"მეზობლებს ვპირდები, ლომს ან ვეფხვს არ მოვიყვან, თუმცა..."
"მეზობლებს ვპირდები, ლომს ან ვეფხვს არ მოვიყვან, თუმცა..."
"ამ ცხოველების გადამკიდეს, მინდა ფერმა მქონდეს"

"ეს გოჭი სამეგრელოდან ჩამომიყვანეს, იციან, ცხოველები რომ მიყვარს. ბედნიერი ვიყავი, მისი საყვარელი ჭყვიტინი რომ გავიგონე. ტახიკო დავარქვი, ჩემთან ცხოვრობს, ეზო მაქვს, სადაც თავისი პაწია დინგით ორმოებს თხრის. ვეგეტარიანელი ვარ და ჩემი გოჭი დაცული იქნება დაკვლისგან, შეწვისა და შეჭმისგან", - გვეუბნება შოუმენი გია ჯაჯანიძე, რომლის ეზოსაც ამ საახალწლოდ გოჭი შეემატა. შოუმენმა ის ოჯახის წევრივით მიიღო, დააბინავა და ჰპატრონობს.

გია ჯაჯანიძე: - ადრეც ვფიქრობდი გოჭზე, მაგრამ
მერე ღორად რომ გადაიქცეოდა, ამის წარმოდგენა დისკო­მფორტს მიქმნიდა, ამიტომ მისი მოყვანისგან თავს ვიკავებდი. როგორც ხშირად ხდება ჩემს ცხოვრებაში, ეს საჩუქარი­ მოულოდნელი იყო და როცა დავინახე, სახტად დავრჩი. ძალიან პატარა იყო, ძუძუს გოჭი, მიწაზე ფეხი არც ჰქონდა დადგმული. შემეშინდა, ასე პატარას რა ვუყო, როგორ მივხედო, არ
მომიკვდეს-მეთქი?

- რატომ მოსწყვიტეს გოჭი დედის ძუძუს?
- საახალწლოდ უნდოდათ გოჭების დაკვლა, მაგრამ რა არის ცხოვრება, თანაც­ მე ხომ ყველაფერს მისტიკას ვუკავშირებ. ეს გოჭი თურმე დასაკლავად რომ გამოიყვანეს, უთქვამთ, ჯაჯანიძეს უნდა ვაჩუქოთო. ასე რომ, ჩემი ტახო სამეგრელოდანაა და ეზოტერიკმა ანზორ ოდიშარიამ მაჩუქა. იცის, რომ ცხოველები ძალიან მიყვარს, თან ღორის წელიწადიც მოდიოდა.
გოჭი სასწრაფოდ დავბანეთ და ფენით გავაშრეთ. რძეს საწოვარათი ვაჭმევდით, ასე ნელ-ნელა გავზარდეთ. უკვე ორი თვეა, ჩემთან არის. როგორც კი დამოუკიდებლად ჭამა დაიწყო, ეზოში პაწია საღორე დავუდგით. ყოველდღე თავისი პაწია დინგით მიწას გამალებული თხრის. როგორ მუშაობს, ვერ წარმოიდგენთ. სულ გადათხარა ყველაფერი. აქამდე ყოველდღე ვაბანავებდი, მაგრამ უკვე ვეღარ, ჯერ ერთი, სიცივეა და აზრიც აღარ აქვს, მაინც სულ ისვრება.

- ტახო რატომ დაარქვით?
- იმიტომ, რომ ბიჭია... ჯერ ხომ გავერთე კარგად მისით, მაგრამ მერე საშინელი გვემა დამეწყო, რა ვუყო ამ გოჭს, როცა გაღორდება, მერე ხომ უნდა დავკლა-მეთქი? ამაზე უკვე ძალიან ვნერვიულობ. ვინმეს რომ ვაჩუქო, ხომ დაკლავს?

- გყავდეთ ეზოში, სადამდეც იქნება... რას აჭმევთ?
- ვუხარშავთ კარტოფილის, ვაშლის ნათალს, პურს ვულბობთ. ახლა ქატო მოვიტანე. დედაჩემის დანახვაზე განსაკუთრებული რეაქცია აქვს, მისთვის ის უკვე საჭმელთან ასოცირდება, მაშინვე ჭყივილს იწყებს. ყოველდღე მოვლა უნდა, დასუფთავება... ღორი ხომ სუნით არის ცნობილი და ეზოში სუნი რომ არ დადგეს, თან თბილადაც იწვეს, ყოველ დილას მის საღორეს რომ გამოვასუფთავებთ, თივას ვუყრით.

- ჭყივისო და სამეზობლო არ აპროტესტებს?
- მე კი ვარ გახარებული და ბედნიერი ჩემი ეგზოტიკური ცხოველებითა და ფრინველებით, მაგრამ ერთი დიდი დისკომფორტი მაქვს და ეს მეზობლებია.
წარმოიდგინეთ, დილით რომ ჩემი სამი მამალი ყივილს იწყებს,­ მოგვიანებით, ციცარი ხმიანს, ვირი ყროყინს, მტრედები - ღუღუნს (მოჩვეული მყავს, პურს და მარცვალს ვუყრი ხოლმე), ყვავები კი ჩხავილს, თუ საჭმელი არ დახვდათ, ამ დროს ძაღლიც ყეფს და ჩემს ეზოში ერთი ალიაქოთია.

მიუხედავად ამისა, არც ერთ მეზობელს პრეტენზია არ გამოუთქვამს. მე რომ ვინმეს­ ასეთ დღეში ჩავეგდე, რას ვიზამდი, არც ვიცი. ავდექი და ჩემით შევეხმიანე, დიდი მოკრძალებით დავიწყე მოყოლა, როგორ მიყვარს ცხოველები და ფრინველები, მერე ბოდიშების კორიანტელი­ დავაყენე. უი, რას ამბობ, არაფრით არ ვწუხდებითო. უღრმესი მადლობა ჩემს კეთილ მეზობლებს და ვპირდები, ლომს ან ვეფხვს­ არ მოვიყვან, თუმცა ესეც არ არის გამორიცხული.

- ტახოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?
- ყველა საქმის ბოლომდე მიყვანა მიყვარს და მინდა ნეზვის მოყვანაც, ანუ დედალი გოჭის, მაგრამ ისევ ერთადერთი შემაფერხებელი ის არის, რომ მათ გოჭებს რა ვუყო? ამაზე სერიოზულად ვფიქრობ და ამ ცხოველების გადამკიდეს, მინდა ფერმა მქონდეს.

- მართლაც სიმბოლურად დაემთხვა, რომ ღორის წელს შინ გოჭი მოგიყვანეს.
- ასტროლოგიურად ღორის წელი 5 თებერვალს შემოდის, ამიტომ ტახოს ძალ­იან ლამაზი საბელი ვუყიდე, დიდი ბროშით, და აუცილებლად უნდა გავასეირნო. მაგ დღეს რაღაც დიდი ღონისძიება იმართ­ება და იქ ჩემი გოჭით გამოვცხადდები. ძალიან საყვარელი გოჭუნაა, როგორც კი მოვეფერები, მიყურებს გაოცებული.
რომ მიყურებს, მგონია, ამ ახალ წელს რომ არ დაკლეს, ჩემი დამსახურებაა და ყოველ შემოხედვაზე თითქოს მადლიერი თვალები აქვს.

- ღორის წელს რას უსურვებთ ქართველებს?
- ჯანმრთელობასა და წარმატებასთან­ ერთად, სიმშვიდეს. მაოცებს ზოგიერთი, როგორ შეუძლიათ მუდმივად, თუნდაც სოციალური ქსელით, სხვების ლანძღვა. მედარდებიან ასეთები, ამიტომ ყველას სიმშვიდეს ვუსურვებ, რადგან სიმშვიდეს მოაქვს ყველაფერი კარგი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა