როცა აყვავდა ლავანდა...
როცა აყვავდა ლავანდა...
"სხვათა შორის, ჩვენს პლანტაციაში ფოტოსესიებს მართავენ"

ავანდა - მცენარე, რომელიც სილამაზითა და სურნელებით ხიბლავს ადამიანებს. ძველი რომაელები მისგან სურნელოვან წყალსა და ეთერზეთებს ამზადებდნენ. დასანანია, რომ ლავანდას ჩვენში დიდად არ სწყალობდნენ. ეს მაშინ, როცა საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, არგენტინასა და აფრიკაშიც ლავანდის პლანტაციები ათასობით ჰექტარზეა გადაჭიმული. პარფიუმერიულ-კოსმეტიკური გამოყენების გარდა, მას კიდევ ერთი - ფუტკრის გამოკვების სასარგებლო უნარიც აქვს.

საქართველოშიც დადგა ლავანდის გა­შენების დრო - პირველი პლანტაცია­ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკ­რიანში­ გამოჩნდა და
ხალხი ამ ყვავი­ლის სილამაზით მოხიბლა. ის ალექსანდრე­ მანზელოვმა გააშენა, ერთმა თბილისელმა­ კაცმა, რომელსაც დედაქალაქის დატოვება მოუხდა... სოფელში დაბრუნებულმა მეურნეობის აწყობა გადაწყვიტა. ეს თავადაც უკვირდა, ასფალტზე გაზრდილმა სოფლისა არაფერი ვიცოდი და ამ გადაწყვეტილებამდე მაინც მივედიო.

- ნამდვილად ასფალტზე გაზრდილი გახლავართ, კერძოდ, ვაჟა ფშაველას პროსპექტზე და სკოლაც
იქვე მაქვს დამთავრებ­ული. ერთხელ საფრანგეთში, პროვანსის­ პროვინციაში მომიხდა გამგზავრება და სწორედ იქ ვნახე ლავანდის ზღაპრული პლანტაციები, რამაც გამაოგნა. ამის გამოც არის, რომ პროვანსს ტურისტები ეხვევიან. ამას დაუმატეთ მისი მომაჯადოებელი სურნელი და ის შემოსავალი, რასაც ამ მცენარის მოყვანისგან იღებ. ასე რომ, ლავანდის შესახებ ლიტერატურას ჩავუჯექი და პლანტაციის გაშენება გადავწყვიტე. აქ სწორედ ის ჰავა და ნიადაგია, რომელიც­ ლავანდას ძალიან უყვარს: მზიანი და მშრალი. რაც შეეხება მორწყვას, დიდად არ სჭირდება, მხოლოდ დარგვისას უნდა დაასხა. ლიტერატურამ იმდენად ბევრი რამ მასწავლა, მისი გაშენების აღარც შემშინებია, ბოლოს და ბოლოს, შეუძლებელი რა არის.
ნაკვეთის ძებნისას შემთხვევით გავიცანი ნუკრიანელი მოსახლე, რომელიც დღეს ჩემი კომპანიონია და თავისი შრომისმოყვარეობით მაოცებს. სულ ფუსფუსებს, ხანდახან მგონია, რომ ძილშიც არ ისვენებს.
თესლი ჰოლანდიიდან ჩამოვიტანე. სათბურში დავთესეთ, შემოდგომაზე კი ღია გრუნტში გადავიტანეთ და საუკეთესოდ გავახარეთ. შემოდგომაზე დარგული ზაფხულში აყვავდა და საოცარი სილამაზე შექმნა.

- კახელები არ გეკითხებოდნენ, რა არისო?
- რა თქმა უნდა, მეკითხებოდნენ, ამ მცენარეს როგორი ნაყოფი აქვსო. როცა ვეუბნებოდი, ნაყოფი კი არა, ამის ყვავილია მთავარი-მეთქი, უკვირდათ, მაშ, არაფერიც არ ყოფილაო, მაგრამ ახლა ძალიან მოსწონთ.
არც ისე დიდი ხნის წინ ლავანდის პლანტაციები თელავში იყო და კარგადაც იყენებდნენ, ეთერზეთებს ამუშავებდნენ.

- თქვენმა პლანტაციამ თუ მიიზიდა უკვე ტურისტები?
- ჩვენი ლავანდა პირველად 2016 წელს აყვავდა, მხოლოდ 1 ჰექტარზე გვაქვს ჯერჯერობით გაშენებული, მაგრამ მართლაც დიდ ეფექტს ახდენს ჯერ გამაბრუებელი სურნელით, მერე კი, რასაკვირველია, სილამაზით. სხვათა შორის, ჩვენს პლანტაციაში ფოტოსესიებს მართავენ. ასე რომ, მნახველი ნელ-ნელა გვემატება.

ლავანდის ყვავილობა შედარებით ხანმოკლეა, ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდე ყვავის, ამიტომ ვცდილობთ პლანტაციისგან სხვა სარგებელიც ვნახოთ: ყვავილები, ეთერზეთები გავყიდოთ, ლავანდის ორცხობილებსაც ვამზადებთ. ეთერზეთის გამოსახდელად აპარატურა უცხოეთიდან გამოვიწერე და თავად ვხდი. არც ეს არის იოლი საქმე, ზეთი ძალიან ცოტა გამოდის. კილოგრამი ლავანდიდან 20 გრამი ეთერზეთი რომ მაინც გამოხადო, კმაყოფილი უნდა იყო. ნაწარმს ვყიდით, თავად ნუკრიანშიც გვყავს მეწარმეები, რომლებიც ლავანდის ზეთისგან მალამოებსა და პარფიუმერიულ ნაწარმს ამზადებენ. ლავანდის პროდუქტის შეძენა მაღაზიებსაც სურთ. თუმცა, რადგან რეალიზაცია ჩვენში არცთუ მარტივი საქმეა, ჩვენც გვიჭირს. ამის მიუხედავად, ლავანდის გაშენებას შედეგი აქვს და საქმის გაფართოებასაც ვაპირებთ. ჯერჯერობით ლავანდის მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიები არა გვაქვს, პლანტაციას მოტობლოკებით ან თოხით ვამუშავებთ. იმედია, თანდათან ყველაფერს ავაწყობთ. შევეცდებით ტურისტული ტურებიც უფრო ორგანიზებულად დავგეგმოთ, რომ ჩვენი პლანტაციის სილამაზე ბევრმა ადამიანმა ნახოს.
თინა
13 თებერვალი 2019 23:27
ლავანდის გამხმარი ყვავილები ძალიან კარგია ჩრჩილის საწინააღმდეგოდ,პატარა ნაჭრის ტომსიკებში ჩაყრილი.

თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები