ქართული პური ქართული ხორბლისგან - კვირის პალიტრა

ქართული პური ქართული ხორბლისგან

"საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ჩვენი წინაპრებისთვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდება და ამიტომაც ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებულადაც უვლიდა. ეს უნდა აღდგეს... სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ უნიკალური ქართული ხორბალი გაქრობის პირასაა... მოსახლეობამ უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე, თვითონ უნდა დაიწყოს მიწის დამუშავება და შექმნას მცირე საწარმოები. ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ, დღეს უკვე დიდი ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება... ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები, თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს. ამით ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობასაც დავიცავთ", - პატრიარქის 2009 წლის საშობაო ეპისტოლედან.

ეს ეპისტოლე 2015 წელს გახდა პროექტ "გემოვანის" შექმნის საფუძველი, რომლის იდეა ირაკლი ჩავლეიშვილსა და ოთარ ნაჭყებიას ეკუთვნით, 2018 წელს კი ჩამოყალიბდა "საპატრიარქოს გემოვანი" - ქართული ჯიშების ბიოპროდუქტების წარმოების ხელშემწყობი გაერთიანება. მისი ხელმძღვანელობა იღუმენ ნიკოლოზ გვარლიანს მიანდვეს. ახლა "გემოვანის" მთავარი სტრატეგიაა, ქვეყნის სახნავი მიწების 70%-ზე ქართული ჯიშის ხორბალი დაითესოს, 30%-ზე კი - სხვა კულტურები.

თემაზე სასაუბროდ რედაქციაში იღუმენი ნიკოლოზ გვარლიანი და ოთარ ნაჭყებია გვეწვივნენ.

- გვაქვს თუ არა შემორჩენილი უნიკალური ქართული ხორბლის ჯიშები, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს?

ოთარ ნაჭყებია: - რა თქმა უნდა, შემორჩენილია. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით რამდენიმე წლის წინ წითელი დოლი გამრავლდა, რამაც ქართული ხორბლის მიმართ მეტი ინტერესი გააღვივა. სხვა ხორბლის ჯიშებითაც დაინტერესდნენ. პროექტ "გემოვანისა" და თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთობლივი ხელშეწყობით 2018 წელს გაიმართა პურის პირველი ფესტივალი, სადაც "გემოვანს" 50-მდე ქართული ხორბლის ჯიში გადაეცა... ამასთან, არსებობს ფირმა "ლომთაგორა", რომელმაც მარნეულის რაიონის სოფელ ლომთაგორაში უკვე მეცნიერულ დონზე დამუშავებული ძველი სათესლე მასალა დათესა, კერძოდ: წითელი დოლი, შავფხა, დიკა და ამასთან, თავიანთი ჯიშიც აქვთ გამოყვანილი... ხოლო ის 50 ჯიშის ხორბალი ერთობლივი ძალით გავანაწილეთ და თავისი ადგილწარმოების მიხედვით, ზოგს - გურიაში, ზოგს - ქართლში, რაჭაში, სვანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში ვამრავლებთ. მას კერძო ფერმერები - საოჯახო მეურნეობები თესავენ, მაგრამ საპატრიარქოს მხარდაჭერით ამ საქმეში უკვე რამდენიმე ეპარქია და მეუფეც ჩაერთო.

გასულ კვირას კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მეუფე დამიანეს აქტივობით 20 ჰექტარზე დაითესა თეთრი დიკა. ეს ჯიში მეცნიერ პეტრე ნასყიდაშვილის მიერ არის შენარჩუნებულ-გადარჩენილი.

ახლა ჩვენი ერთობლივი საქმე ის არის, ყველა ეპარქიას მივაწვდინოთ ხმა და ამ პროექტში ჩავრთოთ, რათა ქართული ჯიშები გამრავლდეს.

- ე.ი. თესლის მიმწოდებელი "ლომთაგორაა". - დიახ, დაინტერესებულ ადამიანებს თესლის მწარმოებლებთან, კონკრეტულად, ფირმა "ლომთაგორასთან" ვაკავშირებთ. ამ პროცესშია ჩართული მეცნიერი ირაკლი რეხვიაშვილი, რომელიც მეწარმეებს კონსულტაციას უწევს ბიოსქემით, თუ როგორ უნდა მოიყვანონ ხორბალი. აქ ისევ და ისევ საუბარია ქართული ჯიშის ბიოპროდუქტებზე, რათა დავამკვიდროთ მისი დანერგვის კულტურა და მთელი ტერიტორიის 70% ქართული ხორბლით მოვიცვათ, ხოლო 30% სხვა კულტურებს დაეთმოს.

იღუმენი ნიკოლოზ გვარლიანი: - მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამ წელიწადში, ამ გეგმითა და ასეთი მუშაობით, უამრავ მიტოვებულ ტერიტორიას ავითვისებთ. ხორბალი, რომელიც გასულ კვირას კასპის რაიონში დაითესა, ბევრი რამით გამოირჩევა. როცა დიკას სოკოვანი დაავადება უჩნდება, თვითონ აქვს იმუნიტეტი, მის გარშემო ყველა უჯრედი მოკლას. ქართული ხორბალი სხვებისგან იმითაც განსხვავდება, რომ მაღალი ხარისხისაა და დაავადებების მიმართ ძალიან მდგრადია. აქვს კლიმატურ სიძნელეებთან შებრძოლების უნარიც.

ოთარ ნაჭყებია: - თანაც ძალიან გემრიელია. უცხოურ ბიოპროდუქტებს, უმეტესწილად, გემო არა აქვს, ქართული კი იმით გამოირჩევა, რომ გემრიელია და ძალიან ხარისხიანიც. მეტად გამძლე ჯიშია წითელი დოლიც, მდგრადია გვალვისა და სოკოვანი დაავადებების მიმართ. "გემოვანი" არის ხარისხის ნიშანი, რომელიც არა მხოლოდ ხორბალზე, ნებისმიერ პროდუქტზე ვრცელდება.

უკვე ერთი წელიწადია, ყოველ შაბათს შარდენის ქუჩაზე "გემოვან ბაზარს" ვაწყობთ, სადაც რეგიონებიდან ფერმერებს ვეპატიჟებით. ისინი ერთგვარ ფილტრსაც გადიან - გემოვნურ თვისებებს ვუტესტავთ, ლაბორატორიაში, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, იკვლევენ მათ პროდუქტს. ვეცნობით, რამხელა მასშტაბს სწვდება თითოეული, ვეხმარებით სუპერმარკეტებში გასაღებაშიც. გვინდა, საექსპორტოდაც ვიმუშაოთ.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებთ საბოლოოდ 70% მიწის სრულად ათვისებას?

ნიკოლოზ გვარლიანი: - კასპის ეპარქიის კუთვნილ მიწებზე ხორბალი 20 ჰექტარზე დაითესა. ამ წუთისთვის კონსულტაციები გვაქვს მეუფეებთან, ასევე - მოსახლეობასთან, რომ ამ საქმეში ჩაერთონ. ხორბალი წალკაშიც დავთესეთ. მე იქ ბერთას სამი დიდი მღვდელმთავრის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვარი ვარ. ასე რომ, ყველაფერი კარგად დაიწყო და წალკაშიც კარგად მიდის პროცესი. დათესილია რამდენიმე მიმდებარე სოფელშიც. თავიდან ვთავაზობთ, საექსპერიმენტოდ მინიმუმ 5 ჰექტარზე დათესონ, მით უმეტეს, რომ ხორბალი თითქმის ყველანაირ კლიმატურ პრობლემას უმკლავდება. მოწეული ქართული ხორბლის ფქვილით უკვე ამარაგებენ "გემოვანი პური - მზეთამზეს".

ოთარ ნაჭყებია: - მნიშვნელოვანია, რომ გასულ კვირას ბოტანიკურ ბაღში სწორედ ქართული ჯიშების წარმოების ხელშეწყობის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმში მონაწილეობდა, ერთი მხრივ, საქართველოს საპატრიარქოს ქართული ჯიშის ბიოპროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის ხელშემწყობი გაერთიანება "საპატრიარქოს "გემოვანი" (ხელმძღვანელი იღუმენი ნიკოლოზ გვარლიანი), მეორე მხრივ - შპს "ფირმა ლომთაგორა" (დირექტორი კახა ლაშხი) და მესამე მხარეც - შპს "გემოვანი" (დირექტორი ოთარ ნაჭყებია). გაერთიანება "საპატრიარქოს "გემოვანი" საქართველოში მოქმედ ეპარქიებსა და მათში შემავალ სოფლებში ყოველმხრივ შეუწყობს ხელს მარცვლოვანი კულტურების, კერძოდ, ხორბლისა და სიმინდის პირველად წარმოებას. "გემოვანი" იღებს ვალდებულებას, ქველმოქმედების სახით, რეალიზაციით მოგების 10% საქართველოს საპატრიარქოს გადაურიცხოს.

ნიკოლოზ გვარლიანი: - წლეულს უკვე 1000 ტონა ქართული ხორბალი ჩავაბარეთ, მომავალ წელს უფრო მეტი იქნება. ის მაღალი ხარისხისაა. ყოველწლიურად გლობალური დათბობის შედეგად მსოფლიოში ხორბლის მოსავალი იკლებს და უკვე იქით მიდიან, რომ ენდემურ ჯიშებს დაუბრუნდნენ. მას ბიოსასუქის გარდა სასუქი არ სჭირდება. ჩვეულებრივი სასუქი რომ შევიტანოთ, დავაზიანებთ. ჩვენი ხორბალი მას ვერ იტანს.