ლოიდის მერისი - კვირის პალიტრა

ლოიდის მერისი

"ქართულად კი ვსაუბრობ, მაგრამ ამ ემოციის გადმოცემა მაინც მიჭირს. ერთი კია, რაც აქ ჩამოვედი, ვეღარ დავივიწყე საქართველო და სოფელი მერისი"

27 წლის ირლანდიელი ავსტრალიელის, ლოიდ ოჰონლინის სახელი ქედის სოფელ მერისში ლეგენდასავით დადის - ის აქ, ფაქტობრივად, ავსტრალიიდან ჩამოსახლდა. ყოველ შემთხვევაში, სოფელში იმდენ დროს ატარებს, რომ თურმანიძეებთან ყველა სეზონურ სამუშაოზე იხილავთ: თხილის კრეფისას, სიმინდის ტეხის დროს, რთველზე და წარმოიდგინეთ, არყის გამოხდაზეც კი. მისთვის მოსავლის აღება დაახლოებით ისეთი სასწაულია, როგორიც ადამიანის დაბადება. როგორ აღმოაჩინა მელბურნელმა კაცმა სოფელი მერისი, ეს გრძელი ამბავია, თუმცა მოკლედ ვიტყვი: ლოიდის ძმამ მელბურნის უნივერსიტეტის ვორკშოპზე ქართული სიმღერები მოისმინა, მათ კვალს მიჰყვა და მელბურნის უნივერსიტეტში პროფესორი იოსებ ჟორდანია, მასთან ერთად კი რამდენიმე ქართული ოჯახი იპოვა, რომელთაც ქართულ-ავსტრალიური ანსამბლი ჰქონდათ შექმნილი. ბოლოს ამ ანსამბლის კონცერტსაც დაესწრო და...

ლოიდ ოჰონლინი: - ჩემმა ძმამ მითხრა, ქართული სიმღერა საოცრებაა და შენც უნდა მოისმინოო. მთელი კვირა მეხვეწა. ბოლოს დამითანხმა და კონცერტზე წავედი. ვერ გადმოგცემთ, რაც იქ განვიცადე, და მეგობრებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტე. თავდაპირველად ბათუმში მოვხვდი, საიდანაც მერისში ამოვედი და ჯემალ თურმანიძეს ვესტუმრე.

- ბატონი ჯემალი ფოლკლორისტია და სტუმრებს ხალხურ სიმღერებსაც ასწავლის. წარმომიდგენია, მის ოჯახში ქართულ სიმღერებს რომ ისმენდით, რას განიცდიდით. - ქართულად კი ვსაუბრობ, მაგრამ ამ ემოციის გადმოცემა მაინც მიჭირს. ერთი კია, რაც აქ ჩამოვედი, ვეღარ დავივიწყე საქართველო და მერისი.

- ქართული ისეთი აჭარული კილოთი გისწავლიათ, აჭარლისგან ვერც განგასხვავებთ. - ამაზე ვამბობ ხოლმე, მერისში ყანაში ინგლისურად არავინ ლაპარაკობს და აბა, რას ვისწავლიდი-მეთქი! ეს სულ სხვანაირი ქვეყანაა. მელბურნში ყველაფერს სუპერმარკეტში ვყიდულობთ, აქ კი რაც მოგინდება, ყველაფერი შენ გარშემოა. საოცრებაა!

ჯემალ თურმანიძის ოჯახი ჩემი მეორე ოჯახია. სულ მეუბნებიან, შენ არ იმუშაოო, მაგრამ სტუმარი აღარ ვარ, ჯემალთან თვეობით ვრჩები და როგორ არ ვიმუშაო?!

ლოიდის მერისელი მეგობარი და მასპინძელი ჯემალ თურმანიძე ამბობს, რომ ლოიდმა მთელი საქართველო მოიარა და ყველა კუთხიდან აღტაცებული დაბრუნდა.

- ბოლოს სვანეთშიც იყო და სვანური სიმღერებიც მოისმინა. რომ დაბრუნდა, გაიძახოდა, ეს რა ვნახეო! გავეხუმრე, აფერისტი ხარ, სადაც მიდიხარ, ყველაფერზე "ეს რა ვნახეს" გაიძახი-მეთქი! მერე ერთხელაც ჩვენთან ჟურნალისტები მოვიდნენ. ლოიდი ესაუბრა, თან მე მეძახდა, ჯემალ, მოდი, მოდიო! მივედი და, ნახე, რას ვამბობო და დამარცვლით თქვა, მსოფლიოში მერისზე უკეთესი სოფელი არ არსებობსო!

არაჩვეულებრივი ადამიანია, მერისში ხომ თვეობით არის და ყველა სამუშაოში მეხმარება. როცა ავსტრალიაში მიდის, იქიდანაც მირეკავს, ნუ გეშინია, ჩამოვალ და დაგეხმარებიო. ვუშლი, მაგრამ ვინ იშლის. ერთხელ არ მეცალა და ნახევარი სიმინდის ყანა ისე მომიტეხა, რომ ვნახე, თვალებს არ ვუჯერებდი.

- არყის გამოხდაც გისწავლებიათ. - ყველაფერ ქართულზე გიჟდება. ის კი არა, ზაფხულში პირუტყვი საზაფხულო იალაღებზე დაგვყავს და იქაც დაგვყვება. იქ საზაფხულო ქოხები გვიდგას, რომელიც ახლა მწყემსებით არ ივსება და მაგაზეც კი ნერვიულობს, რატომ აღარ დადის ხალხი, რატომ არის ეს ქოხები ცარიელიო!

- ნეტავ ეგ თქვენი ლოიდი იმ ქართველებისთვის იყოს მისაბაძი, რომელთაც სამშობლო აღარ ახსოვთ. - ეს მეც მინდა. ვერ წარმოიდგენთ, რა გაოცებული მიდიან უცხოელები ჩემი სოფლიდან, როცა ჩვენს სიმღერებს მოისმენენ და ჩვენს მთებს უცქერენ. მათი აღტაცების შემხედვარეს მეც ბევრჯერ მიფიქრია, სხვა საქართველო არსად არ არის!