ქვევრების რესტავრატორი
ქვევრების რესტავრატორი
დასაწებებლად იზოლირებულ ბეტონს ვიყენებთ, რომელიც ქვევრს გარედან ესმება. იზოლირებული ბეტონი თიხასთან რეაქციაში არ შედის. შიგნიდან შეიძლება ნატურალური სანთლის გამოყენება, ქვევრის მოსანთვლა. ამ პროცედურების შემდეგ სითხის გარეთ გამოსვლის შანსი არ არსებობს

ხელოსანი აბესალომი ირაკლი კვირიკაძის ფილმში ქვევრს წებოთი აწებებს.­ რამდენად რეალურია ამგვარი "აქიმობა"­, ამაზე პასუხი თელაველმა ივანე ბახბახა­შვ­ილმა­ იცის. ვარდისუბნელი ივანე ქვევ­რის­ რესტავრატორია - დაზიანებული ქვევრების შემკეთებელ-აღმდგენი.

- ოჯახში მარანი სულ გვქონდა და პატარაობიდანვე, 10-12 წლიდან, მამასთან ერთად 500-ლიტრიან ქვევრებს ვრეცხავდი...
ეს საქმე კი 5 წლის წინ დავიწყე. ჩვენი სოფელი კახეთში ოდითგანვე განთქმული იყო თიხითა და მექვევრეობით. ახლაც არიან დიდი ქვევრის სპეციალისტები. შემორჩენილია წინა თაობის ნამუშევრებიც, ჩვენ მათ ახალი მარნებისთვის ვამზადებთ, რესტავრაციას ვუკეთებთ.

გეოლოგი კი ვარ, მაგრამ პროფესიით არც მიმუშავია. შემოსავალი არ არის მთავარი, მიყვარს ეს
საქმე და მომწონს. ხალხშიც იღვიძებს ინტერესი, თუ ერთმანეთს დავეხმარებით, საქართველო ფეხზე წამოდგება: კაცი რომ მარანს მოუვლის, ღვინოს დააყენებს, ვაზს უპატრონებს, იმედი არის, რომ გადავრჩებით.

- რა აზიანებს ქვევრს?
- შესაძლოა გატყდეს, მაგრამ უმეტესად ნესტი, ობი და სოკო აზიანებს. ღრმა ნიადაგში სინესტე მეტია.
ქვევრისა და ღვინის შენახვისთვის სინესტე, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ როცა ქვევრი დაიცლება, თუ არ მივხედავთ, შესაძლოა დაგვიზიანდეს.

- დაცლილი ქვევრი უფრო ზიანდება?
- ღვინოს ქვევრი ინახავს და ქვევრს - ღვინო. ცალ-ცალკე უნდა ყურადღება და მიხედვა. ამიტომ ქვევრი ყოველთვის ღვინით სავსე უნდა გვქონდეს, რომ მეტად იყოს დაცული.

- როგორ უნდა მოვუაროთ?
- წვენი რომ ჩაიწურება, კახური წესით ქვევრში 6 თვეს აჩერებენ. ცხადია, იქ მთელი პროცესები მიმდინარეობს და დრო სჭირდება. გახსნის შემდეგ კონსერვაცია უნდა მოხდეს, ისე, რომ ჰაერმა ღვინო ძალიან არ დააზიანოს. ეს მეღვინეების საქმეა.


ქვევრი რომ დაიცლება, უნდა გამოევლოს წყალი და გაირეცხოს 2%-იანი ლიმონმჟავით. შემდეგ ლიმონმჟავაც უნდა მოსცილდეს, კირი წაესვას და კარგად გაშრეს. სითეთრე კარგად უნდა დაეტყოს, ხოლო, თუ სადმე ლაქები დააჩნდა, ესე იგი, ან მჟავა დარჩა, ან ის ადგილები კარგად ვერ გავხეხეთ. ამიტომ ხელახლა უნდა გაიხეხოს. ქვევრს ჰიგიენის დაუცველობაც აზიანებს, გატეხა და გაბზარვა კი ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს, განსაკუთრებით, თუ ქვევრი გრძელია და ღრმა. მოგეხსენებათ, ნიადაგში ფენები ძვრებს განიცდის და ქვევრის ყელზე მოქმედებს. ზემოდან ქვევრს ლამაზად რომ მოაბეტონ-მოაპირკეთებენ, ამით მთლიანად დაუკავშირებენ იატაკს, ანუ ქვევრს მასზე ყელით დაკიდებენ, ამ დროს ყელი ბეტონს უჭირავს და ქვევრიც იქ იწყებს ტყდომას, იმიტომ, რომ დანარჩენ ნაწილს, 2 მეტრზე დაბლა დაშვებულს, უკვე მიწა ძრავს. შესაძლოა ბზარი გრძივიც იყოს, გააჩნია, როგორ არის ჩაგდებული მიწაში. მაგალითად, გზის დაგებისას გარეთ რომ მძიმე ტექნიკამ გაიაროს, ზანზარის დროს მიწაში ქვევრი, მით უფრო დიდი და ცარიელი, ზრიალს იწყებს, რაც ამტვრევს და აზიანებს. მექვევრემ უნდა შეამოწმოს, აქვს თუ არა სადმე ბზარი. პროფესიონალს ეს არ გამოეპარება.

- ადვილია ქვევრის რესტავრაცია?
- ბზარები იკერება, შემიძლია გადავჭრა და გადავკერო ისე, რომ ღვინოს არ გაუშვებს. ისე კი დიდი მნიშვნელობა აქვს, ქვევრის დამზადებისას თიხა როგორ მოიზილება და დამუშავდება.

- როცა დაზიანებულ ქვევრს ხედავთ, ალბათ, ნათელია, რა შეცდომაა ქვევრის გაკეთ­ებისას დაშვებული.
- კი, რა თქმა უნდა... მექვევრეობა იშვიათი ხელობაა. მაგალითად, ვარდისუბანში, ჩემს სოფელში, რომელსაც მექვევრეობის დიდი ტრადიცია აქვს, ადრე თითქმის ყველა ოჯახი ქვევრს აკეთებდა. დღეს ამ საქმეს 3-4 თუ განაგრძობს, ამიტომ მათ მხარში ამოდგომა სჭირდებათ.
ადრე ქვევრი გლეხისთვის დიდი ფუფუნება იყო. ის ასწლეულების განმავლობაში დაიხვეწა როგორც დიზაინით, ისე გამოყენების თვალსაზრისით. ხალხმა იცოდა, როგორი ფორმა, ყელი, სიმრგვალე უნდა ჰქონოდა, გამძლე და მყარი რომ ყოფილიყო.

ამჟამად კახეთში ნაკლებად, დასავლეთში კი ქვევრის დამზადების უფრო ახალ ტექნოლოგიებს მისდევენ. ყელიც მაგარი აქვს, თუმცა ისეთებიც შემხვედრია, ყელი მრუდე რომ ჰქონდა. რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიხვეწეს და გადმოგვცეს, ჯობია, იმას მივყვეთ და ის ტრადიცია შევინახოთ.

- თქვენი სამუშაო სეზონურია?
- ზამთარში ძველი მარნების რესტავრაციას ვაკეთებ, გაზაფხულიდან კი ვიწყებ ქვევრების მოძიებას, მიწიდან ამოღებას. თვე-ნახევარი მარტო ამას ვუნდები,­ მერე კლიენტს რესტავრირებულ ქვევრებს ვუბრუნებ. მარნებსაც ვამონტაჟებ. ქვევრები ტრანსპორტით ჩემთანაც მოაქვთ და ჩვენც მივდივართ ადგილზე.

- ყველაზე დიდი ქვევრი, რომელიც სარესტავრაციოდ შეგხვედრიათ, რამდენი წლის იყო და რა ჰქონდა დაზიანებული?
- ახლა მაქვს 200 წლის ქვევრი, რომელზეც მე და ჩემი მეგობარი ვმუშაობთ. მართლაც 200 წლამდეა, თუმცა წარწერა არსად აქვს. როგორც წესი, მექვევრეები შტამპს ქვევრის ყელზე უკეთებენ. ქვევრს ძირი მოამტვრიეს და ახლა მისი ტრანსპორტირება გვიწევს. შილდა-ყვარელში ყველაზე დიდი ქვევრი ეგ არის. მადლობა ღმერთს, რომ არ დაილეწა. ახლა ძირი უნდა დავუკეროთ და მერე წარმოვაჩინოთ როგორც უნიკალური განძი, რომელიც ისტორიამ შემოინახა. ვფიქრობ, კახეთში მასზე დიდი ქვევრი არც არის.

- ყველაზე პატარა ზომის ქვევრი რამხელაა?
- შეიძლება ათგრამიანიც კი გააკეთო, ფანტაზიაზეა დამოკიდებული. 10-ლიტრიანი საქართველოში ხშირი მოხმარების ჭურჭელი იყო. დიდი ქვევრი ბევრჯერ რომ არ გახსნა, ღვინოც რომ არ გაფუჭდეს, პატარა ქვევრს ამიტომ მოიხმარენ.

- კინოფილმ "ქვევრის" არ იყოს, გატეხილ ქვევრს წებოთი რომ აწებებენ... თქვენ რას იყენებთ მის გასამთელებლად?
- წებო არ შეიძლება... დასაწებებლად იზოლირებულ ბეტონს ვიყენებთ, რომელიც ქვევრს გარედან ესმება. იზოლირებული ბეტონი თიხასთან რეაქციაში არ შედის. შიგნიდან შეიძლება ნატურალური სანთლის გამოყენება, ქვევრის მოსანთვლა. ამ პროცედურების შემდეგ სითხის გარეთ გამოსვლის შანსი არ არსებობს.

- რას ურჩევთ მეღვინეობით დაინტერესებულებს?
- მარანში უპირველესად ჰიგიენა უნდა იყოს დაცული. როგორც მოგახსენეთ, ლიმონმჟავათი უნდა დამუშავდეს როგორც ქვევრი, ასევე მარანი, ნესტი და სოკო უნდა აღმოვფხვრათ. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს.
სერგო
31 მარტი 2019 20:06
რა იწვევს ქვევრში ღვინოზე ბკის გაჩენის? ეს თეთრი ფერის ბაკი ღვინის ბრალია, თუ ქვევრის?

რუბრიკის სხვა სიახლეები
15-07-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
15-07-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
15-07-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
15-07-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა