"სოფელი დაკარგული სამოთხეა დედამიწაზე, შიმშილსა და სიღარიბეს მაშინ გადამარჩინა, როცა ქვეყანაში არეული დრო იყო" - კვირის პალიტრა

"სოფელი დაკარგული სამოთხეა დედამიწაზე, შიმშილსა და სიღარიბეს მაშინ გადამარჩინა, როცა ქვეყანაში არეული დრო იყო"

"სოფელი დაკარგული სამოთხეა დედამიწაზე, შიმშილსა და სიღარიბეს მაშინ გადამარჩინა, როცა ქვეყანაში არეული დრო იყო", - გვეუბნება ხათუნა ღურჭუმალიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერის საჯარო სკოლის მასწავლებელი. ხათუნა ქუთაისში დაიბადა, სკოლა და უნივერსიტეტიც იქ დაამთავრა და 20 წლის იყო, მამაპაპეულ სოფელში რომ დაბრუნდა. ისეთ საწებელსა და აჯიკას ამზადებს, "საწებლისა და აჯიკის დედოფლად" აღიარეს.

ხათუნა ღურჭუმალიძე: - ნასპერი ლამაზი სოფელია, დიდი წარსულითა და ისტორიით. სოფელში წარმართული ხანის სალოცავია, ისკელიტა. აქვე აღმოჩენილია ძვ.წ. V-VII საუკუნეების არქეოლოგიური არტეფაქტები (კაჟის იარაღები, კოლხური კერამიკა, კოლხური ნამოსახლარი), აქვეა უნიკალური ბუნების ძეგლი - სეპტარიების ველი, XIX საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს XII საუკუნის სამრეკლო აქვს... მეამაყება, რომ ჩემს სოფელში თესავდნენ ხორბლის სახელგანთქმულ სახეობებს - მახასა და ზანდურს... ადგილს, სადაც ამ ჯიშებს თესავდნენ, ნაზანდურებს ვეძახით.

მებაღეობა-მებოსტნეობას მივდევ. ხეხილის მყნობა მამამ მასწავლა. ვეძებ ლეჩხუმში გავრცელებულ და დავიწყებულ ვაშლის ჯიშებს - აბილოურს, თურაშაულს, ყინულას, სამეფოს. სოფლად ყველაზე რთული გაზაფხულია. ამ დროს შვილებთან ერთად ვაკეთებ სათბურს, ვთესავთ პამიდორს, ბადრიჯანს, ბულგარულ წიწაკას, გამომყავს ნერგები და მომყავს ვარდისფერი, ხარიგულა, საადრეო, სატომატე პამიდორი. მათგან ვამზადებ სხვადასხვა საწებელს. ვაკეთებ ასევე მკვახე ტყემალს, მწიფე უკურკო ტყემალს და ვინახავ ძველი წესით მარანში, თირში (საჭურჭლე მიწის შემადგენელი ნაწილი).

ლეჩხუმური ძველი ჩანაწერების მიხედვით აღვადგინე და ვამზადებ ლეჩხუმურ საწებლებს - წოს, ადესულას, რომელიც შავი ადესისა და ბროწეულის წვენით მზადდება. ძველი სამზარეულოდანაა გაზაფხულის აჯიკებიც, რომელთა შესაკაზმად იყენებენ ხმელ საკაზმს (სუნელებს) და ნიგოზს. ზაფხულის აჯიკას ნედლ აჯიკას ვეძახით და მისი მომზადებისას თითქმის ყველა ბოსტნეულს ვიყენებთ, შემოდგომის აჯიკა კი ნედლი და ხმელი საკაზმისა და ნიგვზის ერთობლიობაა...

გაზაფხულზე, როდესაც ახალი ბოსტნეული ითესება, დიასახლისები დარჩენილ მწვანილს აიღებდნენ, ნიგვზით და მშრალი წიწაკით შეაზავებდნენ და თიხის ან ხის ჭურჭელში ინახავდნენ. ეს საკაზმი გამოიყენებოდა როგორც ხორცთან, ისე - კარტოფილთან, ჭყინტ ლობიოსთან. ლეჩხუმურ აჯიკაში ნიგოზი ლიდერია. მე ეს ყველაფერი აღვადგინე და ვამზადებ. ლეჩხუმი მდიდარია ნიგვზით. ვხდი ნიგვზის ზეთსაც, რომელსაც სალათებში ვიყენებ... ოჯახში დიდი ხანია, ვამზადებთ ხალმის ყველსაც, ანუ ყველს თიხის ჭურჭელში ვინახავთ. თიხის ჭურჭელში ვამწნილებ მჟავესაც. შარშან სტუმრად მყავდა კულინარიული ექსპედიცია ქეთი კვიჭიძის ხელმძღვანელობით. ფრანგი მკვლევარი ერიკ ბოიარდი აღტაცებული დარჩა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით, თონეში შემწვარი გოჭითა და თონის ლობიანით, რომელიც ღორის მუცლის ქონით მზადდება. მას ლეჩხუმში კორხირი ჰქვია, ღორის ხორცის შებოლვის დროს ისიც იბოლება...

შემოდგომაზე ლეჩხუმელი დიასახლისები ლეჩხუმელი ბებოს მარილს ამზადებენ - ეს არის ნაზავი ხმელი საკაზმებისა, რომელთაც გაზაფხულიდან მოყოლებული, შემოდგომამდე აგროვებენ, მერე ფქვავენ და აზავებენ ქართული ნივრით. ეს დედაჩემის დედამ მასწავლა, სონა საღინაძემ, რომელიც 103 წლისა გარდაიცვალა.

- კიდევ რით გამოირჩევა თქვენი სოფელი? - აქ უგემრიელესი ხილი მოდის, რადგან ხილს არავინ წამლავს... მე და ჩემი შვილები მთელ ზაფხულს ვაგროვებთ ხილს და ვამზადებ ვაშლის, ქლიავის, ჭანჭურის, ატმის, კომშისა და მსხლის ჩირებს და ტკბილ კვერებს, ტყემლის წვენისგან კი კვაწარახს ვამზადებთ. ყოველთვის ვცდილობდი, მომეძებნა ძველი ლეჩხუმური რეცეპტები, ამისთვის "ფეისბუკის" გვერდიც შევქმენი. აქ მიპოვა ანუკი კანთელაძემ და შვილებთან ერთად ონის აგროფესტივალზე მიმიწვია. ჩემი ოცნებაა, ლეჩხუმური სამზარეულო სახლი გავაცნო ტურისტებს. მინდა, შვილებთან ერთად გავაშენო უგემრიელესი ჯიშების ხილის ბაღი - იქნებ ასეთი საქმეებით დავაინტერესოთ აქედან წასული ადამიანები, ისევ ახმაურდეს ჩემი სოფელი და ერთბავშვიანი კლასის კი არა, პარალელური კლასების მასწავლებელიც გავხდე.

- ქალაქიდან სოფელში დაბრუნება არ გაგიჭირდათ? - ქალაქიდან ყველაფერი უფრო ლამაზი ჩანდა - სოფელში ცხოვრება რთული აღმოჩნდა. იმ ფუძეზე დავბრუნდი, სადაც ერთი სახლი მამაჩემის აშენებული იყო, მეორე - ბაბუის. მამას ვაჟი არ ჰყავდა და არ მინდოდა, აქაურობა ნამოსახლარად ქცეულიყო, ამიტომ აქვე შევქმენი ოჯახი და მყავს სამი შვილი. მაშინ სოფელი უფრო დიდი, ხმაურიანი იყო, ბევრი მეზობელიც მყავდა, ახლა კი ისე მოხვალთ ჩემს ჭიშკრამდე, თუ ზუსტად არ იცით, სად ვცხოვრობ, შეიძლება გზის მომასწავლებელიც არ შეგხვდეთ. გასულ ზამთარს მგელმა საჩეხში დამწყვდეული ცხვრები მომტაცა... დიდი თოვლი რომ მოვიდეს, სახლების უმრავლესობას სახურავი ჩაუტყდება, რადგან გადმომთოვლავი კაცებიც აღარ დარჩნენ.

ხშირად მეკითხებიან, რა მოგცა სოფელმაო? ბევრი რამ! მან მაქცია იმად, ვინც ვარ. აქ გავზარდე სამი შრომისმოყვარე, უღალატო, ერთგული და, რაც მთავარია, სოფლისა და მიწის მოყვარული შვილი. სოფელმა ადამიანების სიყვარული, სიკეთე, უანგარო დახმარება, თავის გატანა, ფუძისა და ადათ-წესების სიყვარული, წარსულის პატივისცემა და მომავლის იმედი მასწავლა. ოღონდ სულ მგონია, რომ ვალი მაქვს, ვალი ჩემი მამიდების, მშობლების, მეზობლების, მეგობრების, ტყის, ჩემი ბინულის წყლის, მიწის, ჩემი ბზუილა ფუტკრის, მორჩილი პირუტყვის... მოკლედ, ყველასი და ყველაფრის, რაც ასე ძალიან მიყვარს და რომლის გარეშეც არ შემიძლია... 1864 წლის ჩანაწერებით, ჩემს სოფელში პურის გარდა, ღომსაც თესავდნენ. მინდა, წლეულს მეც დავთესო და აქ მოსულ სტუმარს ღომის ღომი ვაჭამო. ამ საქმეში მეზობლებსაც ჩავრთავ. ახლა ისინი ჩემთან ერთად სწავლობენ ინგლისურს. გაკვეთილები სოფლის სკოლაში ჩემი ინიციატივით ტარდება. ეს წამოწყება ცაგერის მერის შემწეობით დაფინანსდა. ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ უცხოელ სტუმარს დაბნეული არ დავხვდეთ და დალაპარაკება შევძლოთ...