"7-სახოვანი" ჩვენებური "ხეკაკუნა" - კვირის პალიტრა

"7-სახოვანი" ჩვენებური "ხეკაკუნა"

კოდალა - ამ სიტყვის გაგონებისას ადამიანების უმრავლესობას ბავშვობა ახსენდება. კოდალას შესახებ ბაღის ასაკიდან გვიყვებიან, ის უამრავი ლექსისა და ზღაპრის მთავარი გმირია, მაგრამ ამ უჩვეულო არსებაზე ბევრი რამ მაინც არ ვიცით. რით არის გამორჩეული კოდალა და რა ადგილი უჭირავს ფრინველთა სამყაროში? - ამ შეკითხვას ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი-ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი უპასუხებს.

- კოდალა ტყის ფრინველია. მისი სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა ტიპის ტყეებში ბინადრობს. საქართველოში გვხვდება შვიდი სახეობის კოდალა: დიდი ჭრელი კოდალა, საშუალო ჭრელი კოდალა და მცირე ჭრელი კოდალა, ასევე - თეთრზურგა, სირიული, მწვანე და შავი კოდალა. ამ სახეობებს ქართველმა ორნითოლოგებმა თავიანთი სახელი შეარქვეს, მაგალითად, შავ კოდალას "ხეკოდა" ჰქვია, ხოლო ჭრელ კოდალას - "ხეკაკუნა". ამ ფრინველს საქართველოში ორნითოლოგი ივანე ჩხიკვიშვილი სწავლობდა, რომელსაც კოდალებზე არაერთი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული.

- ამ შვიდ სახეობას შორის რომელია ყველაზე გავრცელებული და პირიქით - რომელი სახეობაა ყველაზე იშვიათი? - ყველაზე გავრცელებული დიდი ჭრელი კოდალაა, რომელიც შეიძლება ყველგან ვნახოთ, სადაც ტყე, პარკი ან ბაღია. მაგალითად, ვაკის პარკში თუ დააკვირდებით, ამ შვიდი სახეობიდან ხუთს მაინც იპოვით და ყველაზე მეტი სწორედ დიდი ჭრელი კოდალა იქნება. ყველაზე მცირერიცხოვანი თეთრზურგა კოდალაა. მისი საარსებო გარემო სპეციფიკურია, საცხოვრებლად უღრან წიფლნარებს ირჩევს, ამგვარ გარემოში ცხოვრებას არის შეგუებული. ჩვენს უნივერსიტეტში უკვე შემუშავდა პროექტი, რომლითაც თეთრზურგა კოდალას გავრცელების არეალი, ამ პოპულაციის რაოდენობა და მდგომარეობა უნდა შევისწავლოთ. ეს აუცილებელია, რადგან ეს სახეობა საქართველოში იშვიათია. პროექტს წლეულს, გაზაფხულზე დაიწყებს ჩვენი ჯგუფი. ეს დრო იმიტომ შევარჩიეთ, რომ გაზაფხული კოდალას გამრავლების პერიოდია და ამ დროს მათი პოვნა ყველაზე იოლია.

კოდალას დიდ საფრთხეს უქმნის ტყეების განადგურება. თეთრზურგა კოდალაც იმიტომ არის ცოტა, რომ წიფელი შეშადაც გამოდგება, მისი მასალაც კარგია და წიფლნარები იჩეხება. ძალიან საინტერესო სახეობაა სირიული კოდალა, რომელიც ძირითადად თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთში ბინადრობს. მისი საცხოვრებელი გარემო სავანის ტიპის, ნათელი ტყეებია.

- როგორი საკვები მოსწონს კოდალას? - კოდალა მწერებითა და მათი ლარვებით იკვებება, რომლებსაც ხის ქერქში პოულობს და თავისი გრძელი ნისკარტით იღებს. ჩვენში გავრცელებული მწვანე კოდალა ჭიანჭველებსაც სიამოვნებით ჭამს, ამიტომ ის ხშირად შეიძლება ნახოთ ჭიანჭველების ბუდესთან - მას თავისი გრძელი ენით გამოაქვს ნადავლი და გემრიელად მიირთმევს. კოდალა ჯანსაღი ტყის ერთ-ერთ საუკეთესო ინდიკატორად არის მიჩნეული. ამის გამო ხშირად ტყის მკურნალსა და ექიმს ეძახიან. კოდალებს საღი ტყე სჭირდებათ, რათა კარგად გამრავლდნენ. გაჩეხილი ტყე კოდალას საცხოვრებლად არ გამოდგება, თუნდაც იქ ბევრი დაზიანებული ხე იყოს და კოდალას საკვებიც ბევრი მოიპოვებოდეს.

- ბუდეს როგორ აგებს? - ხეს ჩიჩქნის, ფუღუროს აკეთებს და ბუდეს სწორედ იქ იკეთებს. ზოგჯერ კოდალას მომზადებულ ფუღუროს სხვა ფრინველები და ძუძუმწოვრები იყენებენ თავიანთ ბუდეებად. კოდალა გადამფრენი ფრინველი არ არის და სადაც ცხოვრობს, ზამთარ-ზაფხულ იქვე რჩება, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა მკაცრი ზამთარია და კოდალები მთიდან ბარში ჩამოდიან. ზოგი სახეობის კოდალა თითქოს "საკუჭნაოს" ამზადებს: ხეებში ხვრელებს აკეთებს და საკვებს იქ ინახავს. ასე იქცევა, მაგალითად, კალიფორნიის მკვიდრი მწვანე კოდალა, რომელიც რკოს აგროვებს და ხეებში გაკეთებულ ხვრელებში აწყობს. ჩვენებურ კოდალებს ამგვარი რამ არ ახასიათებთ.

- რას გვეტყოდით სამთითა კოდალაზე? - როგორც წესი, კოდალების უმრავლესობას ოთხი თითი აქვს, ორი წინ არის მიმართული, ორიც - უკან, თუმცა, არსებობს გამორჩეული სახეობაც, რომელსაც სამი თითი აქვს. კოდალას ეს სახეობა საქართველოში არ ბინადრობს. კოდალას ბარტყები ფუღუროში ცხოვრობენ, სანამ ფრენას ისწავლიან. ერთხანს მშობლებსაც დასდევენ, მაგრამ დამოუკიდებელ ცხოვრებას მალე იწყებენ. ახალგაზრდა კოდალები საკუთარ ტერიტორიას პოულობენ და ბუდეს იშენებენ. კოდალები ჯგუფ-ჯგუფად არ ცხოვრობენ, ისინი უფრო წყვილებად გვხვდებიან.

- ტყეში კოდალას ყველაზე დიდი კონკურენტი ვინ არის? - ალბათ, ციყვი. ის და კოდალა ერთმანეთის კონკურენტები არიან - ორივე ხეზე ცხოვრობს და საკვებიც ერთნაირი აქვთ, ამიტომ მათ შორის ჩხუბი და დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავია. სხვების ჩამოთვლაც შეიძლება, თუმცა ყველაზე დიდი მტერი ადამიანია, რომელიც მის საარსებო გარემოსა და ჰაბიტატს ანადგურებს. ტყეების გაჩეხა და ხეების მოჭრა ამ ფრინველისთვის გადაულახავი პრობლემაა, მაგრამ ამას გარდა, ტყეებში პერიოდულად ატარებენ ე.წ. სანიტარიულ ჭრებს. მიიჩნევენ, რომ ეს კარგია ტყისთვის, მაგრამ ძალიან ცუდად მოქმედებს ბიომრავალფეროვნებაზე.

- ამის გამო, ალბათ, ზოგი სახეობის კოდალა გადაშენების საფრთხის წინაშეც დგას... - დიახ. ამერიკაში იყო ასეთი სახეობა - თეთრნისკარტა კოდალა, რომელიც უკვე გადაშენებულია. ორნითოლოგები ფიქრობენ, რომ თეთრნისკარტა კოდალა შეიძლება სადმე, მიუვალ ადგილას კიდევ ცხოვრობდეს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ პოულობენ. საფრთხის წინაშე დგას ასევე იაპონური კოდალა, რომელიც იაპონიის კუნძულებზე ბინადრობს და შეიძლება გადაშენდეს. ამის მთავარი მიზეზი ტყეების გაჩეხა და მათი საარსებო გარემოს განადგურებაა. ეს დიდი პრობლემაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ხათუნა ჩიგოგიძე