"ყველაფერი მავიწყდება, როცა მიწასთან პირისპირ ვრჩები..." - კინორეჟისორ გიორგი ოვაშვილის სამეურნეო რიტუალები
"ყველაფერი მავიწყდება, როცა მიწასთან პირისპირ ვრჩები..." - კინორეჟისორ გიორგი ოვაშვილის სამეურნეო რიტუალები
"უნდა დავძლიოთ სიზარმაცე და ნელ-ნელა ვიგრძნობთ, რას ნიშნავს მიწისა და ადამიანის კავშირი"

"ძეგვი ჩემი მშობლიური სოფელია, სადაც ჯერ კიდევ მამაჩემი დასახლდა, როცა იქ ბებიაჩემმა ჩაიყვანა. ამიტომ, ასე მგონია, რომ ამ ადგილთან დიდი კავშირები მაქვს. იქ არის მამაჩემის სახლიც, სადაც ახლა დედა ცხოვრობს და ვცდილობ, ხშირად ჩავიდე", - გვეუბნება კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი, რომელიც ახლა არც ხელოვნებაზე გვესაუბრება და არც თავის კინოზე. ბატონი გიორგი სამეურნეო გამოცდილებას გვიზიარებს, ასე რომ, ცნობილ რეჟისორს სრულიად
განსხვავებულ როლში ვიხილავთ.

- ძეგვი უძველესი სოფელია, ისტორი­ული, ბევრი ჭირისა და ძნელბედობის მნახველი. აქ შემორჩენილია არაერთი ისტორიული ძეგლი, შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტრები. მოსახლეობითაც არ არის პატარა. იქ რამდენიმე მიწის ნაკვეთი მაქვს. პრობლემა ის არის, რომ ბოლო დროს მისი დამუშავება გაჭირდა, ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ჩამოვცილდი სასოფლო-სამეურნეო
საქმეს. ა
რადა, ერთი-ორი წლის წინ თვითონ ვამუშავებდი საკარმიდამო ნაკვეთს.
მომყავს პამიდორი, კიტრი, მწვანილი, კარტოფილი, მაქვს ხილის ბაღი, ცოტა ვაზიც. შარშან ყურძნის ახალი ჯიშები დავამატე, მამას კარგი ვენახი ჰქონდა და მინდა კვლავ ავაღორძინო. ქართლში უმეტესად ჩინური ხარობს, თეთრი ყურძენი, თუმცა შავიც გვაქვს. შარშან მარწყვი ცალკე გადავრგე. ჩვენთან ხარისხიანი მარწყვი და ჟოლო მოდის. კარგი ბაღი გვაქვს - წლის განმავლობაში მშვენიერ მოსავალს იძლევა. დედაჩემს ბოსტნეულიც მოჰყავს.

- რას გაძლევთ მიწაზე მუშაობა?
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისა და მიწის კავშირი. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ხომ ყველა იქ მივდივართ, ალბათ, ამიტომაც ვუკავშირდ­ებით ქვეცნობიერად მიწას. ნებისმიერი სტრესის ან დაძაბულობის პირველი წამალია. შეუძლებელია დაბარვა დავიწყო და არ გამოვ­ცოცხლდე. ჩემი მოყვანილი მცენარეების მოვლაც მსიამოვნებს, ზაფხულში მათი მორწყვაც. როცა თბილისში აუტანელი სიცხეა, ქალაქში ვერ ვჩერდები. სოფელში დილის რიტუალივით მაქვს - გაღვიძებისთანავე ბაღში გავდივარ და ჩემს მოყვანილ კიტრს უზმოზე შევექცევი. ეს იმხელა სიამოვნებაა, ვერ გადმოგცემთ, გემოც გასაოცარი აქვს, თან საგანგებოდ უნდა მოვძებნო ის კიტრი, რომელიც მოსაწყვეტად მზად არის.

- კიდევ რა რიტუალი გაქვთ?
- მაქვს ტრადიცია, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ, 2006 წლიდან ვიცავ. ისიც მიწას უკავშირდება. სხვა კულტურებთან ერთად სარის ლობიოც მოგვყავს. მოსავალს გვიან შემოდგომამდე ვიღებთ, ახალი წლისთვისაც არის ხოლმე. ამიტომ მოსავლის რაღაც ნაწილს მიტოვებენ.

31 დეკემბერს საღამოს სოფელში მივდივარ, სახლს ვაღებ, რომ მიტოვებული არ იყოს. საღამოს 9-10 საათისთვის ჯერ მამას საფლავზე გავდივარ, ჭიქა ღვინით ვულოცავ ახალი წლის მოახლოებას, დაბრუნებული კი ლობიოს ვკრეფ, ცოტაოდენს ვხარშავ და ახალი წლის ღამეს მინიმალისტურ სუფრას ვშლი: ლობიო, პური, ყველი და მწნილი. 13 წელიწადია, ამ ტრადიციას არ ვღალატობ.

ბოლო დროს ჩემი შვილიც შემომიერთდა, 13 წლის ალექსანდრე. მერე თოფს გავისვრით, შამპანურს გავხსნით, დავლევთ და თბილისში 2 საათისთვის მოვდივართ.

- რა ასაკიდან ეხმარებოდით მშობლებს სამეურნეო საქმეში?
- ჩემი მშობლები მათემატიკის მასწავლებლები იყვნენ. მამას ძალიან უყვარდა სამეურნეო სამუშაოები. სკოლიდან მოვიდ­ოდა თუ არა, საქმეს შეუდგებოდა, მუდმივად რაღაცას აკეთებდა. ყველაფერი მოვლილი ჰქონდა. ჩვენი ოჯახისთვის ღვინო­ იყო პრიორიტეტი.

მამას კარგი ღვინო უნდა ჰქონოდა, რომელსაც განსაკუთრებული გემო ექნებოდა. ამიტომ ვაზს გულმოდგინედ უვლიდა. ვერ წარმოედგინა, რომ ყურძენი სხვისგან ეყიდა და ღვინო იმისგან დაეყენებინა. ღვინო თავიდან ბოლომდე მისი ხელით უნდა ყოფილიყო გაკეთებული.
სკოლიდან მოსულს მიწის ნაკვეთში მეც მივყავდი, შინიდან ცოტა მოშორებით. ბევრჯერ მუშაობაში დაგვღამებია და მთვარე და ვარსკვლავები გვინათებდა სახლამდე გზას. მამა მასწავლიდა შრომას, ცდილობდა მიწის სიყვარული ჩემშიც გაეღვივებინა. მეც ვეხმარებოდი ბარვასა თუ სხვა სამეურნეო საქმეში. მოზარდობისას, აი, მაშინ, რაღაცები რომ აღარ მოსწონთ ხოლმე, თითქოს მეც ავიყარე გული, მაგრამ მამა არ მეშვებოდა, მთხოვდა, მასთან ერთად დამებარა და მეთოხნა... რომ გაიზრდები და ამ ყველაფერს გაიაზრებ, ხვდები, რატომ არის მიწასთან დაბრუნება საჭირო და მნიშვნელოვანი. მიწა ცოცხალი ორგანიზმია, ისიც ითხოვს ურთიერთობას, ყურადღება მასაც სჭირდება. მიწა, რომელიც არ მუშავდება, აღარ გამოსცემს პოზიტიურ ენერგიას. ეს აბსოლუტურად სხვა ტიპის ენერგეტიკა და სიცოცხლეა, ადამიანის მიწასთან კავშირი აუცილებელი ამიტომაც არის. ვცოცხლდები, როცა მუშაობას ვიწყებ. ყველაფერი მავიწყდება, როცა მიწასთან პირისპირ ვრჩები. ეს ძალიან ინტიმური პროცესია, მისტიკური, სიმბოლურიც. მიწას შეუძლია მოგვცეს ყველაფერი, მაგრამ არ ვიყენებთ. ვისურვებდი, საქართველოში მეტი მიწა დამუშავდეს. უნდა დავძლიოთ სიზარმაცე და ნელ-ნელა ვიგრძნობთ, რას ნიშნავს მიწისა და ადამიანის კავშირი. ეს რიტუალიცაა, რომელიც არა მხოლოდ მატერი­ალურად, სულიერადაც გამდიდრებს. ვფიქრობ, ეს კავშირი ადამიანზეც მეტ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე ზედაპირული ურთიერთობები.
ალექსი, ქიზიყი
24 მარტი 2019 22:16
კარგი კინორეჟისორია და კარგი ადამიანი!
eka
23 მარტი 2019 12:18
აი ამას ქვია შვილის აღზრდა, მაშინ ბავშვები სხვანაირად იზრდებოდნენ, შრომის სიყვარულს უნერგავდნენ მშობლები, ახლა კი კომპიუტერები ზრდიან ბავშვებს, არ ვიცი რა შედეგით დამთავრდება ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი დრო მოვიდა
ნელი
22 მარტი 2019 12:24
უფალო გვიმრავლე ასეთი ქართველები.

 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები