ევროპამ მარტვილის ხურმას გემო გაუგო - კვირის პალიტრა

ევროპამ მარტვილის ხურმას გემო გაუგო

ხურმასა და მის ჩირზე ჩვენში რომ დიდი მოთხოვნაა, წლევანდელი სეზონიც კმარა, როცა იანვარში 1 კგ ხურმა ბაზარზე 5 ლარი ღირდა, ჩირი კი - სამჯერ მეტი. ბოლო წლებში ქართულ ხურმაზე მოთხოვნა უცხოეთშიც გაჩნდა.

საბედნიეროდ, ხურმისა და მისი ჩირის საშრობი მაცივრები რამდენიმე რაიონში აშენდა, მათ შორის - მარტვილში. კაპიტონ კაკულიამაც ხურმის საწარმოებლად კოოპერატივი შექმნა და ხურმის საშრობი პროექტით "აწარმოე საქართველოში" ააგო.

- ხურმის აღიარება არც ქართულ ბაზარზე მიკვირს და მით უფრო, არც - უცხოურ ბაზარზე, რადგანაც ხურმის სასარგებლო თვისებებისა და მომგებიანობის მოწმე ბავშვობიდან ვარ. ჩვენს უფროს თაობებს საბჭოთა ბაზრის გარდა ბაზარი არ ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი ხურმა აქაც კარგად იყიდებოდა. ზოგი გლეხის ოჯახში 10-15 ტონა ხურმა მოდიოდა.

მარტვილის ხურმის ბაღები არასოდეს გაჩეხილა - მრავალტონიანი მაცივრების ნაცვლად, ხალხი ხურმას ბუნებრივად აშრობდა და ასე ცდილობდა ბაზარზე გატანას. ზღვითაც გაჰქონდათ უკრაინასა და რუსეთში. ეს ბაზრები გლეხობამ დღემდე შეინარჩუნა. Bბოლო წლებში ეს ბაზარი უფრო გააქტიურდა და ევროპის ბაზარიც გამოჩნდა.

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩასულმა ჩვენებურებმა ჯერ თითო-ოროლა კილოგრამი ხურმის ჩირი გაიტანეს ევროპულ მაღაზიებში და რაკი ბაზარს მოეწონა, სამაცივრე მეურნეობების აგებაც დაიწყეს. მეც შევქმენი კოოპერატივი და სამაცივრე მეურნეობაც ავაწყვე. ჩვენი ხურმის ხეები ხშირად მაღალიც იზრდება. ბუნებრივია, მათ მიწიდან ვერ შეწამლავ. ფაროსანა იმდენად ვერ აზიანებს ხურმის ნაყოფს - მისი ყვავილობისა თუ მსხმოიარობის დროს ამ მავნებელს სხვა საკვებიც აქვს, მაგრამ საქმე ის არის, რომ მას ობის სოკო გადააქვს, რომელიც ნაყოფს ხეზე აღარ აჩერებს და დამწიფებამდე ცვივა. ვისაც დაბალი ბაღები ჰქონდა და შეწამვლა მოახერხა, ხურმის მოსავალი მიიღო.

სამაცივრე მეურნეობებმა ხურმის ჩირი მაინც დავამზადეთ. როცა დავინახე, რომ ჩემს ბაღში ძალიან ცოტა ხურმას მოვიწევდი და უშემოსავლოდ დავრჩებოდი, იოლი გზა გამოვნახე ფეხზე დასადგომად - ხურმა აღმოსავლეთ საქართველოს, კახეთის სხვადასხვა სოფელში ვიყიდე - 1 კგ 70 თეთრად, მაცივრით ჩამოვიტანე და ჩირი დავამზადე. სხვებიც ასე მოიქცნენ.

- ამით თქვენც იხეირეთ და კახელი მეურნეებიც ახეირეთ... - მართალია. თუ ქართველი კაცი ქართველ კაცს ახეირებს, ამას რა აჯობებს! წლეულს 7 ტონა ხურმა მაინც შევინახე და მოგებაც დამრჩა - ხურმის ყიდვა 70 თეთრი დამიჯდა, ჩირი კი კილოგრამი 14-15 ლარად ჩაიბარეს. ჩვენი ჩირი იქ იყიდება, სადაც ტურისტების დიდი ნაკადი მოძრაობს. მათ მოსწონთ ხურმის ჩირი, ასე რომ, წაგებული ნამდვილად არა ვარ.

- არც ხურმის ბაღს უპირებთ გადაჭრას... - აბა, რას ამბობთ? პრობლემები ყოველთვის არის. ხურმის შედარებით დაბალი ბაღების გაშენებაც შეიძლება, რომელსაც შეწამვლა უხერხდება.

ისეთი მიწა გვაქვს, მხოლოდ ხურმა და თხილი კი არა, ბევრი რამ მოგვცემს შემოსავალს. მაგალითად, ჩაიც გავაშენე და მომავალში მის რეალიზაციასაც ვაპირებ.