მასტერკლასი ფლორისტისგან - გზავნილი მიჯნურს - კვირის პალიტრა

მასტერკლასი ფლორისტისგან - გზავნილი მიჯნურს

"რასაც ახლა თქვენი მკითხველისთვის გავაკეთებ, ჩემი და ჩემი მეუღლის სასიყვარულო მიმოწერების ანალოგებით შევქმენი. მახსოვს, პირველ სასიყვარულო გრაგნილში 100 მიზეზი ჩამოვწერე,

თუ რატომ მიყვარს და ეს მის ახსნილ სიყვარულს მოჰყვა..."

ქეთი ჯანხოთელი ფლორისტია და როგორც ამბობს, მისთვის ამ საქმის კეთება ბედნიერებაა. "სხვა არაფრის კეთება არ მინდა, მაქვს პატარ-პატარა წიაღსვლებიც ხელოვნებაში, მეთოჯინეობაზეც ვფიქრობ, თუმცა ფლორისტობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს", - გვეუბნება ქეთი.

- ჩვენი საქმიანობა პასუხია ადამიანების ემოციებზე. სხვადასხვა ღონისძიებისთვის, დაბადების დღისთვის, წვეულებისთვის გვთხოვენ გავულამაზოთ სივრცე ყვავილებით, ქსოვილებით. ახლა ხომ უამრავი მასალაა ხელმისაწვდომი.

- ყველას შეუძლია კომპოზიციების გაკეთება?

- ვისურვებდი, ყველას შეეძლოს, რაც მეტი შემოქმედი გვეყოლება, უკეთესი არ არის? მაგრამ ყველას არ გამოსდის.

- რაზეა ეს დამოკიდებული? - რომ არ მქონდეს სიჯიუტე და ჩვევა, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანო საქმე, ალბათ, ვერც მე შევძლებდი. საჭიროა პროფესიული უნარებიც და კიდევ ხედვა, ფერის შეგრძნება. მთავარი მაინც ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანაა... მუშაობისას დროის განსაზღვრა მიჭირს. საქმეს სანამ არ დავასრულებ, დილის 6 საათიც რომ იყოს, შემიძლია ვუკირკიტო... ვერ გეტყვით, რომ ყვავილებზე ვგიჟდები - შინ ერთი მცენარეც არა მაქვს, მაგრამ ამ პროფესიაზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ მინდოდა, კომპოზიციები გამეკეთებინა. დეკორის კეთება მიყვარს და ყვავილი ბუნებრივი იქნება, ხელოვნური, ნაჭრის თუ ქაღალდის, სიამოვნებით ვიყენებ. საყვარელი ფერები ნაზი ვარდისფერი და სპილოსძვლისფერია. ახლა გაზაფხული მოდის, ყველასთვის საყვარელი პერიოდი, ცოტა ხნის წინ სიყვარულის დღე იყო, მარტში დედის, ქალთა საერთაშორისო დღეა და ამ ბევრი საინტერესო კომპოზიციის შექმნა შეიძლება.

- რისი დამზადება შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს შესთავაზოთ? - მაგალითად, გრაგნილის. სიყვარულის დღე ვახსენე და, რასაც ახლა გავაკეთებ, ჩემი და ჩემი მეუღლის სასიყვარულო მიმოწერების ანალოგებით შევქმენი. მერე მივხვდი, სხვებისთვისაც შემიძლია მისი შეთავაზება. მახსოვს, პირველ სასიყვარულო გრაგნილში 100 მიზეზი ჩამოვწერე, თუ რატომ მიყვარს და ეს მის ახსნილ სიყვარულს მოჰყვა.

"დაჯდა წერად უსტარისა..."

ამ გრაგნილით არა მარტო სასიყვარულო წერილის, ნებისმიერი მისალოცი ტექსტის გაგზავნა შეგიძლიათ.

მასალა: კრაფტისა და პერგამენტის ქაღალდები, ლენტი, მაქმანები, მძივები, ხელოვნური ყვავილები და ტოტები, წებოს ჩხირი.

ხელსაწყოები: მაკრატელი და ცხელი წებო.

ავიღოთ ერთ ზომაზე გამოჭრილი და წინასწარ დაგრაგნილი კრაფტისა და პერგამენტის ქაღალდები და გავშალოთ

ქაღალდებს თავში დავადოთ წებოს ჩხირი და დავაწებოთ

ჩხირის გამოშვერილ ნაწილებზე მაქმანი დავახვიოთ და წებოთი დავაფიქსიროთ

კრაფტის ქაღალდის ნაპირსა და ცენტრში ცხელი წებოთი დავამაგროთ ლენტი

ლენტს ზემოდან დავაკრათ ხელოვნური ყვავილი

მივაკრათ ყვავილის ფორმაზე გამოჭრილი მაქმანიც

დავამაგროთ პატარა ტოტები და ძაფზე აცმული მარგალიტის მძივები

საბოლოოდ გრაგნილი გადავახვიოთ ლენტით და გავბანტოთ