"ბევრ სტუმარს უთქვამს, ასეთი ქვეყანა არ არსებობსო..." - კვირის პალიტრა

"ბევრ სტუმარს უთქვამს, ასეთი ქვეყანა არ არსებობსო..."

"აუცილებელი გახდა სასტუმროს ახალი შენობის აგება და "აწარმოე საქართველომ" დაგვაფინანსა... საბოლოოდ ახალი შენობაც ხის ავაშენე"

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისს, ალბათ, ბევრი არ იცნობს, მაგრამ ამ სოფლით შეიძლება ქვეყანამ იამაყოს. აქ ჯემალ თურმანიძის საოჯახო სასტუმროში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან და დასვენებასთან ერთად, ქართულ ხალხურ სიმღერებსაც სწავლობენ. ეს ამბავი არცთუ დიდი ხნის წინ სოფელში კონსერვატორიის ახალგაზრდა მაგისტრანტის, ნინო რაზმაძის გამოჩენით დაიწყო, რომელიც მერისში ფოლკლორული სიმღერების შესასწავლად ჩავიდა და ამ სოფლის მუსიკალურმა შესაძლებლობებმა გააოცა.

სოფელში თითქმის ყველა მღეროდა, ამიტომ ნინოს გაუჩნდა იდეა, მთელი სოფელი თბილისში ჩამოეყვანა და კონცერტი გაემართა. მისი იდეა ამ სოფლის ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელმა ჯემალ თურმანიძემ აიტაცა და 50 კაცი ჩამოიყვანა. კონცერტი ფილარმონიაში ანშლაგით ჩატარდა, რასაც 2007 წელს სოფელ მერისში ჯემალ თურმანიძის ხის სახლის საოჯახო სასტუმროდ გადაკეთება მოჰყვა.

ჯემალ თურმანიძე: - კონცერტის შემდეგ ნინომ ამერიკელ მუსიკოსთან დაგვაკავშირა, რომელიც ჩემს სახლში დაბინავდა. სტუმრები ჯერ ჩემი სოფლის და მერე ჩემი ხის სახლის დანახვაზე გაოცდნენ - რა ლამაზიაო! ქართული კერძებითაც გავაოცეთ ეს ხალხი - ჩვენებური აჭარული გემრიელობები მივართვით. შემდეგ სიმღერებიც მოისმინეს, რამაც ისინი უფრო განაცვიფრა და ჩვენი სიმღერების შესწავლას შეუდგნენ. ორი კვირა დარჩნენ. რომ მიდიოდნენ, ემოციებისგან სათქმელს თავს ვეღარ აბამდნენ.

- ასეთი ემოციების შემდეგ ამ სტუმრებს ბევრი სხვაც მოჰყვებოდა. - დიახ. ქართულმა სიმღერებმა, ჩვენი სოფლის სილამაზემ, სტუმართმოყვარეობამ და ქართულმა კერძებმა, ეს ხალხი ანდამატივით მოიზიდა. ყველაზე მეტად ჩვენი სიმღერები აჯადოებდათ, რომელთაც თან ვასწავლიდით. მთელი ოჯახი ვმღერით და ესეც ძალიან მოსწონდათ. მიუხედავად იმისა, რომ იმხანად არც ფეისბუქი გვქონდა და არც სხვა რამ საკომუნიკაციო საშუალება, სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გვემატებოდა და გვემატებოდა. არასოდეს დამავიწყდება, ერთხელ ავსტრიელი სტუმრები გვყავდნენ, როცა კარს ფრანგების მრავალრიცხოვანი ჯგუფი მოგვადგა. შევთავაზეთ, სოფელში რომელ სახლშიც გნებავთ, იქ დაგაძინებთო, მაგრამ არ წავიდნენ. ჩვენც სხვა რა დაგვრჩენოდა, ნათხოვარ საწოლებზე მოვასვენეთ.

ასე გახდა აუცილებელი სასტუმროს ახალი შენობის აგება. ამასობაში რაიონში გაიგეს ჩვენი ამბავი და "აწარმოე საქართველომ" დაგვაფინანსა თანაგადახდით. 15.000 ლარი მოგვცეს, მაგრამ რომ იტყვიან, სახლის სახურავამდე ვერ მივაღწიეთ ამ ფულით, თუმცა ამისთვისაც მადლიერი ვიყავით. საბოლოოდ ახალი შენობაც ხის ავაშენე. მომავალში მინდა პირველ სართულზე მარანი მოვაწყო და ქვევრებიც ჩავყარო. ჩხავერისა და ცოლიკაურის ჯიშის ვენახი მაქვს და საუკეთესო ღვინოს დავაყენებ.

- ღვინოზე გამახსენდა, არქეოლოგები აჭარაში სულ უფრო და უფრო მეტ უძველესი ქვევრების ნაშთებს პოულობენ. - ასეა. ჩვენს მეზობელს საკუთარ მარანში გამოუჩნდა უძველესი ქვევრების ნაშთები. სხვათა შორის, აჭარული სიმღერა "ჩაღმა ჩაყრილო ვენახო" იმაზეა, თურქობისას აჭარელი კაცი მტრის დანახვისას ვენახს მიწაში რომ ფლავდა და გაზაფხულზე ისევ აჩენდა. თურქეთის მაჭახელაში ვახლდი უცხოელებს ქართული სიმღერების ჩასაწერად და იქიდან სულშეძრული წამოვედი, ცალკე სიმღერის ლაზათით და ცალკე - ხალხით. როცა ქართულ სიმღერებს ვიწერდით, სუფრა გაგვიშალეს. გავიხუმრე, ამ სუფრაზე რომ ღვინოც ჩამოგედგათ, კარგი იქნებოდა-მეთქი. სუფრასთან 40-ოდე წლის კაცი იჯდა, რომელმაც მანიშნა, გამომყევიო. ეზოში ღვინო გამომიტანა, გამისინჯე, როგორიაო. ჩუმად დაეყენებინა რომელიღაც ყურძნისგან, რომელიც, ალბათ, ველურად იყო გაზრდილი. საიდუმლოდ მითხრა, ღვინის დაყენების ნებას მშობლები არ მაძლევენო. მეც ვუთხარი, შე კაცო, აგერ ნალიის ქვეშ დაწურე ყურძენი და ვერაფერს გეტყვიან-მეთქი. მგონი, დამიჯერა - ამ ზამთარს მომწერა, ღვინო დავაყენე, ჩამოდი და გასინჯეო.

- თქვენმა სოფელმა რა თქვა, როცა დაინახა, რომ აქ ცხოვრებაც შეიძლება...

- რას იტყოდნენ! უცხო სტუმრებს შეეჩვივნენ და ხელს გვიწყობენ. სოფელში ცხოვრება მართლაც შეიძლება. ჩემი სოფელი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ სტუმარს ძალიან მოსწონს. ყველაფერი მოსწონთ - სიმინდის თოხნაც კი, და ნადი ხომ - მით უფრო. თვითონაც მეხმარებიან. სტუმრები შეეჩვივნენ საქართველოს და მასთან განშორება უჭირთ. ბევრ მათგანს უთქვამს, ასეთი ქვეყანა არ არსებობსო... ჩვენც ასე ვფიქრობთ. ცოტა ხნის წინ მთელი ოჯახით ვიყავი დაპატიჟებული ავსტრიაში. მასპინძელმა აღარ იცოდა, ჩვენთვის როგორ ესიამოვნებინა. სუფრას ყოველდღე შლიდა ქართველებივით. ისიც თქვა, სოფელში დედ-მამა მყავს, პროდუქტს იქიდან მოვიტანო და მოიტანა კიდეც... თუმცა ქართული გემო მაინც ვერაფერს ჰქონდა...