ეკოსაპნები ბებიების რეცეპტით
ეკოსაპნები ბებიების რეცეპტით
"ამ ყალიბებსა თუ ფერებს ხისა და მცენარეებისგან ვამზადებთ. ხის ყალიბი საპონს თავის სასიამოვნო სურნელს მატებს და ეკოლოგიურადაც სუფთაა"

გამძაფრებული ალერგიული ფონი და შეწუხებული ადამიანები, უმეტესად ბავშვები - ასეთია რეალობა, რაც მედიცინის მორიგ დილემად იქცა. სამკურნალოდ რას არ მიმართავენ, მაგალითად, ბავშვების მენიუდან იღებენ ბევრ სასარგებლო, მაგრამ ალერგიის გამომწვევ პროდუქტს, უკრძალავენ დასვენებას ამა თუ იმ ადგილებში­ და ა.შ. ალერგიის გამომწვევი შეიძლება აუცილებელი საყოფაცხოვრებო საშუალებებიც იყოს, მაგალითად, საპნები ან სარეცხი საშუალებები. არადა, გამოსავალი
ჩვენ გვერდით არის და იმდენად მარტივიც, რომ მასზე ვერც კი ვფიქრობთ. ეს ჩვენი უძველესი ხალხური მედიცინაა, რომელიც, თუ შევძლებთ და ოდნავ მეცნიერულ მიღწევებსაც დავუმატებთ, სასწაულს მოახდენს.

გურანდუხტ ავქოფაშვილი სწორედ­ ასე მოიქცა, შვილის მძიმე ალერგიით შეწუხებულმა წინაპრების ცოდნა გაიხსენა და შვილისთვის საპონი და სარეცხი საშუალებები თავადვე
დაამზადა. სულ ცოტა ხანში კი მიხვდა, რომ ამით არა მარტო თავისი ოჯახი და პატარა ამოასუნთქა, არამედ ახლობლებიცა და მათი შვილებიც. ასე დაიწყო ახალგაზრდა ქალმა ის საქმე, რისთვისაც მადლობაც ეკუთვნის. ეს ამბავი გურანდუხტს ვაამბობინეთ.
- როცა გვიჭირს, მაშინ ვიწყებთ გამოსავლის ძებნას. ასე დამემართა მეც. როცა შვილი შემეძინა, ბავშვს მთელ სახესა და ტანზე დაუწყო გამოყრა. ეს არ გამკვირვებია, დღეს იშვიათად იპოვი ბავშვს, რომელსაც ალერგია არ ჰქონდეს. ამიტომაც მივაკითხე დიეტოლოგს და ანტიალერგიული მკურნალობაც დავუწყე. ის იყო, ვიფიქრებდი, გვეშველა-მეთქი, ბავშვს მძიმე გამონაყარი სახესა თუ ტანზე მაინც ეწყებოდა. ერთხელაც ბოლნისის რაიონის სოფელ ბალიჭში დედასთან ვიყავი და უცებ გონება გამინათდა. ვუთხარი, ის საპონი ხომ არ დაგვემზადებინა, ბებო რომ ხალხს ჭრილობების მოსაბანად უმზადებდა, იქნებ ბავშვს ამან მაინც უშველოს-მეთქი. დედამ, მაშინ წავალ, ორკბილას დავკრეფო.

- მეც ვიცი, რომ სოფლად ჩვილებს სამკურნალო მცენარეების ნაყენში აბანავებენ, მათ შორის არის ანტისეპტიკური ორკბილაც.
- ორკბილასა და სხვა მცენარეებში ჩემს სოფელშიც დღესაც აბანავებენ ჩვილებს. ჩემმა დიდმა ბებიამ კი, სოფიო ბერიძემ, ყველა ეს მცენარე იცოდა და მთელი სოფელი მისი დამზადებული წამლების იმედად იყო, რადგან გაჭირვებისა და მაღალმთიანობის გამო ხალხი ექიმთან ვერ მიდიოდა. მოკლედ, ჩემი დიდი ბებიის ეს ცოდნა ჯერ ბებიაჩემზე გადმოვიდა, მერე კი დედაჩემზე. დედა ზოგჯერ მეც მასწავლიდა ბალახების ცნობას. ერთი სიტყვით, დედაჩემმა ორკბილასთან ერთად საპონში სხვა ბუნებრივი საშუალებებიც შეურია, ბავშვის ტანსაცმლისთვისაც დამიმზადა სარეცხი საშუალება და სულ მალე მივხვდით, რომ ამოვისუნთქეთ, ბავშვს თურმე ჰიგიენური საშუალებები აძლევდა ალერგიას და ბუნებრივი საშუალებებით დამზადებულმა ეს პრობლემა მოაშორა.

- ამის შემდეგ, ბუნებრივია, ამ საშუალებების დამზადებას თავს აღარ დაანებებდით.
- პროფესიით ქიმიკოსი ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ამერიკაშიც ვსწავლობდი და ეს ცოდნაც ძალიან დამეხმარა. მოკლედ, დედას ვუთხარი, თუ მცენარეების ცნობას მასწავლი, ყველაფერს უფრო დავხვეწ და ბებოზე არანაკლები ვიქნები-მეთქი. აბა, დედა როგორ არ დამეხმარებოდა და ყველანაირად ამომიდგა გვერდში. უკვე სამი წელიწადია ბუნებრივ საპონსა და სარეცხ საშუალებებს ვამზადებ, იმპორტული ფხვნილებისა და საპნების­ არსებობაც დამავიწყდა. მარტო მე კი არა, ჩემს ბევრ ახლობელსაც, პირველად სწორედ ისინი ცდიან, რასაც ვაკეთებ. გონივრულ შენიშვნებსაც მაძლევენ, რისთვისაც მადლობელიც ვარ, ვითვალისწინებ და შედეგიც უკეთესია. ამ საქმეში მთელი ოჯახი ჩავრთე. ერთად დავდივართ მცენარეების შესაგროვებლად. მართალია, ჩემი სოფლის მაღლობებში ბევრი მცენარეა, მაგრამ ყველაფერი ერთ ადგილას ვერ იქნება. სხვაგანაც გვიხდება წასვლა, მაგალითად, რაჭაში, რაც საქმესთან ერთად უდიდესი სიამოვნებაა. შეგროვებული მცენარეები ბალიჭში ჩამაქვს და ვამუშავებ.

- სხვადასხვა ადგილის მოვლას ხარჯიც ხომ სჭირდება?
- თან არცთუ მცირე. უდიდესი იყო სტიმული პროექტის - "აწარმოე საქართველოში" დახმარება. პროექტი დავწერე, მცირეოდენი თანხა გამომიყვეს და მცენარეების საფქვავი და საშრობი შევიძინეთ. მართალია, კიდევ ბევრი რამ გვჭირდება სრულყოფილი მუშაობისთვის, მაგრამ ესეც უმნიშვნელოვანესია - მცენარეები აუცილებლად ხარისხიანად უნდა იყოს გამომშრალი და დაფქული, საპონში ან სარეცხ საშუალებაში თვალით უხილავი ხიჭვიც კი არ უნდა მოხვდეს, რომ კანი არ გაფხაჭნოს.
- გააჩნია, რისთვის ვამზადებთ, სამკურნალოდ, დასაბანად თუ სარეცხად.
ყოველ ზაფხულს დაახლოებით 40 სახეობის მცენარეს ვაგროვებთ, ნუშის ჩათვლით. ამას კიდევ სხვა ბუნებრივ კომპონენტებს ვურევ, მაგალითად, ვირის რძეს. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ვირის რძის გამოყენება სამკურნალოდ დაიწყო. ეს ცოდნაც ჩემი წინაპრებისგან მაქვს, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, ვირის რძეს რა გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს.

- პროდუქციის რეალიზება, ალბათ, გიჭირთ, ჩვენთან ტრადიციულად ასე ხდება.
- ყველამ ვიცით, რა კონკურენციაა ჰიგიენის საშუალებების ბაზარზე, არადა, უმეტესობა ისეთი პროდუქტია, არავისთვის რომ არ არის სასარგებლო. როცა რომელიმე სარეცხ საშუალებაზე შემოუჩივლიათ, ალერგია დამმართა, ხელები დამწვაო, ბევრჯერ დამწყვეტია გული - იმ საშუალებებით, რომელთაც ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ, მსგავსი არაფერი ხდება. ბებიაჩემი თმის ცვენას აჩერებდა, ფსორიაზს აქრობდა, ნაცრისგან დამზადებული საპნით ბანდა ხინჯიან ადგილებს, მერე თავისივე დამზადებულ მალამოს წაუსვამდა და რამდენიმე დღეში ჩირქის კვალი აღარსად იყო. ახლა ჩირქოვან გამონაყარს თვეობითაც ვერ შველიან, იმიტომ კი არა, რომ ექიმშია პრობლემა, პრობლემა მედიკამენტებშიც არის, არა ყველაში, მაგრამ უამრავში. ეს მომენტი უცხოეთში "დაიჭირეს" და უკვე ამზადებენ ბუნებრივ საშუალებებს. ამას წინათ ვნახე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მცენარეებზე დამზადებული სარეცხი სითხე, რომელიც პატარა პოლიეთილენის ჭურჭელში 27 ლარი ღირდა, ჩემი სარეცხი საშუალება კი მინის ბოთლშია, იაფიც ღირს, მაგრამ მისი რეალიზაცია მაინც ძნელია.

- საპნისთვის ლამაზი ფორმები და ფერებიც გაქვთ შერჩეული, მარმელადის ფილებივით არის, თვალს იზიდავს.
- ამ ყალიბებსა თუ ფერებს ხისა და მცენარეებისგან ვამზადებთ. ხის ყალიბი საპონს თავის სასიამოვნო სურნელს მატებს და ეკოლოგიურადაც სუფთაა. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის უპირველესი - ეკოლოგიურობა. ამ ბოლო დროს, მგონი, თავად ეს სიტყვაც კი მკურნალია, არათუ ეკოლოგიური პროდუქცია.

ელენე ელენე
04 თებერვალი 2019 17:19
გამარჯობათ
მაინტერესებს თუ ამზადებთ ისეთ საპონს რომელიც ფსორიაზზს კურნავს. მადლობა
ლევანი ტუღუში
28 იანვარი 2019 09:24
მოგესალმებით, რამდენიმე თვის წინ აღმოვაჩინე ეს ნატურალური და ეკოსაპნები და ძალიან კმაყოფილი ვარ. გამიხარდა სტატია რომ წავიკითხე ეხლა. მადლობა თქვენ ამისთვის. რაც შეეხება აქვთ თავისი ფეისბუქ გვერდი დემა-ქართული ნატურალური საპონი ასე ქვია და შეგიძლიათ იქ მიწეროთ და დაგაკვალიანებენ თვითონ, დაწვრილებით აგიხსნიან ყველაფერს. პსპ-ს აფთიაქებშიც არის თუ არ ვცდები რამოდენიმე ფილიალში.
ნანა
27 იანვარი 2019 23:35
598557871 ეს არის ამ გოგონას ტელეფონი, _ გურანდა ავქოფაშვილიას.

თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები