პოლიტექსპერტის ლუნა-მთვარისა - კვირის პალიტრა

პოლიტექსპერტის ლუნა-მთვარისა

"ჩემი ლუნა-მთვარისა ყველაზე ლამაზი ძაღლია მთელ სამყაროში - ცელქი, ალერსიანი, ხასიათიანი. ადამიანივით შეუძლია განაწყენება, სიხარული, ზოგჯერ შურისძიებაც", - გვეუბნება პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც ცხოველების დიდი გულშემატკივარი აღმოჩნდა და სიყვარულით საუბრობს 3 წლის ბიგლიზე, რომელსაც ოჯახში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

- ეს ჩემი მეორე ბავშვია. ვამბობ, რომ მყავს ორფეხა და ოთხფეხა ქალიშვილები - ანა (ჩემი შვილი) და ლუნა, ლუჩი, იგივე მთვარისა. მართალია, მისი ენა არ გვესმის, მაგრამ თავის ემოციებს ხმის ტემბრით, ინტონაციით გამოხატავს. შეუძლია ოჯახის წევრებთან 7-10-წუთიანი დიალოგი გამართოს და თავისი გულისწყრომა და მოთხოვნები გამოხატოს. მეტად საინტერესო არსებაა, ამასთან, ულამაზესი, მაგრამ როგორც ყველა ბიგლი, უჯიუტესია, ოჯახის ყველა წევრი დაგვიმორჩილა, განსაკუთრებით მე.

- აქამდე ძაღლი არ გყოლიათ? - სპანიელი "გოგონა" მყავდა. როცა ჩვენს ოჯახში შემოვიდა, ყველანი ქალები ვიყავით და გადავწყვიტეთ, ძაღლს მაინც ჰქონოდა მამაკაცის სახელი, ამიტომ ბუბა დავარქვით. 15 წლამდე ჩვენთან ცხოვრობდა. 15 წლის რომ გახდა, იმ დღეს მოკვდა, რაც ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. ძაღლის პატრონებმა იციან, რაოდენ ძნელია ოთხფეხა მეგობრის დაკარგვა. ამიტომ პირველი განცდა ის არის, რომ ძაღლს აღარასოდეს მოიყვან. ჩემი რეაქციაც ასეთი იყო.

- მაგრამ ლუნა მალევე მოიყვანეთ? - ბუბას დაკარგვიდან ერთ წელიწადში, 14 იანვარს, მარიამ გერსამიას ფეისბუკის გვერდზე ულამაზესი არსება აღმოვაჩინე, რომელიც დახატული თვალებით მიყურებდა. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. რომ დავინახე, აღარ მახსოვდა, რა ტკივილი გამოვიარე ბუბას დაკარგვით, არც ის, რომ ძაღლი სახლში მაინც დისკომფორტია, მიუხედავად იმისა, რომ ლუნა ჩვენი ანტიდეპრესანტია. მოკლედ, მივწერე მარიამს, კიდევ თუ ჰყავს მის პატრონს გაუსხვისებელი ლეკვები-მეთქი? კიო და, იმავე საღამოს მე და ჩემი ქალიშვილი გავქანდით პატრონთან. ჩემს ქალიშვილს რომელიც მოეწონა, თავის ოთხფეხა დაიკოდ ის აირჩია. დავარქვით ლუნა-ლუჩი და ამ ორ სახელს ერთმანეთს ვუნაცვლებდით, ხოლო პოპულარულ ტელესერიალში გამოჩენილი პერსონაჟის შემდეგ, მთვარისაც შეერქვა...

- ბიგლის ოინები ცნობილია და ვფიქრობ, თქვენი ლუნაც არ ჩამორჩება... - 31 დეკემბერს ოჯახით ურეკში ვიყავით. იქ საოჯახო სასტუმრო გვაქვს. უცებ საფულე დამჭირდა, სადაც მთელი საბუთები: საბანკო ბარათები, პირადობის თუ მართვის მოწმობები მედო, მაგრამ ყველა გაქრა. სასწრაფოდ დავრეკე ბანკში და ვაცნობე ბარათების დაკარგვის ამბავი. მერე გამახსენდა, რომ რამდენიმე თვის წინ ოთახში მარტო დარჩენილმა ლუნამ ჩემი ჩანთა გახსნა, ამოიღო საფულე და 5-ლარიანი გადასანსლა. ვიფიქრე, იქნებ იგივე გააკეთა-მეთქი და მართლაც ტახტის ქვეშ შეუგდია, სადაც შეძრომა ვეღარ მოასწრო. მოკლედ, ყველაფერი უვნებლად დამიბრუნდა.

- როგორია ბიგლის მოვლის წესები, ანუ როგორ უვლით თქვენს ონავარ "გოგონას"? - ვისაც უნდა, შინ ცელქი და ძნელად აღსაზრდელი ბავშვი ჰყავდეს, ეს ბიგლია. ხშირი სეირნობა უნდა, რისი დროც, სამწუხაროდ, არა მაქვს და ამის გამო ჩემი ლუნა ძალიან გაპუტკუნდა... პირველად რომ ავცერი, გამაფრთხილეს, ალერგიული ჯიშია და შესაძლოა გართულება ექნესო. მართლაც, ღამის 2 საათზე კანკალი დააწყებინა და ძლივს ვიშოვე "დექსამეტაზონი".

ანტიდეპრესანტია - სავარძელში თუ ჩავჯექი, მაშინვე ჩამისკუპდება, ჯერ ფშვინვას იწყებს, მერე ხვრინვას. სხვა ჯიშისგან სიჯიუტე გამოარჩევს. ინტონაციით, პაუზებით ყველაფერს გახვედრებს.

- რით კვებავთ? - სპეციალური საკვები აქვს. ვიტამინებს ვაძლევთ. თუმცა ნებისმიერი საჭმელი უყვარს, რასაც ჩვენ ვჭამთ. თუ ოდნავ უყურადღებოდ დატოვე, შესაძლოა კარადა გამოაღოს და გამოაცარიელოს ყველაფერი. დიდი ხულიგანია, მაგრამ სიტუაციის განეიტრალების უნიკალური თვისება აქვს. მისმა სიყვარულმა პატარა ზოოპარკის მეპატრონე გამხადა - ურეკის სასტუმროში მიკროზოოპარკი გვაქვს ეგზოტიკური კურდღლებით, ქათმებით, ფარშავანგებით. წლეულს პირველი ფარშავანგი შეგვეძინა, მაგრამ ჩვენთან ცოტაა ეგზოტიკური ფრინველების სპეციალისტი და თვე-ნახევრის ფარშავანგი დაგვეღუპა, ერთი მამალი ულამაზესი თეთრი ფარშავანგიც... მოკლედ, ლუნას სერიოზული ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. ჩემს მეუღლეს არ უყვარდა ძაღლები, მაგრამ ლუნამ მოახერხა და თავი შეაყვარა. საერთოდაც, ცხოველებს როლი ოჯახში დიდია. ბავშვები სულ სხვანაირები იზრდებიან - თბილები, მოწყალეები... ამიტომ ამ ტკივილისგან, გაჭირვებისა და ბოღმისგან დაღლილ საზოგადოებაში, ვისაც შეუძლია, ცხოველი სახლში უნდა იყოლიოს. დამერწმუნეთ, შვილების უკეთესი აღმზრდელი არ არსებობს...