მსუსხავი მარგებელი
მსუსხავი მარგებელი
ჭინჭარი ერთი შეხედვით უსარგებლო, მსუსხავი მცენარეა, რომელიც ველურ პირობებშიც ხარობს, სინამდვილეში კი მას გამორჩეული თვისებების გამო მცენარეთა სამყაროში საპატიო ადგილი უჭირავს. ჭინჭრის თვისებების შესახებ გვესაუბრება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ნატო კაკაბაძე.

ნატო კაკაბაძე: - ჭინჭარი მრავალ­წლიანი ბალახოვანი მცენარეა და თითქმის­ მთელ ევროპაშია გავრცელებული. საქარ­თველოშიც ყველგან გვხვდება, მაგრამ უფრო ნესტიან ადგილებში - გზის პირებსა­ და ღობეების გაყოლებაზე იზრდება. შემოსილია მრავალრიცხოვანი მსუსხავი ფოთლ­ებით. მისი
სიმაღლე 130-150 სანტიმეტრია, მაგრამ ზოგიერთ ადგილას 2-2,5 მეტრამდეც იზრდება.

- რატომ არის მისი ფოთლები მსუსხავი­, რა განაპირობებს ჭინჭრის ამ თვისებას?
- ჭინჭრის ბუსუსები გაჟღენთილია კაჟ­მიწით. შეხებისას ისინი ადვილად იმსხვ­რევა და კანს აზიანებს. დაზიანებულ კანში ხვდება ბუსუსში მოთავსებული მჟავა და ისუსხება. ეს მჟავა ჭინჭრის დაკრეფიდან 5-6
საათის შემდეგ ქრება, მაგრამ ფოთლებს­ ეს თვისება მაინც უნარჩუნდება. ჭინჭარი ივნისიდან ყვავილობს, ხოლო მისი ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. ბალახის ადრეული შეგროვების შემდეგ მცენარე მეორედაც ყვავილობს. ჭინჭარს ფოთლები ძალიან მალე სცვივა, ამიტომ თუ მისგან ნედლეულის დამზადება გვინდა, დროულად უნდა შევაგროვოთ... ჭინჭრის ფოთლებში ბევრი სასარგებლო ვიტამინი და ნივთიერებაა, რაც მას იშვიათ­ სამკურნალო მცენარედ აქცევს. ჭინჭრის პრეპარატებს იყენებენ ანემიის, რევმატიზმის, ღვიძლისა და კანის დაავადებების დროს, კარგია დამწვრობისა და თმის ცვენის მკურნალობისთვისაც, ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების მომატებას, ამიტომ უძველესი დროიდან იყენებენ სისხლნაკლებობის სამკურნალოდ, ასევე - კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც.

- ჭინჭრის მოშენება როგორ შეიძლება?
- მისი გამრავლება ვეგეტაციურადაც შეიძლება და თესლითაც, მაგრამ უპირატესობა მაინც ვეგეტაციურ გამრავლებას ენიჭება. ამისთვის იყენებენ ფესურის განშტოებებზე წარმოქმნილ ყლორტებს. ფეს­ურა წელიწადში 30-50 სმ-მდე იზრდება. ჭინჭრისგან ბევრ სასარგებლო ნაყენსა და წამალს ამზადებენ, ოღონდ ნედლეულად მხოლოდ ფოთლების გამოყენება შეიძლება­ - ღეროებისა და ყვავილების გარეშე.
როცა ყვავილობას იწყებს, სამკურნალო თვისებებს კარგავს, ამიტომ მისი ფოთლები ყვავილობამდე უნდა დავკრიფოთ და გამოვიყენოთ.

ჭინჭრის ფოთლებს ბასრი, მჭრელი დანით ჭრიან. რამდენიმე საათის შემდეგ ის მსუსხავი აღარ არის, მაგრამ თუ მაინც "იკბინება", მისი ფოთლების მოსაგროვებ­ლად ხელთათმანი უნდა ჩავიცვათ. ჭინჭრის ფოთლები კარგი ვენტილაციის პირობებში უნდა გავაშროთ. 3-5-სანტიმეტრიან ფენად გავფინოთ ქაღალდზე ან ქსოვილზე.

ჭინჭრის მზეზე გაშრობა არ შეიძლება, რადგან სასარგებლო თვისებები ეკარგება. ხელოვნური შრობისთვის დასაშვები ტემპერატურა 40-45 გრადუსია. ნედლეულის დამზადებას სიბნელე და კარგი ვენტილაცია სჭირდება. გამომშრალ მასას გაყვითლებული ან გაშავებული ფოთლები და სხვა საეჭვო მინარევები უნდა მოვაშოროთ და 40-45-კგ-იან ფუთებში მოვათავსოთ. ამგვარად დამზადებული ნედლეულის შენახვა 1,5-2 წლის განმავლობაში შეიძლება.

- საქართველოში მას საკვებადაც იყენებენ.
- ჭინჭრის ნორჩი ფოთლებისგან უგემრიელეს მხალეულს ამზადებენ, უმეტესწილად დასავლეთ საქართველოში. არანაკ­ლებ გემრიელია მისგან მომზადებული ხინკალიც. ჭინჭარს ხშირად ჩაიშიც ურევენ, რადგან ასეთი ჩაი საუკეთესო საშუალებაა კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. ჭინჭრის ღეროებს ბოჭკოების დასამზადებლად იყენებენ, ხოლო მისი ფოთლებისგან მიიღება ქლოროფილი, რომელიც მწვანე საღებავების წარმოებაში შეუცვლელია. სასარგებოა ამ მცენარის წვენიც. ის კარგად წმენდს ორგანიზმს, ააქტიურებს ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობას. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჭინჭრის წვენი სასარგებლოა ანემიის, ავიტამინოზის, შაკიკისა და გამონაყარის დროს. ჭინჭარს იყენებენ პარფიუმერიულ მრეწველობაში და წონაში დასაკლებადაც კი. ჭინჭარს ფრინველსაც აჭმევენ. განსაკუთრებით სასარგებლოა ის ჭუკებისთვის. ამ საკვებით გამოზრდილი ინდაურის ხორცი უგემრიელესია.

- ჭინჭრისგან სასუქიც­ მზადდება.
- სასუქისთვის ნედლი ჭინჭარი უნდა მოითიბოს და პლასტმასის ან მომინანქრებულ ჭურჭელში მოთავსდეს. დაქუცმაცებული მასის 1 კგ-ს დავასხათ 10 ლიტრი­ წყალი და მზეზე დავდგათ. ჭურჭელს ბადე დავახუროთ, რომ მასში მწერი არ ჩავარდეს და პერიოდულად მოვურიოთ. დუღილის პროცესი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. 15 დღის შემდეგ ამ მასის გაწურვა, გაფილტვრა და გამოყენება­ შეიძლება. 1 ლიტრი ნაზავი 10 ლიტრ წყალს ერევა და ეს საუკეთესო საშუალებაა ბოსტნეული კულტურების მოსარწყავად, გარდა ნივრის, ხახვის, ლობიოსი და ბარდისა.

- როგორ ამზადებენ ჭინჭრის თაფლს, რომელიც უებარი საშუალებაა?
- 1 ლიტრ ახალდაწურულ ჭინჭრის წვენს დაამატეთ 200 გ თაფლი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. როცა გაცივდება, მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში. შეგიძლიათ მოამზადოთ ჭინჭრის ექსტრაქტიც. ამისთვის აპრილ-მაისში მოჭერით 20 სმ სიგრძის ჭინჭრის ქორფა ღეროები ფოთლებთან ერთად, კარგად გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ 3-ლიტრიან ქილაში და დაასხით ცივი ანადუღარი წყალი. 10 საათის შემდეგ მიიღეთ 1 ჭიქა 2-ჯერ დღეში. ჭინჭრის თაფლი 20-მდე დაავადებას კურნავს და ანტიკანცეროგენული თვისებები აქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები