"ყვავილების ყოჩს" გაზაფხული მოჰყავს
"ყვავილების ყოჩს" გაზაფხული მოჰყავს
ყოჩივარდა გაზაფხულის მოსვლამდე ყვავილობს. შეიძლება ითქვას, რომ ის გაზაფხულის პირველი მახარობელია. ყვავილები და ფოთლები იმდენად ლამაზი აქვს, რომ მხატვრის ფუნჯით მოხატულს ჰგავს, თოვლში ამოსული ყოჩივარდების ნახვას ხომ არაფერი სჯობია... ამ ლამაზ,­ სურნელოვან ყვავილზე ჩვენი სტუმარი, საქართველოს საპატ­რიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლ­ეჯის დირექტორის მოადგილე მანანა ელბაქიძე გვიამბობს.

- ბუნებაში ყოჩივარდას 50-მდე სახეობა არსებობს, აქედან საქართველოში 3 სახეობაა გავრცელებული. აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, კავკასიური ყოჩივარდა ხარობს, ხოლო დასავლეთში - კოლხური ყოჩივარდა, რომელიც აფხაზეთში,
აჭარასა და სამეგრელოში გვხვდება და ადგილობრივი, ენდემური სახეობაა. რაც შეეხება კავკასიურ ყოჩივარდას, ის გვხვდება აზერბაიჯანსა და სომხეთშიც. მსოფლიოში ყოჩივარდები გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ცენტრალურ ევროპაში, კავკასიაში, ხარობს აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშიც. სხვათა შორის, საქართველოში კავკასიური და კოლხური ყოჩივარდას გარდა, მესამე სახეობა - კოსის ყოჩივარდაც ხარობს, რომელიც
ჩვენთან მცირე რაოდენობით გვხვდება. ეს სახეობა, ძირითადად, კუნძულ კოსზე, ეგეოსის ზღვაშია გავრცელებული. ჩვენებური სახეობებისაგან იმით განსხვავდება, რომ ფოთლის ძირში მუქი ლაქა აქვს.

- საზოგადოდ, გაზაფხულის მახარობლად იას მიიჩნევენ, თუმცა ყოჩივარდა მასზე ადრე ყვავილობს.
- დიახ, იაზე გაცილებით ადრე ყვავილობს. მას ხშირად ურევენ იაში, არადა, ეს ორი სხვადასხვა მცენარეა.­ ყოჩივარდა უკვე შემოსულია, მისი ყვავი­ლობის­ პერიოდი თებერვალია. ჩემს ბაღში, მაგალითად, ყოჩივარდა იანვარშიც კი ყვაოდა. ყოჩივარდას ყვავილი ხომ საოცრად ნაზია, მაგრამ მისი ფოთლებიც არანაკლებ ლამაზია, ამიტომ ის დეკორატიული მცენარეა. საოცარი სანახავია, როცა ველ-მინდვრები ყოჩივარდას ლამაზი ხალიჩებით იფარება. არსებობს ზამთარში მოყვავილე და გაზაფხულზე მოყვავილე ყოჩივარდები, ზოგიერთი სახეობა კი გარდამავალ პერიოდში ყვავილობს. სინათლის მოყვარულია, მაგრამ თებერვალში ვერც მზის პირდაპირ სხივებს იტანს და ნახევრად ჩრდილში უფრო კარგად ვითარდება.

- საინტერესოა, ეს პატარა ყვავილი თოვლში როგორ ახერხებს ამოსვლას?
- თოვლი და სიცივე ყოჩივარდას განვითარებისთვის აუცილებელია. მისთვის ყველაზე ოპტიმალური 10 გრადუსამდე ტემპერატურაა, ხოლო 17 გრადუსი მისთვის უკვე კრიტიკული ზღვარია. ამის გამო, თუ სხვა მცენარეები მოსვენების მდგომარეობაში ზამთარში გადადიან, ყოჩივარდას მოსვენების მდგომარეობა ზაფხულს ემთხვევა. გაზაფხულის ბოლოს ყოჩივარდას ფოთლებიც გამქრალია, ყვავილებიც და მისი სიცოცხლე მიწის ქვეშ გრძელდება. იქ არის მისი ტუბერი და იქ მიმდინარეობს ყველა სასიცოცხლო ბიოქიმიური რეაქცია. მოსვენების პერიოდი მთელ ზაფხულს გრძელდება, შემოდგომის მეორე ნახევარში ყოჩივარდა უკვე ფოთლებს ივითარებს. თოვლის ქვეშ ძალიან კარგად გრძნობს თავს და როცა აყვავდება, თოვლსაც ამოჭრის ხოლმე. ამ დროს ძალიან ლამაზი სანახავია.

- როგორ მოვუაროთ ყოჩივარდას ოთახის პირობებში?
- ამ მცენარისთვის მაღალი ტემპერატურა დამღუპველია, ამიტომ, როცა მისი გახარება გვინდა, გრილ ოთახში ან შუშაბანდში უნდა მოვათავსოთ, სადაც ტემპერატურა 20 გრადუსზე მეტი არ არის. ბოლო ხანებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ოთახის ყოჩივარდა, რომელსაც გაცილებით დიდი ყვავილები აქვს. ეს სპარსული ყოჩივარდასგან გამოყვანილი შესანიშნავი ჯიშებია: თეთრი, ვარდისფერი, ჟოლოსფერი, წითელი - სრულიად განსხვავებული ეგზემპლარები იყიდება. ხშირია შემთხვევა, როცა ამ მშვენიერ ყვავილს ყიდულობენ, შინ მიაქვთ, რაღაც ხნის გავლის შემდეგ კი მცენარე მოიწყენს, ფოთლები ხმება, ყვავილები უჭკნება და თუ დროულად არ ვუშველეთ, იღუპება.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს არ მოხდეს?
- ოთახის ყოჩივარდებს პატარა ბავშვივით უნდა მოვუაროთ: უნდა მოვათავსოთ ფანჯრის რაფაზე, სასურველია აღმოსავლეთის ან დასავლეთის მხარეს მიმართული ფანჯარა, რადგან სამხრეთით მზის სხივები უფრო ინტენსიურია, ჩრდილოეთით კი სინათლის დეფიციტი ექნება. რაღაც დროის გასვლის შემდეგ ყოჩივარდა უნდა გადარგოთ, ოღონდ ძალიან დიდ ქოთანს ნუ შეურჩევთ, სასურველია, ქოთნის ზედაპირი მის ფესვთა სისტემას მხოლოდ 2 სანტიმეტრით აღემატებოდეს, რადგან დიდ ქოთანში ყვავილობა ისე ინტენსიური აღარ იქნება. ყოჩივარდას მორწყვაც განსაკუთრებული სჭირდება: წყალი აუცილებლად ქოთნის კიდიდან უნდა დავასხათ და ის ოთახის ტემპერატურაზე 1-2 გრადუსით გრილი უნდა იყოს. წყლის წვეთები კოკრებს არ უნდა მოხვდეს, თორემ ისინი ხმობას დაიწყებს. მცენარეს წყალი არც ზემოდან არ უნდა დავასხათ, რადგან ტუბერს თუ მოხვდა, დაალპობს. როცა მცენარე ყვავილობს, ცოტა მეტი მორწყვაა საჭირო, მაგრამ ყვავილობის დასრულებისთანავე წყლის დოზები ნელ-ნელა უნდა შევამციროთ და ბოლოს, სულ შევწყვიტოთ. ეს ნიშნავს, რომ მცენარემ ყვავილობის ფაზა დაასრულა და ნელ-ნელა მოსვენებისთვის ემზადება.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ტემპერატურა მოიმატებს და ცხელი დღეები დაიწყება?
- თუ ბაღი გვაქვს, ყვავილი ქოთნიანად მიწაში უნდა მოვათავსოთ, მაგრამ თუ ამის საშუალება არა გვაქვს, აივანზე გავიტანოთ და ჩრდილიან ადგილას დავდოთ. ზაფხულის გასვლის შემდეგ, შემოდგომის დასაწყისში, მცენარე ისევ შემოაქვთ სახლში და კვლავ ფანჯრის რაფაზე დგამენ. ამ დროს მორწყვის სიხშირეს ნელ-ნელა უმატებენ და ყოჩივარდა თანდათან იღვიძებს. შემოდგომით ფოთლებს განივითარებს და ნელ-ნელა ახალ ყვავილობას იწყებს. რა თქმა უნდა, მცენარეს მინერალური და ორგანული სასუქების მიშველებაც სჭირდება. ყოჩივარდა­ ყოველწლიურად უნდა გადავრგოთ და ერთი სეზონის განმავლობაში 70-მდე ყვავილს განივითარებს.

- ესე იგი, ოთახის ყოჩივარდას კარგად მოვლა სჭირდება?
- დიახ, ეს მცენარე რამდენადაც გამ­ძლეა ბუნებაში, ოთახის პირობებში იმდენად ფაქიზია და მოვლაც მეტი უნდა. ამიტომ, თუ ეზო გაქვთ, ჩვენი, ადგილობრივი სახეობების გახარება უფრო მისაღებია, თან მათი მოვლაც უფრო ადვილია. თებერვალში ამოსული ყოჩივარდას ხალიჩები თვალსაც ახარებს და თქვენს ეზოს სხვაგვარ სილამაზეს შემატებს. ამავე დროს, ყოჩივარდა სამკურნალო­ მცენარეა, რაც უძველესი დროიდან არის ცნობილი. ყოჩივარდას ექსტრაქტს გველის ნაკბენის დასამუშავებლად და შხამების საწინააღმდეგოდ იყენებენ. ეს მცენარე საუკეთესოა სინუსიტისა და ჰაიმორიტის სამკურნალოდ, ასევე, გინეკოლოგიური და ქალური დაავადებების დროსაც. ასე რომ, გარდა სილამაზისა, ყოჩივარდას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები