"უცნაურთავიანი" მცენარე - კვირის პალიტრა

"უცნაურთავიანი" მცენარე

დღეს უკვე კარგად ცნობილი ბროკოლი დიდი ხნის წინ სახალხო სელექციით იტალიაში გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, მრავალი სასარგებლო თვისებისა და ვიტამინების სიუხვის გამო, ჯერ მთელ ევროპაში გავრცელდა, ხოლო შემდეგ ამერიკასა და იაპონიაშიც. ბროკოლის ორგანიზმის მძიმე ლითონებისგან გამწმენდი თვისებები აქვს, ახლა კი აღმოჩნდა, რომ სიმსივნის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაც არის. საქართველოში მეურნეებმა ბროკოლის მოყვანა მხოლოდ იმის მოსასინჯად დაიწყეს, ნიადაგს როგორ შეეგუებოდა ან რა საბაზრო ღირებულებები ექნებოდა. როგორც აღმოჩნდა, ამ სასარგებლო კულტურამ ბაზარზე ნელა, მაგრამ ჯიუტად დაიმკვიდრა თავი. მცირე ფართობზე დაიწყო ბროკოლის მოყვანა ახალციხის სოფელ ვალეში ფერმერმა მათე ჩიტაშვილმაც.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ბროკოლის შესახებ არაფერი ვიცოდით, წესით, კომბოსტოს მწარმოებელ ფერმერს მისი მოყვანა არ უნდა გასჭირვებოდა. ამიტომ, როდესაც ახალციხის სოფლის მეურნეობის ცენტრში ქალბატონმა ლია თევდორაძემ მითხრა, იქნებ ბროკოლი მოგეყვანა, საინტერესოა, რა შედეგს მივიღებთო, ჰოლანდიური თესლი სასოფლო მაღაზიაში შევიძინე და სათბურში მცირე ფართობზე დავთესე. ბროკოლი, როგორც სხვა ბაღჩეული, ნაკელით განოყივრებულ ნიადაგშიც მშვენივრად მოდის. რაც შეეხება ნიადაგის შემადგენლობას, არ უყვარს მჟავე ნიადაგები, მაგალითად, სადაც ლურჯი მოცვი მოდის, ბროკოლი ვერ მოვა, სამაგიეროდ, ტენიან ან მსუბუქ ნიადაგებში კარგად ხარობს, ოღონდ მზიან ადგილას.

ყვავილოვან კომბოსტოსთან შედარებით, ბროკოლი სიცხესა და ყინვასაც ადვილად იტანს, -7 გრადუსს უძლებს. ამ კულტურას სავეგეტაციოდ 90 დღემდე სჭირდება. ასე რომ, ივლისის ბოლოს უკვე მოსავალი ავიღე. თუმცა კიდევ კარგი, რომ ცოტა - ჩემი ბროკოლი მაღაზიამ არ მიიღო: დიდი ბოდიში, მაგრამ თურქეთიდან უკვე შემოგვაქვს და ისიც არ იყიდებაო. მერე ბაზარიც მოვსინჯე და იქაც ძალიან ცოტა გავყიდე. რა უნდა მექნა, თუ მაცივარში არ ინახავ, ბროკოლი სამ დღეზე მეტხანს ვერ გაძლებს, მეც ავდექი და დარჩენილი მოსავალი მეზობლებში დავარიგე, ნაწილი ოჯახში მოვიხმარეთ.

- დღეს ბროკოლიზე დიდი მოთხოვნილებაა, მით უმეტეს, ადგილობრივზე და ძვირიც ღირს. - იმიტომ, რომ სასარგებლო თვისებები აქვს. მას ორგანიზმიდან შხამების გამოდევნის უნარი აქვს, მეტიც, კიბოს ებრძვის. ამასთან, ძალიან გემრიელიც არის. ის ყვავილოვან კომბოსტოს სასარგებლო თვისებებითა და არომატულობით სამჯერ მაინც აღემატება. მისგან უგემრიელესი სალათები და მწნილები მზადდება.

ასე რომ, მეორე წელიწადია ბროკოლი ისევ მოვიყვანე. მაისის შუა რიცხვებიდან ჩითილები ღია გრუნტში გადავრგე. ბროკოლის წყალი ძალიან უყვარს, მე კი წვეთოვანი მაქვს. გარდა ამისა, ამ კულტურას, სულ მცირე, ორჯერ გათოხნა და ბუგრებისაგან დასაცავად შეწამვლაც სჭირდება. მეც ეს ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულე და ივლისი-აგვისტოსთვის საუკეთესო მოსავალი მივიღე.

ჩემს სოფელ ვალეში, სადაც ყვავილოვანი კომბოსტო ბევრს მოჰყავს, ახლა ცოტა ბროკოლისაც თესავენ, რათა თბილისში გასაყიდად ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად გაიყოლონ. უკვე ვთქვი, რომ ბროკოლის სასარგებლო თვისებები ბევრად აღემატება ყვავილოვნისას და, ალბათ, იკითხავთ, მაშ, უფრო მეტი რატომ არ ითესებაო? იმიტომ ფერმერებიცა და ხალხიც მხოლოდ ახლაღა იგებენ მის მნიშვნელობას. შვიდიოდე წლის წინ, როდესაც ბროკოლი დავთესე, უმეტესობა გაკვირვებული შეჰყურებდა ამ უცნაურთავიან მცენარეს. თუმცა უმთავრესი მიზეზი ბროკოლის შენახვის პირობებია, თუ ყვავილოვანი კომბოსტო უმაცივროდ 3 კვირას ძლებს, ბროკოლი 3 დღეში გაფუჭდება.

- თუმცა ჩვენს ბაზრებზე ბროკოლი მაინც უხვად არის, ზამთარშიც კი. - ეგ თურქული ბროკოლია. ჩვენს სათბურებში ბროკოლი მცირე რაოდენობით მოდის. მისი მოსავლიანობა 100 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 150 კილოგრამით განისაზღვრება. ასე რომ, მარტის დამდეგს ჩემს სათბურში ავჭერი ბროკოლის მცირე მოსავალი და სულ რამდენიმე კილოგრამი გავიტანე ახალციხის ბაზარზე გასაყიდად. კილოგრამი 4 ლარად გავყიდე, მაშინ როცა, თურქული ბროკოლი 5 ლარად იყიდება. იმდენად ცოტა ბროკოლი მომყავს სათბურში, რომ ამ ფასად გაყიდვაც მიღირს. ასე არიან სხვა მეურნეებიც. მაცივარი რომ გვქონდეს, ჩემს ეკოლოგიურად სუფთა ბროკოლის შევინახავდი, ჩვენც ვიხეირებდით და კლიენტიც.

სხვათა შორის, ზაფხულისთვის ჩვენს ბაზრებზე თურქული ბროკოლი ვეღარ აღწევს. ამ დროისთვის ჩვენს მეურნეებს ბროკოლი უკვე ღია გრუნტში მოჰყავთ და თურქულს კონკურენციას უწევს. ეს ჩვენს მეურნეებს სტიმულს აძლევს, -ბროკოლი ძვირად ღირებული პროდუქტია, მისი ჩაბარების ფასი არასოდეს ჩამოსულა 2 ლარზე დაბლა.

კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ამას გაითვალისწინებს და ბროკოლის მწარმოებლებს თანამედროვე ტექნიკით შეგვიწყობს ხელს.