალსაც დიდი იმედით ელიან. ნივრის პირველი პარტია ხულოდან გერმანიაში 2016 წელს გავიდა. ხულოს სასოფლო-სამეცნიერო ცენტრის მთავარი სპეციალისტი რესან ჩოგაძე ნივრის კულტურის პერსპექტივაზე გვესაუბრება.

- ნიორი აჭარაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მხოლოდ საკუთარი სარგებლობისთვის მოჰყავდათ, წლის განმავლობაში ინახავდნენ და მოიხმარდნენ. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ყველა
კუთხეში შესანიშნავად იციან, რომ ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და სხვა ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს. ამიტომაც იყენებდნენ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, თუმცა ჩვენი ნიორი შედარებით სუსტი და წვრილკბილა იყო. რაკი გასაყიდად არ გაჰქონდათ, ხალხი მის გარეგნულ ფორმასა თუ სიუხვეს ყურადღებას არ აქცევდა.

ნივრის ბიზნესად ქცევის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ ბოლო წლებში დადგა. უფრო იმის გამო, რომ მაღალმთიან აჭარაში შემოსავლის წყარო მხოლოდ კარტოფილი იყო, რომელსაც არცთუ დიდი მოგება მოაქვს. სწორედ შემოსავლის მოსამატებლად შემოვიდა ხულოში უკრაინული ნიორი, რომელიც საპილოტე პროექტით 2015 წლის გაზაფხულზე დათესა ოთხმა ოჯახმა და თანაც მაღალმთიან სოფლებში.

- რატომ მაღალმთიანში? ნიორი ხომ ყველგან მოდის?
- ძირითადად, ყველგან მოდის, მაგრამ მას მსუბუქი ნიადაგი უყვარს და თიხნარში არ ხარობს. შინაურ პირობებში მოსახმარებელი ნივრის მოსაყვანად თიხნარი ნიადაგი უნდა გამდიდრდეს ორგანული სასუქით, ნაკელით.

ნიორი რაც უფრო მშრალ ნიადაგში ითესება, მით უკეთესი მოდის, აჭარაში კი ასეთი ნიადაგი სწორედ მაღალმთიან სოფლებშია.
ამას დაემატა აჭარელი ფერმერის შრომისმოყვარეობა და ამ პატარა ნაკვეთებიდან ივლისში მართლაც ნივრის ზღაპრული მოსავალი მივიღეთ - 150 კილოგრამი ნივრისგან დაახლოებით 1600-1700 კილოგრამი! სულ კი 2 ტონა ნიორი მოვიწიეთ, რაც უკლებლივ გავიდა გერმანიაში. მომწოდებელმა ხულოშივე დააფასოებინა მწარმოებლებს. მოსავალი ისეთი მაღალ­ხარისხიანი იყო, გაყიდვის პრობლემაზე ლაპარაკიც არ ყოფილა.

გახალისებულმა ფერმერებმა განაცხადი შეიტანეს ნივრის დაახლოებით 25 ჰექტარზე დათესვის თაობაზე, მაგრამ სამწუხაროდ, 2017 წელს ნიორი ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების დავის გამო ვეღარ დავთესეთ, არადა, ეს რომ სცოდნოდათ, ხალხი სათესლე ნიორს შეინახავდა და თვითონ დათესავდა... თუმცა პროექტი არ გაუქმებულა - თესლი კვლავ შემოვიდა, რომელიც 2017 წლის ნაცვლად 25 ჰექტარზე 2018 წელს დავთესეთ.

ახლა აჭარაში ყველგან ლოგისტიკური ცენტრებია (ხულოს რაიონში მშენებლობა უკვე სრულდება), რომლებიც ფერმერებისაგან ნიორს შუამავლების გარეშე იყიდის და გაასაღებს კიდეც, რასაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრიორიტეტულ საქმედ მიიჩნევს.

ჩვენმა ფერმერებმა ნივრის შემოდგომაზე დათესვით საგაზაფხულო საქმეები გაიადვილეს - ადრიან გაზაფხულს, ნივრის დათესვის დროს, ახლა სხვა კულტურებისთვის გამოიყენებენ, ნიორსაც მხოლოდ ერთხელ დასჭირდება გათოხნა. იმედი მაქვს, ჩვენი მოსავალი ამჟამადაც ევროპისკენ გაიგზავნება.
ვ.ჩ.პ( ვაი ჩვენს პატრონს)
21 იანვარი 2019 10:25
საქართველოში რატომ არ იყიდება ???თურქეთიდან და ირანიდან რატომ შემოგაქვთ??? რატომმმ???
ელენე
19 იანვარი 2019 14:04
საქართველოში რატომ არ იყიდება?!
მოცვზეც იყო ამდამაგვარი ინფოემაცია (თითქოს გურიაში მოიყვანეს მოსავალი), მაგრამ იციც თვალით არავის უნახავს

როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები