"ჩემ ძმას დაურეკეს­, მარიკა ვიღაც სანტა კლაუსთან ერთად არისო" - ქართველი ქალი, რომელიც ლაპლანდიაში სულგუნს აწარმოებს
"ჩემ ძმას დაურეკეს­, მარიკა ვიღაც სანტა კლაუსთან ერთად არისო" - ქართველი ქალი, რომელიც ლაპლანდიაში სულგუნს აწარმოებს
ქართველი მარიკა ნიკლასონი მეუღლესა და შვილებთან ერთად შვედეთის ლაპლანდიის სამხრეთ ნაწილში, ასელეში ცხოვრობს და ქართულ შებოლილ სულგუნს, სახელად "ლაპლანდიურ სულგუნს" (Lapplands Mejeri) აწარმოებს. ინტერვიუსთვის რომ დავურეკე, შვედ მეუღლესთან ერთად საქმიან ტურნეში იყო - სტოკჰოლმის ყველის ფესტივალსა და ზალცბურგის მონადირეების გამოფენაში მონაწილეობდა. მომახარა, სტოკჰოლმის ფესტივალზე პირველად ვიყავით და პრიზიც ავიღეთო.

ვინ არის მარიკა ნიკლასონი, როგორ აღმოჩნდა ლაპლანდიაში და როგორ­ მოახერხა ქართული ყველის საწარმოს დაარსება ევროპის უკიდურეს ჩრდილოეთში, მისი საუბრიდან შეიტყობთ.

მარიკა ნიკლასონი:
- ჩვენი ყველის მსგავსს აქ ვერსად ნახავთ. სადეგუსტაციოდ რომ ვთავაზობ, ვერც ხვდებიან, რა არის და ზოგიერთი მეკამათება, ეს ყველი არ არის, ან შებოლ­ილი თევზია, ან შებოლილი ხორციო. ვუხსნი, ჩემი გაკეთებულია და მე უკეთ არ ვიცი, ყველია თუ თევზი-მეთქი?

- მაინც როგორ აღმოჩნდით მზიანი საქართველოდან ცივ
ლაპლანდიაში?
- საქართველოში დავიბადე, მაგრამ იქ არასდროს მიცხოვრია. ახმეტიდან ვართ, მამუჩარაშვილები, დედა კი ბრეკა­შვილი მყავს. 9 თვის ვიყავი, ოჯახი ესტ­ონეთში რომ გადავიდა საცხოვრებლად. ტალინში სამხედრო სამსახურის შემდეგ მამა სამუშაოდაც იქ დარჩა, ამიტომ მე და დედაც თან წაგვიყვანა, ჩემზე სამი წლით უმცროსი ძმა კი ტალინში დაიბადა. გიკვირთ, ქართულად კარგად რომ ვლაპარაკობ? შინ ყოველთვის ქართულად ვლაპარაკობთ. ჩემმა შვილებმაც იციან ქართული, თუმცა მკვეთრი აქცენტით ლაპარაკობენ. ზაფხულობით ტალინიდან ყოველთვის ჩამოვდიოდით საქართველოში, ნათესავებთან, სოფელში სახლიც გვაქვს. მამა ამბობს, პენსიაზე რომ გავალ, საცხოვრებლად იქ უნდა დავბრუნდეო.
პირველად ტალინში მცხოვრებ ქარ­თველს გავყევი ცოლად და მასთან ქალ-ვაჟი - კრისტიან-აკაკი და ელზა მეყოლა. უმაღლესი განათლებაც ტალინში მივიღე - ბიზნესის ორგანიზაცია და მენეჯმენტი­ შევისწავლე. 4 რესტორანი გვქონდა და ბიზნესის ნიჭი აშკარად აღმომაჩნდა. 10 წლის თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დავშორდი და რესტორნებიც დავხურეთ, მე კი ტალინში ახალი ბიზნესი წამოვიწყე - ტურები საქართველოში. ვფიქრობდი­, საქართველოში ტურისტები ევროპიდან, კერძოდ - შვედეთიდან, ფინეთიდან, ნორვეგიიდან და სხვა ქვეყნებიდან გამეგ­ზავნა­. ასე ვიპოვე ინტერნეტში ჩემი მომ­ავალი მეუღლე - სტოკჰოლმელი ემილ ნიკლასონი, რომელმაც ლაპლანდიაში სასტუმროების ბიზნესის სასწავლებელი დაამ­თავრა სამონადირეო-სათევზაო ტურიზმის მიმართულებით და საცხოვრებლად იქვე დარჩა.­

მასთან ევროპის ლამის ყველა ქვეყნიდან ჩადიოდნენ მონადირე-მეთევზე მოგზაურ­ები და ვთხოვე, თავისი პარტნიორები საქართველოთიც დაეინტერესებინა. ინტერნეტით მიწერ-მოწერა 2012 წლის იანვარში­ დავიწყეთ. მეუბნებოდა, ბრმად ვერავის ვენდობი, ამიტომ უნდა შეგხვდე და საქართველოშიც ჩავიდეთო. საუბარში გაირკვა, რომ 1-ლ თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა. მეგონა,­ დიდ "ფართის" აწყობდა, მაგრამ იუარა - მეგობრები სტოკჰოლმში­ მყავს, აქ არავისთან ვმეგობრობ, ასე რომ, არ აღვნიშნავო. გამიკვირდა და შემეცოდა, ამიტომ შევთავაზე, სამსახურის შემდეგ სკაიპით ერთად ვიზეიმოთ: შენც დაიდგი კომპიუტერთან ღვინო, მეც მექნება, სადღეგრძელოებიც ვთქვათ და ონლაინ ვიცეკვოთ-მეთქი. შესანიშნავად მოვილხინეთ და... ერთ კვირაში­ ტალინში ჩამომაკითხა.

- ერთი ნახვით შეგიყვარდათ?
- პირიქით - არ მომეწონა. ვიფიქრე,­ ეს როგორი ბიზნესმენია, უცნაურად აცვია, თითქოს აქაც ტყე-ღრეში ჰგონია თავი­-მეთქი. თურმე, შვედეთში ასეა - შეიძლება მილიონერიც კი ძალიან უბრალოდ ჩაცმული დადიოდეს, მე კი სულ გამოპრანჭული ვიყავი და მაღალქუსლიანი­ ფეხსაცმელი მეცვა.

ჩემი სტილის გამო არც ემილს მოვწონებივარ. ერთ დღესაც­ დისკოთეკაზე წავედით და... ცეკვამ დაგვა­ა­ხ­ლოვა. მერე საქართველოშიც წამოვედ­ით,­­ სადაც ფანტასტიკური ამბები გად­ა­გ­­­ვხდა.

აპრილი იყო, თბილოდა, მე, ჩემმა­ დეიდაშვილმა და მისმა მეგობარმა­ ბიჭმა­ თბილისი მოვატარეთ, მერე ავიღეთ ბოთლი­ ღვინო, ბოკალები და ერთ-ერთი სახლის ეზოში ჩამოვსხედით. შორიახლოს ჩემი თანასოფლელი ნათესავი­ ყოფილა, მაგ­რამ არ გამომლაპარაკებია, სამაგიეროდ, ტალინში ჩემი ძმისთვის დაურეკავს­ და გადაურევია, მარიკა ვიღაც სანტა კლაუსთან ერთად არისო (ემილი ძალიან ქერაა)! ძმამ გაგიჟებულმა დამი­რეკა, მანდ გითვალთვალებენ (ჩემი ძმა ქართულად ცუდად ლაპარაკობს) და ვინ იცის, ამ ამბავს სოფლამდე როგორ ჩაიტ­ანენო...
ძალიან გავბრაზდი. ემილი ვერაფერს მიხვდა. ვუთხარი, მერე აგიხსნი­-მეთქი და სასწრაფოდ დეიდაშვილის მეგობარს გავაყოლე იქვე, რომელიღაც სასტუმროში, თან დავპირდი­, მალე მოგაკითხავ-მეთქი. მე დეიდაშვილთან წავედი, ის თანასოფლელიც უნდა მოსულიყო. დეიდაშვილის მეგობარს ემილი მიუყვანია უცნაურ სასტუმროში, სადაც ჯერ გარაჟში­ შედიოდი, მერე კიბით ადიოდი შენობაში, და გარაჟში დაუტოვებია. ემილს კიბე ვერ დაუნახავს, ჰგონებია, გამიტაცეს და აქ დამამწყვდიესო. სტოკჰოლმში ძმაკაცებისთვისაც დაურეკავს, გამიტაცესო. იმათ ერთი ამბავი აუტეხიათ. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა...

ტალინში დავინიშნეთ, ჩემებსაც გავაცანი და 2012 წელს შვილებთან ერთად ლაპლანდიაში გავემგზავრე. მასაც ჰყავს შვილები - უილმა და ლიამი და ერთმანეთთან ყველას შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. შვილები სასწავლებლებში მოვაწყვე, მე კი იქაურ სკოლაში შვედური ვისწავლე. მერე იქვე, ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ, ინგლისურის მასწავლებლად ამიყვანეს, მაგრამ გადავწყვიტე, სხვა საქმეც დამეწყო და ქართული ყველის ბიზნესზე შევჩერდით. ჩემმა ქმარმა არჩია, შვედური რძით თვითონ გვეწარმოებინა ყველი და თანაც - ლაპლანდიაში, სადაც, სტოკჰოლმთან შედარებით, ეკოლოგიურად უფრო სუფთა გარემოა.
2015 წელს ჩავედით საქართველოში, შევხვდით ყველის მწარმოებლებს და რაღაცები ვისწავლეთ. მერე გავიცანით გოგონა და მამაკაცი, რომლებიც საცდელი პროდუქციის შესაქმნელად ჩვენთან ჩამოვიდნენ.

სკოლის სამზარეულო დავიქ­ირავეთ, 200-ლიტრიანი ქვაბიც კი ვიყიდე,­ მაგრამ არაფერი გამოვიდა. აღმოჩნდა, რომ ქართული რძის ცხიმიანობაც, სიმჟავეც, ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობაც ძალიან განსხვავებული იყო. შებოლვაც გაგვიჭირდა და, ფაქტობრივად, პირველი 400 კგ გადავყარეთ, თუმცა ხელი არ ჩაგვიქნევია.

შვედეთში ერთადერთი სკოლაა, სადაც ყველის გაკეთებას ასწავლიან, მეც იმ სკოლის კურსი­ გავიარე - ტექნოლოგიებიც შევისწავლე და პრაქტიკულმა გამოცდილებამ და თეორიულმა ცოდნამ შედეგი გამოიღო. მაშინ მივხვდი, რომ მანამდე ამ საქმეში ბრმასავით ვიყავი. სხვათა შორის, კურსებზე წასვლამდე მე და ემილმა განსხვავებულად ვცადეთ სულგუნის გაკეთება-შებოლვა და გამოგვივიდა. იმ წელს, 2016-ში ყველის გამოფენაზე, სადაც უმკაცრესად ამოწმებდნენ ყველის შემადგენლობას, მოვხვდით კატეგორიაში "და სხვა", რადგან შებოლილი ყველი არავის ჰქონდა. იქ გავიმარჯვეთ და ოქროს მედალიც ავიღეთ. ამ ოქრომ გადაწყვიტა ჩვენი წარმოების ბედი. ამას მოჰყვა კურსები სკოლაში. მერე ბიზნესგეგმა დავწერე, ინოვაციური პროექტისთვის დაფინანსება მივიღეთ, დანადგარები შევიძინეთ და სამი თანამშრომელიც ავიყვანეთ, მაგრამ საწარმოში უჩემოდ მაინც ვერაფერი კეთდება. ორჯერ დავტოვე ჩაკვეთაზე და ორივეჯერ გადამიმჟავეს, ამიტომ უკვე მეშინია.

ჩემი პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა, 47 სუპერმარკეტში ვაბარებთ, მაგრამ ხანგამოშვებით ვგზავნით, რადგან შვედ­ეთში ჯერ კიდევ არ იციან, ეს რა არის, არადა, წარმოება ძალიან ძვირი გვიჯდება.­ 2018-ში საკუთარი საწარმოც ავაშენეთ და დიდი მანქანა-დანადგარიც შევიძინეთ. მაღაზია და საწარმო გამჭვირვალე შუშით გავტიხრეთ და მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელს პროდუქციის შეძენაც შეუძლია და ყველის დამზადების პროცესისთვის თვალის მიდევნებაც, თანაც იქვე რწმუნდება, როგორ პირობებში მზადდება პროდუქტი. ჩემმა ქმარმა თვითონ დაამზადა ხის მაგიდები და სკამები. ყველაფერი ლაპლანდიურ მოტივებშია გადაწყვეტილი. ჩემი ქმრის იდეა იყო ლოსის ფორმის სულგუნის დამზადებაც, რომელშიც მისი ნანადირევი ლოსის შებოლილი ხორცია მოთავსებული. ყველში ხორცს აქ ვერსად ნახავთ და ეს პროდუქცია სტოკჰოლმის ფესტივალზე სრულად გაიყიდა. სამომავლოდაც დიდი გეგმები გვაქვს და ვნახოთ, რა გამოგვივა.

თამარი
11 მარტი 2019 08:45
ყველი როგორ მზადდება??? ერთხელ ვცადე და არ გამომივიდა . ძალიან მინდა ვისწო ყველის და სულგუნის ამოყვანა.

წარმატებები . ძალიან მომეწონა ამ გოგოს თავგადასავალი . ყოჩაღ .
Niko
11 მარტი 2019 06:56
ყველაფერი კარგი, მაგრამ ქართულ სულგუნს თუ აკეთებ, დაარქვი ქართული სულგუნი და არა ლაპლანდიური. :)
meri
10 მარტი 2019 20:53
წარმატებები--ჩემო ქართველო ქალბატონო!!--გფარავდეს უფალი აწ და მარადის--შენს მრავალრიცხოვან ოჯახს!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?