სიმინდის დედოფალა მთელი ამალით - კვირის პალიტრა

სიმინდის დედოფალა მთელი ამალით

ტრადიციული რეწვის ოსტატი ნანა სუხაშვილი სიმინდის ფუჩეჩისგან თოჯინებს, ანგელოზებსა და სხვადასხვა ნივთს ამზადებს. პროფესიით ფიზიკოსია, თუმცა 25 წელიწადია, თბილისის ვალდორფის თავისუფალ სკოლაში, პირველიდან მეთერთმეტე კლასამდე მოსწავლეებს ხელგარჯილობას და განსხვავებულ ხელობებს ასწავლის, მათ შორის - წიგნის აკინძვას, თოჯინებისა და მათი ტანისამოსის კერვას, მარიონეტების დამზადებას, სიმინდის ფუჩეჩისგან კალათების დაწვნას და სხვ.

ბუნებრივი მასალების შეგროვება და ნივთების დამზადება ნანას ბავშვობიდან უყვარდა, დროთა განმავლობაში კი გატაცება ხელსაქმის სიყვარულად ექცა. 1990-იან წლებში, როცა არსად არაფერი იყო, ხელგარჯილობის მიმართ მოსწავლეთა ისეთი ინტერესი იგრძნო, მიხვდა, რომ ფიზიკას სხვაც ასწავლიდა და საჭირო იყო, მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ხელობა ესწავლებინა.

- რატომ მაინცდამაინც სიმინდის ფუჩეჩი?

- თოჯინებთან ერთად, ეს მასალა ფანტაზიის დიდ შესაძლებლობას გვაძლევს. თანაც ძალიან დამყოლია. შეგვიძლია შევქმნათ როგორც ყოფითი ნივთები (კალათები, ლარნაკები), ისე სხვადასხვა აქსესუარი ინტერიერის დიზაინისთვის. ეს უძველესი ტრადიციაა. სიმინდის ფუჩეჩს ჩვენი წინაპრები საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად იყენებდნენ, ახლა კი მხოლოდ მე ვცდილობ, ხალხს გავაცნო. ასეთი ძვირფასი და პრაქტიკულად გამოსაყენებელი მასალა რომ არის, ჯერ ვერ ხვდებიან.

- როგორ აგროვებთ ფუჩეჩს თბილისში? სადმე იყიდება? - კახეთში ვუკვეთ. მოგროვებაც არ არის ადვილი. ნათესავებიც, ვისაც სიმინდი აქვს, ცდილობენ, ცოტა მაინც მომიგროვონ და როგორც ნობათს, ისე მიგზავნიან. ერთხელ სვანეთიდანაც გამომიგზავნეს მთელი ტომარა.

- რამდენი ხნით ადრე უნდა შევაგროვოთ ფუჩეჩი? - შეგროვების სეზონი მხოლოდ შემოდგომაა. ნედლი სიმინდის ფუჩეჩი ასეთი სათამაშოების დასამზადებლად არ გამოდგება, რადგან ჯერ კიდევ არ არის გამომშრალი. მისგანაც კი შეიძლება გაკეთება, მაგრამ შემოდგომით შეგროვებული სიმინდის ფუჩეჩისგან განსხვავებით, ფერსა და მდგრადობას დიდხანს არ შეინარჩუნებს. ფუჩეჩის შეგროვებიდან მეორე დღესვე შეგიძლიათ დაამზადოთ სათამაშო, რადგან უკვე ისე იქნება გამომშრალი, გასაშრობად დამატებითი დრო აღარ დასჭირდება.

- ერთ სეზონზე რამდენი ფუჩეჩი გჭირდებათ? - თუ მხოლოდ თოჯინებს ვამზადებ, წელიწადში ერთი-ორი ტომარა მყოფნის. კალათების დაწვნისას მეტია საჭირო. ეს ხარისხზეც არის დამოკიდებული. ფუჩეჩს ყოველთვის სჭირდება დახარისხება. მაგალითად, ამ შეკვრიდან სამოსისთვის მხოლოდ სამი ფურცელი იყო გამოსადეგი, დანარჩენი კი - ტანისთვის. წინასწარ ვერ იტყვი, რომ ერთი ტომარა ამდენი სათამაშოს დამზადებას ან იმდენი კალათის დაწვნას ეყოფა.

- რამდენ ხანს ინახება სათამაშოები? - არ ფუჭდება, თუ მექანიკურად არ დაზიანდება, ოღონდ ცელოფანებსა და უჰაერო სივრცეში არ უნდა შეინახოთ. სათამაშოები უნდა სუნთქავდეს და გამოფენილი იყოს. არც მწერები ეკარებიან და წლობით ინახება. მაგალითად, ფუჩეჩით დამზადებული ჩემი ერთ-ერთი ლარნაკი 35 წლისაა.

ფუჩეჩისგან ვაკეთებ ყველაფერს. ვაგროვებ სამკურნალო მცენარეებსაც. აქსესუარებად, ძირითადად, კრაზანას, თავშავასა და ბეგქონდარას თაიგულებს ვიყენებ. ფლორასა და პატარა კალათებს საშობაოდ ნაძვის წიწვი და მცენარეული წითელი ბურთულები მივამატე, რომლებიც საშობაო ნათურებს ჰგავს, აღდგომისთვის კი მიმოზებითა და ბზის ტოტებით ვაკეთებ კომპოზიციას.

- სხვადასხვა ფერის ფუჩეჩს როგორ იღებთ? - ბუნებრივი ფერადი მასალით ვღებავ და, ძირითადად, ოთხი-ხუთი ფერი გამომდის. ფუჩეჩს წინასწარ ვღებავ ენდროში, კაკლის წენგოსა და კაკლის უღელში ან ქვის ხავსით, რომელსაც ყაზბეგში ვაგროვებ. ნახევარი ან ერთი საათი წამოდუღება საკმარისია. ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა გრადაციისა და ინტენსივობის ფერი მიიღება. იმავე პროცედურებს ვატარებ, რაც საჭიროა, მაგალითად, ძაფის ან მატყლის შეღებვისას. დუღილის შემდეგ ფუჩეჩს გამდინარე წყალში ვრეცხავ და სასურველი ფერი მიიღება.

- რასთან ასოცირდება ფუჩეჩისგან დამზადებული ანგელოზები? - ჩემმა შვილმა სიყვარულისა და ბარაქის დაარქვა. თოჯინების დამზადება მან ოჯახურ სიყვარულთან, სითბოსა და სიმყუდროვესთან დააკავშირა. როცა ამ სათამაშოებს ვამზადებთ, შინ ძალიან თბილი გარემო იქმნება.

- რა გეგმები გაქვთ? - პერსონალური გამოფენის მოწყობას არ ვგეგმავ, არც ჩემი მარაგი მაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდაში, სახლი შევიძინეთ. იქ შემოდგომიდან მოქმედებს სახელოსნო საკვირაო სკოლის სახით. ყოველ კვირას იქაურ ოჯახებს, სხვადასხვა ასაკის ხალხს, თექაზე მუშაობას, ფუჩეჩისგან თოჯინებისა და კალათების დამზადებას ვასწავლი, ჩემი შვილი კი ხატვით დაინტერესებულ ბავშვებს ამეცადინებს. მინდა, ხედვა განუვითარდეთ, ნამუშევრები შექმნან და თვითონ ეზიარონ იმ საოცრებებს, რასაც ბუნება სთავაზობთ. იქაური გარემო გვიწყობს ხელს სამკურნალო მცენარეების სწავლებაშიც. მინდა, მეტი დრო დავუთმო ამ საქმეს. ზაფხულზე განსაკუთრებით დიდ იმედს ვამყარებ.

ნათია სიბაშვილი