არგვეთის ისტორიულ მარანში ძელშავი დუღს - კვირის პალიტრა

არგვეთის ისტორიულ მარანში ძელშავი დუღს

"ბაბუა ამბობდა, ეს 20-კოკიანი ჭური იმდენად ძველია, ჩემმა ბაბუამაც არ იცოდა, ვინ ჩააგდოო"

ადრე ოჯახთან ერთად მხოლოდ ზაფხულობით და შემოდგომის რამდენიმე დღეს სტუმრობდა ზემო იმერეთის ულამაზეს სოფელს - გამოღმა არგვეთს, ახლა დიდ დროს მამაპაპისეულ კერაზე ატარებს. თბილისში გაზრდილი, მეუღლის, სამი შვილისა და ორი შვილიშვილის პატრონი ისე გაიტაცა სოფლის მეურნეობამ, იშვიათად თუ ჩამოირბენს ქალაქად. არ დავმალავ - დღევანდელი რესპონდენტი მაია ხარშილაძე ჩემი მამიდაშვილია და ჩემთვის ბავშვობიდან სანიმუშო ადამიანი. ისე მოგვანატრა თავი, მისი სოფლად გადასახლების მიზეზების ძიება დავიწყე: რატომ არჩია თბილისურ ყოფას სოფლად ცხოვრება და როგორ უძღვება არგვეთულ მეურნეობას?

მაია ხარშილაძე: - გადავწყვიტე ამეღორძინებინა და გამეცოცხლებინა აქაურობა - ასე უფრო ახლოს ვარ მათთან, ვინც ყველაფერი გააკეთა, მე რომ ასეთი ვყოფილიყავი. თითქოს ვალსაც ვუხდი მათ, რადგან ის, რაც აქ ძალიან მიყვარდა და ძვირფასი იყო ჩემთვის, მინდა ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვისაც მნიშვნელოვანი გახდეს.

- უძველესი მარანი ააღორძინე, ბეღელი შეაკეთე, ეზო გაალამაზე, ნარგავები შემატე, სახლი გაადიდე... ოჯახიც გაიზარდა და ამ კერას სტუმარი არც უწინ აკლდა, არც ახლა, ასე რომ, აქაურობას ახალი სიცოცხლე შესძინე. - ჩემი ბაბუის, ვასილ ხარშილაძის მამა არგვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო და შვილს კარგი განათლება მისცა. XX საუკუნის დასაწყისში ბაბუა ვასილმა ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა. არგვეთში სწორედ ის იყო წერა-კითხვის პირველი მცოდნე, სოფელში ყველა დოკუმენტს ის ადგენდა. ეზოში ბევრი სიძველე შემოვინახეთ და სწორედ ამ სიძველეებმა გამიტაცა - ჭა, რომლითაც დღესაც ვსარგებლობთ, მუხის ძველი ბეღელი, რომელიც სარესტავრაციო იყო, მაგრამ მე და ჩემმა მეუღლემ შევაკეთეთ. სამწუხაროდ, ყველა ნაგებობამ ვერ გაუძლო წლებს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი რამ შემოგვრჩა - ისტორიული მარანი. ბაბუა ვასილის ოჯახი ყოველთვის კარგ ღვინოს აყენებდა. ზემო იმერეთში ვაზის ძველი ჯიშებიდან რამდენიმეა გავრცელებული და მათ შორის არის ძელშავიც. ზუსტად ვერ გეტყვით, რა დროიდან, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მისი ზვრები ძალიან დიდი ხნის წინათაც ჰქონდათ ჩემს წინაპრებს. სხვა ჯიშებიც გვქონდა, ოღონდ თეთრი: ციცქა, ცოლიკაური და ქვიშხური. ჩვენს ოჯახში ღვინის კულტურა უპირატესი იყო. ამის დასტურია ჩვენი უნიკალური მარანი - მასში ორი, ასევე უძველესი, კარგად შემონახული საწნახელი დგას: თხილისა და ცაცხვის. ორი და თანაც სხვადასხვა ხის საწნახელი იშვიათობაა აქაურ ოჯახებში, მით უფრო, თხილის. ხის საწნახლები თურმე დასავლეთ საქართველოსთვის ყოფილა დამახასიათებელი და მის დასამზადებლად საუკეთესო ხედ ცაცხვს მიიჩნევდნენ. ძველად იმერლები სასაწნახლე ხეს წინასწარ არჩევდნენ, ზამთრის დამდეგს მოჭრიდნენ და ერთ წლამდე ადგილზე ტოვებდნენ. მერე ნაჯახით გათლიდნენ, გულს ამოუღებდნენ და საბოლოოდ დასამუშავებლად შინ მიიტანდნენ. ჩვენი მარანი სახლიდან მოშორებით დგას და ესეც დასავლეთ საქართველოს, უფრო კი იმერეთს ახასიათებს. ჩვენს მარნებში ქვევრები (იმერეთში მას ჭურებს უწოდებენ) ღია ცის ქვეშ არის განლაგებული და ამ ადგილს ჭურისთავი ჰქვია. ეს ადრე ეზოს ყველაზე სუფთა ადგილი ყოფილა, სადაც საქონელი არ უნდა შესულიყო.

ამიტომაც ჰქონდათ შემოღობილი. ქვევრებისთვის მზეს რომ არ დაეხედა და ღვინო არ წაეხდინა, ჭურისთავს კომშის, თხილის ან რცხილის ხეებით ჩრდილავდნენ. უმეტესწილად, კომშით, რადგან მისი ფესვები მიწაში ღრმად და სწორად მიდის, რის გამოც ქვევრებს დაზიანება არ ემუქრება. ბავშვობიდან მახსოვს, ჩვენები თხილის საწნახელს რომ გაავსებდნენ, 11 კოკა (1 კოკა 40 ლიტრს უდრის) ყურძნის წვენი ჩამოდიოდა, ცაცხვის საწნახლიდან კი - 9 კოკა. ჩვენი მარნის წინ ახლაც გვაქვს უძველესი ქვევრები. ერთ-ერთზე ბაბუა ამბობდა, ეს 20-კოკიანი ჭური იმდენად ძველია, ჩემმა ბაბუამაც არ იცოდა, ვინ ჩააგდოო. ქვევრის სიძველეს მის გვერდით, სავარაუდოდ, საჩრდილობლად დარგული ვეებერთელა, დიამეტრით 1,5-მეტრიანი კაკლის ხეც ადასტურებდა. როგორც ჩანს, ჯერ ჭური ჩააგდეს და შემდეგ დარგეს კაკლის ნერგი, რომელიც ძალიან კი გაიზარდა, მაგრამ ქვევრი არ დაუზიანებია. რამდენიმე წლის წინ კაკალმა ხმობა დაიწყო და სამი წლის წინ ერთიანად გახმა, ამიტომაც მოვჭერით. მარნის მეორე ნაწილში ახალი ქვევრები ჩავყარეთ, ძველებთან ერთად მათაც ვიყენებთ. ქვევრებიც მოვაპირკეთეთ და მარანიც. აქ უძველესი ყურძნის ჯიშის - ძელშავის ღვინოს ვაყენებთ. ეს ჯიში გადაშენების პირას იყო და მინდა მეტი ძირი ჩავყარო. ციცქა-ცოლიკაურის ვაზიც გვაქვს და იმერულ თეთრ ღვინოს ვაყენებთ. საერთოდ, ღვინის წარმოების დაწყებას ვაპირებთ და უკვე პირველი ნაბიჯებიც გადავდგით - ჯერ "საჩხერლობაზე" გავიტანეთ ჩვენი ღვინო, შემდეგ აკაკი წერეთლის ძიძისეულ კარ-მიდამოში - "სავანეობაზე". ხალხმა გასინჯა და ძალიან მოგვიწონა.

- მეურნის ნიჭი ყოველთვის გქონდა, მაგრამ აგრონომიული განათლება არ მიგიღია, ახალი კი ბევრი რამ შეგისწავლია. - სპეციალური განათლება არ მიმიღია, მაგრამ მიწა მიყვარს, თანაც წიგნებით თუ ინტერნეტით ბევრ ინფორმაციას ვიღებ. ახლახან ქართული ღვინის გილდიის სასწავლო კურსის ერთი ეტაპი გავიარე და სწავლას კვლავ განვაგრძობ.

ძალიან მიყვარს მიწაზე მუშაობა. უწინ ეზო გაცილებით ლამაზი იყო, რადგან ბებიას - ვასილის მეუღლე ნინა იაკობაშვილს ულამაზეს ყვავილებთან ერთად ათასგვარი ჯიშის ხეხილი ჰქონდა გაშენებული. ჯიშები თვითონ გამოჰყავდა, ამიტომ ეზო სავსე იყო ვაშლით, ატმით, მსხლით, ალუჩით, ტყემლით, ღოღნაშოთი, ბლით, ალუბლით და სხვ. იმ ხეების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში გახმა, ამიტომ ეზოს გამრავალფეროვნება დავიწყე. თიანეთის სოფელ საყდრიონიდან ჯუჯა კაკლის ნერგები წამოვიღე, ბევრნაირი ხეხილი და ყვავილიც დავრგე. ბებია-ბაბუის ეზოს კვლავ ძველებურ სილამაზეს დავუბრუნებთ. ჩემი მეუღლე მხარში მიდგას, როცა სცალიათ, შვილებიც გვიერთდებიან. შვილიშვილები პატარები არიან და ხშირად მსტუმრობენ თბილისიდან. მათაც ნელ-ნელა ვაპარებ მიწის სიყვარულს - რაღაცებს ვავალებ და ისინიც ცდილობდნენ, დამეხმარონ. იმედია, აქაურობას მათაც ძალიან შევაყვარებ.